მე ბოლოჯერ დავიჯერე სამართლიანობის, პოლიციას არ შევწინააღმდეგებივარ, გავყევი ჩვეულებრივ, ვიდეოშიც ჩანს. როდესაც გავცდით პარლამენტს და კამერებს, შემომცხეს ცხვირში. მომდიოდა სისხლი, არ გადავყავდი კლინიკაში. 2 დღე ვიყავი ხან პოლიციაში, ხან იზოლატორში, ვყვიროდი უკვე, რომ ექიმი მჭირდებოდა. დამცინოდნენ, რა გაყვირებსო… მანქანაში ვიჯექი საათებით, სასაცილო რაღაცეები ეწერათ ბრალდებაში, ხელს არ ვუწერდი, ეს ცუდად მყოფი ადამიანი მანქანაში ამომხუთეს… ძალიან ბევრი უსამართლო მოხდა და უსამართლობამ უფრო მატკინა გული, ვიდრე იმან, რაც მჭირს, ეს მართლა 1 პროცენტია ჩემთვის.
შეშინებას ცდილობდნენ, თუ გართობა უნდოდა და მაგიტომ მცემდა, არ ვიცი. რაღაც “მარშუტკაში” ჩაგვყარეს და იმ ამბავს აღარ გავაჟღერებ, მგონი, ყველამ იცის, სისხლდენისას, “ნასკი” რომ მომაწოდეს… 19 ადამიანი ვიყავით “მარშუტკაში”, ერთი ბიჭი ძალიან შემეცოდა, წინ იჯდა და კარის ყველა გაღებაზე ურტყამდნენ, სახე ამოულეწეს, გააღებდა ერთი კარს, ამ ბიჭს შემოარტყამდა, გააღებდა მეორე – ისიც. სიტყვებიც როგორი ჰქონდათ… ეს იყო პატარა ადამიანების საქციელი. შეშინება არ გამოუვიდათ და თავის თავის ჭიას თუ იხარებდნენ, არ ვიცი.
იზოლატორი არის დასანახად, აი, არის კარგი სიტუაცია, თავზე ხელს გადაგისვამენ და ჯიგარი ტიპები არიან, მე მომატყუეს დარეკვასთან დაკავშირებით, მითხრეს, რომ პოლიციის განყოფილებიდან არა და იზოლატორიდან დამარეკინებდნენ, მივედი იზოლატორში და მითხრეს, რომ აქ კი არა, იქედან უნდა დამერეკა. ვუთხარი, რომ სანამ არ გავარკვევდი რატომ მატყუებენ და რომელი, არც სურათს გადავიღებდი და არც ხელს მოვუწერდი, რადგან ვერ ვხვდები ჩემი უფლება რა არის. როდესაც ეს გაიგონეს, ატყდა დიდი ამბავი.
ძალიან დიდი რიგი იყო იზოლატორში, იზოლატორში შესვლაზეც კი ახლობლობა იყო, ხალხო, დარეკეს, ეს ანთია პირველი უნდა შეუშვაო პოლიციელებმა დაცხეს ერთმანეთს რას ქვია პირველი, 4 დღეა აქ ვდგევარ, არ გამომიცვლიაო, ერთმანეთს ლანძღავდნენ, ის რატომ არ მუშაობს სწრაფად და… ერთი პოლიციელი შემეცოდა, შვილის დაბადების დღე ჰქონდა, ცუდად იყო თან… უნდოდათ მალე შევეყვანე და დაიწყეს ჩემი დაშინება. ტანსაცმელი გამახდევინეს, “ჩაიკუზე”, ადექი… ვუყურებდი გულგრილად… მემუქრებოდნენ იმით, რომ 2 დღე დამაგდებდნენ ბორკილებით და ტუალეტშიც ვერ გავიდოდი… შემიშვეს ბოლოს ურეგისტრაციოდ, რაში ჭირდებოდათ ეს ამბავი, თუ შეეძლოთ შევეშვი ისე, არ ვიცი.
გულწრფელად, ნაწყენი ვარ, მივედი ადამიანი იმისთვის, რომ შემეხედა… ტელევიზორს ვერ ვაქცევ ყურადღებას, იმდენი საქმე მაქვს, მცირე ბიზნესი მაქვს ჩემი და სულ მუშაობაში ვარ, როგორ გავწორდე წელში, ვერ ვაქცევდი ამის გამო ყურადღებას, მივედი სანახავად, როგორი სიტუაცია იყო, ვფიქრობდი, სანამ ლილოში წავალ, მივალ, ვნახავ, ვინ იტყუება, ვინ ძალადბს, ვისი პრიოვოკაციაა. ამას შევეწირე უსამართლოდ.
ეს ნეიტრალური ადამიანი ჩამაყენეს იმ მდგომარეობაში, რომ ბოლომდე ვიბრძოლებ ეს უსამართლობა აღარავის შეეხოს, მოწყობილ ქვეყანაში ვიცხოვრო. აი, მაგის სადარაჯოზე ჩამაყენეს და ახლა ბიზნესმა უკან გადაიწია და ჯერ მინდა ჩემს სამშობლოს მივხედო.