ეს უდროო ვიზიტი არ შეუწყობს ხელს კრიზისის მოგვარებას - ზურაბიშვილი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტზე

1 day ago 1

სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, პია კაუმას დაგეგმილი ვიზიტი არ შეუწყობს ხელს ქვეყანაში კრიზისის გადაჭრას.

„ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, პია კაუმას დაგეგმილი ვიზიტი საქართველოში აღაშფოთებს ქუჩებში მდგარ ხალხს, რომლებიც უკვე 40 ღამეა, აპროტესტებენ გაყალბებულ არჩევნებს და რუსეთისკენ შებრუნებას. ასეთი უდროო ვიზიტი არ დაეხმარება კრიზისის მოგვარებას. ეს მხოლოდ არჩევნებს შეუძლია!“ - წერს სალომე ზურაბიშვილი პლატფორმა X-ზე.

5 იანვარს ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატის წევრმა, რესპუბლიკელმა ჯო უილსონმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ პია კაუმას მოუწოდა, ამ ეტაპზე, უარი თქვას თბილისში ვიზიტზე.

სალომე ზურაბიშვილმა, - საქართველოს მე-5 პრეზიდენტმა, რომელიც არ ცნობს საქართველოს პარლამენტის და მე-6 პრეზიდენტის არჩევნების ლეგიტიმურობას, - ჯო უილსონის ეს განცხადებაც გააზიარა X-ზე და დაწერა:

„ამ წუხილს იზიარებს საქართველოს ყველა ევროპელი და ამერიკელი პარტნიორი, რომელიც ზრუნავს საქართველოში სტაბილურობაზე, დემოკრატიასა და ადამიანის უფლებებზე. სწორედ ეს უნდა იყოს თქვენი ერთადერთი მიზანი, ამის მისაღწევად ერთადერთი საშუალება კი არის ახალი არჩევნები ეუთოს რეკომენდაციების გამოყენებით“.

საქართველოს მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი, ოპოზიციური პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციები და საერთაშორისო პარტნიორების ნაწილი სწორედ სალომე ზურაბიშვილს ცნობს საქართველოს ხალხის ერთადერთ ლეგიტიმურ წარმომადგენლად.

საქართველოში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, პია კაუმას ვიზიტი 8-10 იანვარსაა დაგეგმილი.

პია კაუმას გადაწყვეტილება გააკრიტიკეს ლატვიელმა და ლიეტუველმა ევროპარლამენტარებმა რიჰარდს კოლსმა და რასა იუკნევიჩიენემ, გერმანიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ მიხაელ როთმა; ასევე, ამერიკელმა კონგრესმენმა, აშშ-ის „ჰელსინკის კომისიის“ თავმჯდომარე ჯო უილსონმა.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს ვიზიტის გადადებისკენ მოუწოდა ოთხმა ოპოზიციურმა გაერთიანებამაც, რომლებმაც 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში 5%-იანი ბარიერი გადალახეს, თუმცა არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ, არალეგიტიმურად აცხადებენ მე-11 მოწვევის პარლამენტს, „ქართული ოცნების" უმრავლესობის მიერ დაკომპლექტებულ მთავრობას და კოლეგიის მიერ პრეზიდენტად არჩეულ მიხეილ ყაველაშვილს და ახალ არჩევნებს მოითხოვენ.

„ქართული ოცნების“ პარლამენტის წევრი, ნინო წილოსანი X-ზე წერს, რომ პრეზიდენტ კაუმას ვიზიტი „კარგი შესაძლებლობა იქნება თანამშრომლობის ფორმატების განსახილველად“.

„ჩვენი მთავრობა რჩება დემოკრატიის წინსვლის ერთგული, როგორც ჩვენს ქვეყანაში, ისე გლობალურად“, - წერს იგი.

ოპოზიციურ პარტიებს მიაჩნიათ, რომ არსებობს რისკი, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ასეთი ვიზიტები „პროპაგანდისტული მიზნებისთვის“ გამოიყენოს იმ პირობებში, როდესაც მის ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით საერთაშორისო დონეზე არსებობს სერიოზული კითხვის ნიშნები.

ოპოზიციის მიერ ახალი არჩევნების მოთხოვნით 2024 წლის შემოდგომაზე დაწყებული აქციები გაძლიერდა და სამოქალაქო პროტესტის სახე მიიღო 28 ნოემბრიდან, - მას შემდეგ, რაც მთავრობამ გამოაცხადა, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკებების გახსნის საკითხს.

დემონსტრანტები ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე დაბრუნებასა და ახალ საპარლამენტო არჩევნებს მოითხოვენ, ასევე, დემონსტრაციების დროს და მასთან დაკავშირებით დაკავებულთა გათავისუფლებას.

საპროტესტო გამოსვლები, განსაკუთრებით პირველ დღეებში, საპოლიციო ძალებმა არაერთხელ დაშალეს სპეცსაშუალებების გამოყენებით. დააკავეს 500-ზე მეტი პირი, მათგან 40-მდე სისხლისსამართლებრივი ბრალდებებით. ფიზიკურად გაუსწორდნენ აქციის ათეულობით მონაწილეს. იძალადეს მედიის არაერთ წარმომადგენელზე, მათ შორის რადიო თავისუფლების რეპორტიორებზე.

საქართველოს შსს-ს მაღალჩინოსნებს და „ქართული ოცნების“ წარმომადგენელთა ნაწილს სავიზო და ეკონომიკური სანქციები დაუწესეს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, დიდმა ბრიტანეთმა და ევროკავშირის წევრმა ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა და გერმანიამ.

აშშ-მა სანქციები დაუწერა ბიძინა ივანიშვილს.

სრულად წაკითხვა