ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია (ეუთო) ღრმა შეშფოთებას გამოხატავს საქართველოში შექმნილი ვითარების გამო. ორგანიზაციაში ამბობენ, რომ აწუხებთ საქართველოს იმ მოქალაქეების მიმართ ჩადენილი ძალადობა, ვინც საკუთარი ფუნდამენტური უფლებებით სარგებლობს.
განცხადებას, რომელიც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ვებგვერდზე 16 დეკემბერს გამოქვეყნდა, ხელს აწერენ ასამბლეის დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ლუსი პოტუჩკოვა (ჩეხეთიდან) და კომიტეტის მომხსენებელი კარინა ოდებრინკი (შვედეთიდან).
„ღრმად ვართ შეშფოთებული არსებული ვითარებით იქიდან გამომდინარე, რომ არსებობს საქართველოს იმ მოქალაქეების მიმართ ჩადენილი ძალადობის ანგარიშები, ვინც საკუთარი ფუნდამენტური უფლებებით სარგებლობს. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, მიიღოს სასწრაფო ზომები სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და პოლიტიკური ოპოზიციის დევნის შეწყვეტის მიზნით", - ნათქვამია განცხადებაში.
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარულ საკითხთა კომიტეტის წევრები ხაზს უსვამენ ხელისუფლების მხრიდან დემონსტრანტებისადმი "არაპროპორციული" ძალის გამოყენების თაობაზე მიღებულ ანგარიშებს, მათ შორის - "ოპოზიციის ხმებისა და მედიის წარმომადგენელთა მიზანში ამოღებას".
წერილში ეუთო საქართველოს მთავრობას შეახსენებს: "ფუნდამენტური უფლებები დაცული უნდა იყოს საქართველოს კონსტიტუციისა და ეუთოს ვალდებულებების შესაბამისად, მათ შორისაა მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება, გაერთიანების თავისუფლება და გამოხატვის თავისუფლება. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა მოწოდებულია, მხარი დაუჭიროს ქართველი ხალხის დემოკრატიულ მისწრაფებებს, როგორც ამას ბუქარესტის დეკლარაციის შესაბამისი პუნქტები მიუთითებს".
წერილში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ საქართველოში მომიტინგეთა წინააღმდეგ "ჭარბი და განურჩეველი ძალის გამოყენება" მშვიდობიანი შეკრების უფლების "სერიოზულ დარღვევას წარმოადგენს". ამასთან, საქართველოს "მთავრობამ უნდა უზრუნველყოს სამართალდამცავების მხრიდან ამ ფუნდამენტური პრინციპების პატივისცემა, ისევე როგორც ნებისმიერი ისეთი ინციდენტისა და ბრალდების დაუყოვნებლივი და საფუძვლიანი გამოძიება, რომელიც ეხება ძალის გადამეტებას, ან დემონსტრანტების მიმართ არასათანადო ქმედებას, როგორც ამას საქართველოს სახალხო დამცველი ითხოვს".
დასასრულს, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარულ საკითხთა კომიტეტის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ იზიარებენ საქართველოში ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან და ე.წ. "უცხოეთის აგენტების" კანონთან დაკავშირებით ეუთოში არსებულ შეშფოთებებს. ისინი საქართველოს მთავრობას და ოპოზიციურ ძალებს "კონსტრუქციულ და ღია დიალოგში" ჩართვისკენ მოუწოდებენ.
საქართველოს ქალაქებში პროევროპული ანტისამთავრობო აქციები 28 ნოემბერს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადების შემდეგ დაიწყო. ამ დღეს, პრემიერმა მმართველი პარტია "ქართული ოცნების" გადაწყვეტილება გამოაცხადა, რომლის მიხედვითაც საქართველო შემდეგი 4 წელიწადი, 2028 წლამდე დღის წესრიგიდან მოხსნის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებს.
28 ნოემბრიდან მოყოლებული, სამართალდამცავებმა მასობრივ პროევროპულ აქციებზე და მათ მიღმა 400-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. ბევრი ამბობს, რომ ძალოვანი უწყებების წარმომადგენლები მათ ფიზიკურად გაუსწორდნენ. დაშავებულები არიან ჟურნალისტებიც, მათ შორის ზოგს სერიოზული სამედიცინო ჩარევა და ქირურგიული ოპერაცია დასჭირდა.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, მას არ უთქვამს, რომ ქვეყნის საგარეო კურსი იცვლება. პირიქით, მმართველი გუნდი ამტკიცებს, რომ განაგრძობს რეკომენდაციებისა და ვალდებულებების შესრულებას და ქვეყანა ევროკავშირის წევრი მაინც გახდება. ერთადერთი მიზეზი კი, რატომაც საქართველოს მმართველმა პარტიამ ეს გადაწყვეტილება მიიღო, ხელისუფლების წარმომადგენელთა განმარტებით, არის ის, რომ მათ სურდათ თავიდან აერიდებინათ ბრიუსელთან მოლაპარაკებების გახსნა-არგახსნის საკითხით შანტაჟი.