თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს პასუხობს, რომ ერთადერთი ფორმატი, სადაც მასთან სასაუბროდ შეიძლება დაჯდეს ერთი-ერთზე ტელევიზიის ეთერია.
მისი თქმით, კობახიძე ან ამ ფორმატს თანხმდება ან უბრალოდ მშიშარა.
„ეს მშიშარა 12 არა 32 და კიდევ მანამდე ხელს მოვუწერ მის პრემიერობაზე და ლეგიტიმაციაზე. ფორმატი არის ერთი – ერთი – ერთზე ტელევიზიაში, ლოგიკური არჩევანია საზმაუ. სულ ეს არის. ან მოდის ან უბრალოდ მშიშარაა.
უფრო გასაგები და ნათელი რომ იყოს:
1. მე მზად ვარ დებატებისთვის ქართული ოცნების ლიდერ კობახიძესთან;
2. მზად ვარ დებატებისთვის ტელევიზიაში, რადგან ტელევიზიაა დებატების ადგილი.
3. კონფერენცია, მრგვალი-მაგიდის დისკუსიების და სხვა არ არის დებატები;
4. ნებისმიერ სხვა ადგილი გარდა ტელევიზიისა არ არის დებატები;
5. პატივისცემით დადასტურებით პაპუნასთან, რადგან ჩვენ ორმა გამოვთქვით მზადყოფნა, თუ უნდა ორნი მოვიდნენ.
მოკლედ თუ მას წარმოუდგენია, რომ ახლა კანცელარიაში დაგვიბარებს 10-12 ადამიანის ისტორიული დისკუსიისთვის, ამისთვის ბევრი ხელის ბიჭი ჰყავს და იმათ ედისკუსიოს მრგვალ მაგიდასთან ჩაის ჭიქით ხელში“, – წერს თინა ხიდაშელი Facebook-ზე.
საქართველოში მიმდინარე მასშტაბური პროტესტის ფონზე, „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძე საჯარო დისკუსიას სთავაზობს იმ ადამიანებს, რომლებიც აპროტესტებენ პარტიის გადაწყვეტილებას ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებაზე.
„ვთავაზობთ მათ, ათამდე თანამოაზრესთან ერთად, ხვალ მობრძანდნენ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში, რათა გავმართოთ საჯარო დისკუსია პირდაპირი ეთერის ფორმატში“, – აცხადებს კობახიძე.
კობახიძესთან საჯარო დისკუსიაზე მზაობა გამოთქვეს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ და თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა. თუმცა ისინი კობახიძის შეთავაზებულ ფორმატს არ ეთანხმებიან.
„მზად ვარ გავმართო საჯარო დისკუსია მასთან საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში. პირველი არხი საქართველოს მთავრობა
პ.ს. ყოველგვარი მანიპულაციის და ინტერპრეტაციის გამოსარიცხად, აღვნიშნავ რომ ნებისმიერი ჯგუფური შეხვედრა არ არის მისაღები“, – აცხადებს მიხეილ ჯანელიძე.