ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად, 8%-ზე დატოვა

3 weeks ago 3

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 12 მარტის სხდომაზე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის უცვლელად, 8%-ზე დატოვების გადაწყვეტილება მიიღო და განაცხადა, რომ ინფლაცია მიზნობრივ 3%-ზე დაბლა ნარჩუნდება.

2025 წლის თებერვალში ფასების საერთო დონე წლიურად 2.4%-ით გაიზარდა, საბაზო ინფლაცია კი 2%-ს გაუტოლდა. ადგილობრივად წარმოებული საქონლისა და მომსახურების ინფლაცია, რომელიც, ბანკის თქმით, ყველაზე უკეთ ასახავს გრძელვადიან ინფლაციურ მოლოდინებს, თებერვალში 3%-ს შეადგენს.

ეროვნული ბანკი მოსალოდნელზე ძლიერი ეკონომიკური აქტივობის შესახებ იტყობინება. წინასწარი მონაცემებით, 2025 წლის იანვარში 11.1%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ბანკმა ხაზი გაუსვა ძლიერ მოთხოვნას, მაღალ ეკონომიკურ პოტენციალს და ბიზნეს სესხების როლს ზრდის ხელშეწყობაში.

ცენტრალურმა ბანკმა ორი შესაძლო რისკის სცენარი გამოყო. მაღალი ინფლაციის სცენარი, რომელიც გამოწვეულია გლობალური გაურკვევლობითა და სატარიფო პოლიტიკით, რაც, თავის მხრივ, მიწოდების ჯაჭვების გაუარესებისა და გლობალურად მაღალინფლაციური გარემოს ჩამოყალიბების რისკებს აძლიერებს. მეორე მხრივ კი დაბალინფლაციური რისკების სცენარი, რომელიც გამოწვეულია დოლარის ინდექსის გლობალურად დასუსტებით. „ამ ტენდენციების ფონზე, გამყარებული გაცვლითი კურსი, იმპორტირებული პროდუქტების ინფლაციის გზით, მთლიან ინფლაციაზე შემცირების მიმართულებით იმოქმედებს“, – აცხადებს ბანკი.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2025 წლის 7 მაისს ჩატარდება.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური)

სრულად წაკითხვა