“ეს უკვე აღარ არის ტექნიკური პრობლემა – ეს არის საზოგადოებრივი საფრთხე” – ზაზა წერეთელი

3 weeks ago 7

საზოგადოებრივი ჯანმრთელობა თავისი არსით ეს არის სოციალური კონტრაქტი. მოქალაქეები იცვლიან თავიანთ ჩვევებს — არა იმიტომ, რომ ვიღაც ეუბნება, არამედ იმიტომ, რომ მათ ეძლევათ დროული, სანდო და გამჭვირვალე ინფორმაცია. სწორედ ამიტომ, ჯანმრთელობის ინსტიტუციების და მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ვებგვერდის ყოველდღიური განახლება, კი ერთი შეხედვით მხოლოდ ტექნიკური დეტალია, მაგრამ სინამდვილეში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია თანამედროვე მმართველობაში და მმართველობის უნარის ყოველდღიური დემონსტრირება.

ამ ქმედებამ განსაკუთრებული მნიშვნელობა პანდემიის შემდგომ შეიძინა, როდესაც მოსახლეობას სჭირდებოდა ყოველდღიური და ყოველ საათობრივი ინფორმაციის მიღება რათა ზუსტად ცოდნოდა როგორი იყო სიტუაცია და რა კეთდებოდა. როცა ინფორმაცია განახლებულია, მოქალაქე ხედავს, რომ სისტემა მუშაობს — რომ მათი მდგომარეობა ჩანს, იზომება და ფასდება. ყოველდღიური მონაცემი ამყარებს ნდობას და ამცირებს გაურკვევლობას.

მაგრამ როცა მონაცემი მოძველებულია — თუნდაც ერთი კვირით — იქ ჩნდება სიცარიელე, რომელსაც შევსების სურვილი ყოველთვის მოიძებნება. სწორედ ამ სიცარიელეში ჩნდებიან საჯარო ჯანდაცვის მოწინააღმდეგეები, რომლებიც მრავალდ არიან საქართველოშიც და ყოველდღიურად ახლა ახალ ვიდეო მიმართვებს აცხობენ. მათ არ სჭირდებათ მტკიცებულება — მათ სჭირდებათ მხოლოდ სიჩუმე. მათთვის ნებისმიერი დაუზუსტებელი ციფრი ხდება „დამამტკიცებელი საბუთი“, რომ სისტემა რაღაცას მალავს. რაც უფრო ნაკლებად განახლდება ვებგვერდი, მით უფრო მარტივია სიცრუის გავრცელება.

და ეს უკვე აღარ არის ტექნიკური პრობლემა — ეს არის საზოგადოებრივი საფრთხე. როცა მონაცემებს აღარ ენდობიან, საზოგადოება კარგავს ნდობას არა მხოლოდ უწყებების მიმართ, არამედ თავად მეცნიერების და სოლიდარული მოქმედების იდეის მიმართაც.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ვებგვერდი არ არის უბრალოდ საინფორმაციო გვერდი — ეს არის საზოგადოების ნერვული სისტემა. ყოველდღიური განახლება კი მისი ცოცხალი რეაგირების სიგნალია. რადგან თუ ხალხი მონაცემებს აღარ ენდობა, ისინი საბოლოოდ იმ სისტემის მიმართაც კარგავენ რწმენას, რომელიც მათ სიცოცხლეს იცავს.

სრულად წაკითხვა