WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

“ეს არის ახალ დონეზე გადასვლა, პრაქტიკულად [რუსეთსა და საქართველოს შორის] დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა”, – ასე ეხმაურება პრორუსი პოლიტიკოსი და ბიზნესმენი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებას, რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში სპეცწარმომადგენლად დანიშნოს გიორგი ზურაბიშვილი, რომელიც იმავდროულად იკავებს საგარეო საქმეთა მინისტრის 1-ლი მოადგილის პოსტს.

„პირადად არ ვიცნობ გიორგი ზურაბაშვილს. მაგრამ ჩვენ არაერთხელ გვითქვამს: დროა, საქართველომ დაიწყოს მოლაპარაკებები რუსეთთან”, – ამბობს ფიფია და აგრძელებს:

“სპეციალური წარმომადგენლები ადრეც ყოფილან. მაგრამ აქ არის ერთი მნიშვნელოვანი ნიუანსი: ზურაბაშვილი უბრალოდ პრემიერ-მინისტრის წარმომადგენლად კი არ დაინიშნა, ის ასევე ინარჩუნებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის პოსტს. ეს აძლევს მას შესაძლებლობას, გამართოს შეხვედრები უმაღლეს დონეზე — მიხეილ გალუზინთან და სერგეი ლავროვთან. სწორედ ამიტომ ვანიჭებ ასეთ მნიშვნელობას ამ დანიშვნას. ეს არის ახალ დონეზე გადასვლა, პრაქტიკულად დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა. ვიმედოვნებთ, რომ ახლა იქნება ვიზიტები როგორც მოსკოვში, ისე თბილისში. კარგია, რომ თბილისმა ეს ნაბიჯი გადადგა. სწორედ ეს სურს ქართველ ხალხს და სწორედ ამისკენ მოვუწოდებდით ჩვენ მთელი ამ წლების განმავლობაში”, – განაცხადა ფიფიამ და დასძინა, რომ ურთიერთობებისთვის მოსკოვიც მზადაა.

“ნაბიჯი, რომელიც თბილისმა ახლახან გადადგა, არის რეალური წინსვლა და შანსი დაახლოებისთვის. რუსული მხარე, თავის მხრივ, მზადაა. მისმა ოფიციალურმა წარმომადგენლებმა სხვადასხვა დონეზე არაერთხელ განაცხადეს მზადყოფნა შეხვედრებისთვის ნებისმიერ დონეზე და ნებისმიერ თემაზე. ბოლო სამი წლის განმავლობაში ამას სულ უფრო ხშირად ვისმენთ. ქართულ მხარეს უნდა გადაედგა ნაბიჯი და ახლა ეს უკვე გააკეთა. იმედი მაქვს, მალე ვიხილავთ პირდაპირი მოლაპარაკებების დაწყებას”, – აცხადებს ფიფია, რომელიც დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს მიერაა დასანქცირებული.

MIR-info-სთვის მიცემულ ინტერვიუში, ის ასევე აცხადებს, რომ “საქართველო და ამიერკავკასია რუსეთის გავლენის სფეროა”. და რომ თბილისმა მოსკოვთან, სოხუმთან და ცხინვალთან ერთად, ერთ “სამოკავშირეო სახელმწიფოში” უნდა იცხოვროს.

“დღეს ჩვენ უნდა გამოვიჩინოთ სიბრძნე და გავითვალისწინოთ რუსეთის ყველა ინტერესი რეგიონში. რუსეთი საქართველოს არავის დაუთმობს. ეს ჩვენმა მეზობლებმაც უნდა გაიგონ, რომლებიც შესაძლოა საკუთარ სტრატეგიულ გეგმებს ამუშავებდნენ და ტერიტორიული პრეტენზიები ჰქონდეთ საქართველოს მიმართ. ჩვენ მხარს ვუჭერთ პირდაპირ მოლაპარაკებებს — მოსკოვში, თბილისში, სოხუმსა და ცხინვალში — რათა გადაიჭრას გადაუჭრელი საკითხები, გავაერთიანოთ ჩვენი ხალხები და ვიცხოვროთ ერთ სახლში, ერთ სამოკავშირეო სახელმწიფოში”, – აცხადებს ფიფია.

ამავე თემაზე გირჩევთ

ვინ არის ზურაბ აბაშიძის შემცვლელი რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში

რა დგას რუსეთთან ურთიერთობების ახალი ფორმატის მიღმა?