„ეს დროსთან რბოლაა და ჩვენ მის მოგებას ვაპირებთ“ | EU-მოლდოვის სამიტის შედეგები

1 hour ago 2

მოლდოვამ განვითარების გეგმით გათვალისწინებული რეფორმების 93% დაასრულა, — განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრიუსელში, ევროკავშირ-მოლდოვის სამიტზე.

ეს არის ევროკავშირ-მოლდოვას მეორე სამიტი, რომელსაც, ერთი კვირით ადრე, გაწევრიანების მოლაპარაკებების პირველი კლასტერის გახსნა უძღოდა წინ.

მოლდოვის განვითარების გეგმა 2025–2027 წლებისთვის, რომელიც რეფორმების კვალდაკვალ 1.9 მილიარდი ევროთი მხარდაჭერას ითვალისწინებს, ევროკავშირის მიერ მოლდოვისთვის ოდესმე გამოყოფილი ყველაზე დიდი ფინანსური დახმარების პაკეტია. დღემდე, ამ მექანიზმის ფარგლებში, კიშინიოვისთვის ხელმისაწვდომია 504 მილიონი ევრო. თუ მოლდოვა წლის ბოლომდე დაგეგმილ ყველა რეფორმას განახორციელებს, კიდევ 523 მილიონი ევრო გამოიყოფა.

მაგალითად, დღევანდელ სამიტზე გამოცხადდა, რომ განვითარების გეგმის ფარგლებში, მხარდაჭერილია 232.7 მილიონი ევროს ოდენობის ახალი ინვესტიცია პორუმბრეი-კომრატის გზის რეაბილიტაციისთვის.

უსაფრთხოებისა და თავდაცვის თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებით, 11 მილიონი ევრო ახალი დახმარება გამოიყო მოლდოვის მდგრადობის გასაძლიერებლად ჰიბრიდული თავდასხმების მიმართ, ხოლო 17 მილიონი ევროს ინვესტიცია სასაზღვრო ინფრასტრუქტურაში განხორციელდება.

„მოლდოვა უახლოვდება ევროკავშირს და მოლდოველი მოქალაქეები და ბიზნესი უკვე გრძნობენ სარგებელს. განვითარების გეგმა ერთიანი ბაზრისკენ თქვენი ეტაპობრივი ინტეგრაციის ცენტრშია. პრინციპი მარტივია: რეფორმებს მოლდოვა ჩვენს ერთიან ბაზართან მიჰყავს, ქმნის თანაბარ პირობებს და ამ რეფორმებთან ერთად მოდის მნიშვნელოვანი ევროპული ინვესტიციები“, — განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

ეტაპობრივი ინტეგრაცია

ევროკავშირ-მოლდოვის სამიტზე მიღებულ ერთობლივ დეკლარაციით მხარეები შეთანხმდნენ, გაგრძელდეს მოლდოვის ეტაპობრივი ინტეგრაცია ევროკავშირის შიდა ბაზარზე საკვანძო სექტორების მიხედვით და ხელი შეეწყოს კიშინიოვის მონაწილეობას ევროკავშირის პოლიტიკასა და პროგრამებში უკვე გაწევრიანების პროცესში.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში, მოლდოვა გაწევრიანდა ერთიანი ევრო გადახდების სივრცეში (SEPA), რაც ხელს უწყობს უფრო იაფ და სწრაფ გადარიცხვებს. ჩაერთო ევროკავშირის „როუმინგი, როგორც სახლში“ სქემაში, შედეგად მოლდოვის მოქალაქეები როუმინგის გადასახადისგან გათავისუფლდნენ. დამკვირვებლის სტატუსით გაწევრიანდა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ევროპულ ქსელსა (EAC) და დანაშაულის პრევენციის ევროპულ ქსელში (EUCPN). თანამშრომელი ქვეყნის სტატუსის მიენიჭა ევროპის გარემოს დაცვის სააგენტოში.

2027 წელს იგეგმება მოლდოვის სრული წევრობა Erasmus+ პროგრამაში და DiscoverEU-ს სარკინიგზო ბილეთების შეღავათების გავრცელება ახალგაზრდა მოლდოველებზე.

სამიტზე მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ განაცხადა, რომ ეს ნამდვილი შესაძლებლობების მომენტია, როგორიც იშვიათად დგება.

„მოლდოვის მომავალი ევროკავშირშია… ჩვენი მოქალაქეებისგან გვაქვს მკაფიო მანდატი, გვაქვს რეფორმების ტემპი და ევროპულ დედაქალაქებში აღიარებულია, რომ გაფართოება საუკეთესო ინვესტიციაა ევროკავშირის უსაფრთხოებაში. ასეთი შესაძლებლობის ფანჯრები იღება და იხურება. ჩვენი ფანჯარა ახლა ღიაა. ეს არის რბოლა დროის წინააღმდეგ და ჩვენ მასში გამარჯვებას ვაპირებთ. ჩვენ ვითხოვთ ერთ რამეს — დამსახურებაზე დაფუძნებულ პროცესს. მზად ვართ დაუყოვნებლივ გავხსნათ ყველა დარჩენილი კლასტერი და კომისიაც და საბჭოც ადასტურებენ, რომ მზად ვართ. დაგვეხმარეთ ამ მომენტის მაქსიმალურად გამოყენებაში. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას სრული პასუხისმგებლობით ჩვენი მოქალაქეების წინაშე, რომლებიც იმსახურებენ მშვიდობასა და კეთილდღეობას ევროპულ ოჯახში“, — თქვა მაია სანდუმ.

უკრაინის და მოლდოვის გზები გაიყოფა?

მოლდოვის და უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები პირველი კლასტერის მიხედვით 15 ივნისს გაიხსნა. ევროკომისია აცხადებს, რომ ტექნიკურად, ყველა კლასტერის გახსნისთვის მზადაა, თუმცა გადაწყვეტილება 27-ვე წევრის სახელმწიფოს თანხმობას საჭიროებს. თუ გავითვალისწინებთ, რომ უკრაინას გზად მეტი წინააღმდეგობა ხვდება, შესაძლოა, მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებები, უფრო სწრაფი ტემპით განვითარდეს, თუმცა ეს ავტომატურად არ ნიშნავს, რომ გაფართოების შესახებ ევროკავშირის საბოლოო პოლიტიკური გადაწყვეტილება უკრაინისთვის და მოლდოვისთვის განსხვავებული იქნება.

კითხვაზე, დარჩენილი ხუთი კლასტერიც უკრაინასთან ტანდემში გაიხსნება თუ არა ან ამის შემდეგ გადავლენ თუ არა კიშინოვი და კიევი სხვადასხვა გზაზე, სხვადასხვა ვადებით, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა უპასუხა:

„მას შემდეგ, რაც პირველი კლასტერი იხსნება, ყოველი კანდიდატი ქვეყანა თავად არის პასუხისმგებელი საკუთარ თავზე, რადგან მათ სხვადასხვა რეფორმები აქვთ განსახორციელებელი. ამიტომ, აქ მხოლოდ მოლდოვაზე ვსაუბრობ. ვფიქრობ, დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესი ბევრად უფრო მეტს ნიშნავს მოლდოვისთვის, ვიდრე ტერმინი „რაც შეიძლება მალე“, რადგან „რაც შეიძლება მალე“ არაფერს ამბობს კონკრეტულს. ხოლო დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესი ძალიან ნათლად გეუბნებათ, რა არის გასაკეთებელი ჩვენი მეთოდოლოგიის საფუძველზე, რომელიც 27-ვე წევრმა ქვეყანამ დაამტკიცა. თუ ეს პროცესი არის საფუძველი, ეს ბევრად უკეთესია მოლდოვისთვის, რადგან მათ შეუძლიათ აჩვენონ შედეგი და ჩვენ შევასრულებთ ჩვენს დაპირებას“.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ანტონიუ კოშტამ, თავის მხრივ, თქვა, რომ თითოეულმა კანდიდატმა ქვეყანამ უნდა შეასრულოს გაწევრიანების ობიექტური და კონკრეტული კრიტერიუმები.

„ეს არ ნიშნავს, რომ მეტი დრო გვჭირდება. ეს დამოკიდებულია დინამიკაზე. მოლდოვის შემთხვევაში ვხედავთ, რომ შედეგებს ძალიან სწრაფად დებენ. თუ მოლდოვა იმავე გზას გააგრძელებს, ვვარაუდობ, რომ ამ პირველ კლასტერს სწრაფად დავასრულებთ და ევროკავშირი სწრაფადვე მისცემს შეფასებას მომდევნო კლასტერების გასახსნელად. დამსახურებაზე დაფუძნებული ნიშნავს, რომ ყველამ ერთი და იგივე კრიტერიუმი უნდა დააკმაყოფილოს. თუმცა ამ გაფართოებისას გეოპოლიტიკური კონტექსტიც უნდა გავითვალისწინოთ. წევრმა ქვეყნებმა უნდა გააცნობიერონ ამ საკითხის გადაუდებლობა. ეს არ ნიშნავს კრიტერიუმების დავიწყებას, ეს ნიშნავს, რომ ყველამ უფრო სწრაფად და ბევრად უფრო თავდაუზოგავად უნდა იმუშაოს, რათა წინ რაც შეიძლება მალე წავიდეთ“, — განაცხადა ანტონიუ კოშტამ.

სრულად წაკითხვა