ეროვნული ბანკი სესხის გაცემის რეგულაციებს ამკაცრებს და ეტაპობრივად გაზრდის შემოსავლის იმ ზღვარს, რომელზეც სესხის მომსახურების კოეფიციენტის (PTI) 25%-იანი შეზღუდვა ვრცელდებოდა.
კერძოდ, თუ აქამდე სესხის მომსახურების კოეფიციენტის 25%-იანი მოთხოვნა 1500 ლარამდე შემოსავლის მქონე პირებზე ვრცელდებოდა, ეს ზღვარი 2027 წლის 1 თებერვლიდან 2000 ლარამდე, ხოლო 2027 წლის 1 სექტემბრიდან 2500 ლარამდე გაიზრდება.
მაგალითად, მას შემდეგ, რაც 2 000-ლარიანი ზღვარი ძალაში შევა, მსესხებელს, რომლის ყოველთვიური შემოსავალიც 2 000 ლარს შეადგენს, სესხთან დაკავშირებული ყოველთვიური ვალდებულებების დასაფარად შეუძლია გამოიყენოს 500 ლარამდე თანხა, რაც მისი შემოსავლის 25%-ს შეადგენს.
30 სექტემბერს მიღებული გადაწყვეტილების განმარტებისას, ეროვნულმა ბანკმა აღნიშნა, რომ სესხის მომსახურების კოეფიციენტის ზღვრების თავდაპირველი შეფასება 2017 წლის სტატისტიკურ მონაცემებს ეყრდნობოდა, რომელიც 2022 წელს „რიგი ეკონომიკური ნომინალური მაჩვენებლების ზრდის“ ფონზე განახლდა.
„მიმდინარე ეტაპზე კვლავ დადგა აღნიშნული კოეფიციენტის ზღვრების რეკალიბრაციის საჭიროება“, – განაცხადა ბანკმა და დასძინა, რომ ბოლო წლებში მაღალი ეკონომიკური ზრდის პარალელურად, „მნიშვნელოვნად გაიზარდა ხელფასები და სხვა ნომინალური მაჩვენებლები“.
შედეგად, „არსებული ფიქსირებული ზღვრები სათანადოდ ვეღარ ასახავს მსესხებლების შემოსავლების მიმდინარე განაწილებასა და ვალის ტვირთს“, აღნიშნა ბანკმა.
ბანკის თქმით, PTI-ის ზღვრების უცვლელად შენარჩუნების შემთხვევაში, „მსესხებლების ერთი შემოსავლის კატეგორიიდან მეორეში გადასვლა შესაძლოა ძირითადად ნომინალური შემოსავლების ზრდით იყოს განპირობებული და არა მათი რეალური გადახდისუნარიანობისა თუ რისკის პროფილის არსებითი ცვლილებით“.
შესაბამისად, „ზღვრების განახლება მიზნად ისახავს PTI-ის ჩარჩოს მიმდინარე ეკონომიკურ გარემოსთან შესაბამისობაში მოყვანასა და მაკროპრუდენციული პოლიტიკის თავდაპირველი პოზიციის შენარჩუნებას“, განაცხადა ბანკმა და დასძინა, რომ აღნიშნული ცვლილების მკვეთრი ერთჯერადი ზემოქმედების თავიდან აცილებისა და ეფექტის დროში გადანაწილების მიზნით, სესხის მომსახურების კოეფიციენტის ზღვარი ეტაპობრივად გაიზრდება.
„კერძოდ, თუ აქამდე სესხის მომსახურების კოეფიციენტის 25%-იანი მოთხოვნა 1500 ლარამდე შემოსავლის მქონე პირებზე ვრცელდებოდა, ეს ზღვარი 2027 წლის 1 თებერვლიდან 2000 ლარამდე, ხოლო 2027 წლის 1 სექტემბრიდან 2500 ლარამდე გაიზრდება“, – განაცხადა ბანკმა.
მისი თქმით, აღნიშნული ცვლილება „ხელს უწყობს მსესხებლების ჭარბვალიანობის რისკების შერბილებასა და ფინანსური სისტემის მდგრადობას“.
ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის უფროსმა დავით უტიაშვილმა განაცხადა, რომ ამ დრომდე არსებული მიდგომა 2018 წლიდან მოქმედებს, როდესაც „საშუალო ხელფასი 1 000 ლარამდე იყო, 1 000 ლარზე ნაკლები შემოსავლის მქონე პირებისთვის სესხის მომსახურების მაქსიმალური ზღვარი 25%-ით, ხოლო 1 000 ლარზე მეტი შემოსავლის შემთხვევაში 50%-ით განისაზღვრა“.
მისი თქმით, 2022 წელს შემოსავლის ზრდასთან ერთად შესაბამისი ზღვარი 1 000-დან 1 500 ლარამდე გაიზარდა.
„საშუალო ხელფასი უახლოვდება 2 500 ლარს და ვფიქრობთ დროა, არსებული ზღვარი 1 500 ლარიდან 2 500 ლარამდე ავწიოთ“, – განაცხადა უტიაშვილმა.
„ჩვენი მიზანია, დაბალშემოსავლიან მოსახლეობას არ დააწვეს იმაზე მეტი ვალის ტვირთი, რომლის მომსახურებაც ფინანსური სირთულეების გარეშე შეძლებენ, მათ შორის, სტრესის დროს“, – დასძინა მან.
„საქსტატის“ მონაცემებით, 2026 წლის მეორე კვარტლის მდგომარეობით, საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 2 389,3 ლარს შეადგენს (გადასახადების დაქვითვამდე).
ეროვნულმა ბანკმა ასევე განაცხადა, რომ ის „განაგრძობს ქვეყნის ფინანსური სტაბილურობის მუდმივ მონიტორინგს, საშინაო და საგარეო რისკების შეფასებას და შესაძლო რისკების მინიმიზაციისთვის მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს საჭიროებისამებრ გამოიყენებს“.
ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის მორიგი სხდომა 2026 წლის 25 ნოემბერს გაიმართება.
This post is also available in:
civil ახალი ამბები