WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

ოპოზიციურმა პარტიამ „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ (ენმ) 5 აგვისტოს მე-13 ყრილობა გამართა, სადაც დროებითი „მმართველი საბჭო“ და მის ხელმძღვანელად ირაკლი ფავლენიშვილი აირჩია. ეს უკანასკნელი პარტიას ექვსი თვის განმავლობაში, ახალი მუდმივი თავმჯდომარის არჩევამდე, უხელმძღვანელებს. ამასთან, შეიქმნება „რეფორმატორთა საბჭო“, რომელიც ენმ-ისგან დამოუკიდებელად იმუშავებს და პარტიას მისი მომავალი მიმართულების შესახებ რეკომენდაციებს მისცემს.

ყრილობა ენმ-ის ხელმძღვანელობის, მათ შორის თავმჯდომარის თინათინ ბოკუჩავას მანდატის ვადის ამოწურვიდან ერთი თვის შემდეგ გაიმართა. „მმართველი საბჭო“, რომელიც თავდაპირველად ცხრა წევრისგან უნდა შემდგარიყო, რვა წევრით ჩამოყალიბდა მას შემდეგ, რაც ბოკუჩავამ უარი თქვა გაწევრიანებაზე, თუმცა გადაწყვიტა ენმ-ის პოლიტიკურ საბჭოში დარჩენილიყო. მმართველი საბჭოს წევრები არიან ირაკლი ფავლენიშვილი, პეტრე ცისკარიშვილი, ანი წითლიძე, გიორგი ჩალაძე, ლაშა ფარულავა, გიორგი ბოტკოველი, ლევან ბეჟაშვილი და ირაკლი ნადირაძე.

იმავდროულად, „რეფორმატორთა საბჭოს“, რომელიც ჯერ არ ჩამოყალიბებულა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დამფუძნებელი და პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უხელმძღვანელებს, ხოლო ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი მისი გენერალური მდივანი იქნება. ამის შესახებ სააკაშვილმა ყრილობამდე ერთი დღით ადრე განაცხადა. საბჭოში არაპარტიული ფიგურებიც შევლენ, ხოლო მისი სამომავლო რეკომენდაციები, სავარაუდოდ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის“ სავალდებულო იქნება.

„ბრწყინვალედ ჩატარდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა“, – დაწერა სააკაშვილმა „ფეისბუქზე“ ყრილობის შემდეგ. „უმაგრესმა ხალხმა მოიყარა თავი“. მან ასევე აღნიშნა, რომ ბოკუჩავამ „ძალიან სწორი პოზიცია დაიჭირა“ და მადლობა გადაუხადა მას ბოლო ორი წლის განმავლობაში პარტიის თავმჯდომარედ მუშაობისთვის.

„ახლა ჯერი არის ჩვენს ახალგაზრდებზე, ჩვენს გამოცდილ მებრძოლებზე, ნანუკაზე და რეფორმატორთა საბჭოზე. ვამაყობ ჩვენი თანამებრძოლებით და ვემზადებით დიდი ბრძოლებისთვის. ძალა ერთობაშია!“, – დასძინა მან.

This post is also available in: English