ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მარგუს ცაჰკნას განცხადებით, ევროკავშირის საგარეო მინისტრების მომდევნო შეხვედრაზე საქართველოში შექმნილ ვითარებაზე მისაღებ საპასუხო ზომებს განიხილავენ.
მისი თქმით, ამ ზომებს შორის შეიძლება იყოს მაღალი თანამდებობის პირებისთვის ევროკავშირში მოგზაურობაზე შეზღუდვის დაწესება.
ამის შესახებ მან 3 დეკემბერს ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრისას ჟურნალისტებს განუცხადა.
„გულწრფელად ვიტყვი, რომ საქართველოს მთავრობამ და ამ პარტიამ [„ქართულმა ოცნებამ“] მოატყუეს ქართველი ხალხი და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ვერ ვხედავ, რომ არსებობს რეალური სურვილი ევროკავშირისკენ სვლის გაგრძელების, პირიქით. ევროკავშირმა ზაფხულში უკვე მიიღო გადაწყვეტილება ამ პროცესის შეჩერებაზე, ასევე დაფინანსების შეჩერებასთან დაკავშირებით.
შემდეგ საბჭოზე ვაპირებთ, განვიხილოთ საქართველოში არსებული სიტუაცია და ასევე, ის ზომები, თუ რისი მიღება შეუძლია ევროკავშირს. საუბარია ვიზალიბერალიზაციაზე, სავიზო აკრძალვებზე, მოგზაურობის შეზღუდვაზე მაღალი თანამდებობის პირებისთვის. ჩვენ უკვე შევაჩერეთ მთავრობის დაფინანსება. ძალიან არის. ასე რომ, აღარ მჯერა ამ ტყუილების“, – განაცხადა მარგუს ცაჰკნამ.
ევროკავშირის საგარეო მინისტრების მომდევნო შეხვედრა 16 დეკემბერსაა დაგეგმილი.