ეუთოს 38-მა ქვეყანამ საქართველოში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით ვენის (ადამიანური განზომილების) მექანიზმის გაააქტიურა.
38 ქვეყნის დელეგაცია ეუთოში საქართველოს მუდმივ წარმომადგენელს ალექსანდრე მაისურაძეს აცნობს ღრმა შეშფოთებას იმ მოვლენებთან დაკავშირებით, რაც საქართველოში 28 ნოემბრის შემდეგ განვითარდა. ისინი ხაზს უსვამენ, რომ 1991 წლის მოსკოვის დოკუმენტში ეუთოს მონაწილე სახელმწიფოები შეთანხმდნენ, რომ ადამიანური განზომილების სფეროში აღებული ვალდებულებები არის ყველა მონაწილე სახელმწიფოს პირდაპირი და ლეგიტიმური შეშფოთების საკითხი და არ ეკუთვნის მხოლოდ შესაბამისი სახელმწიფოს შიდა საქმეებს.
„ჩვენ გამოვთქვამთ სერიოზულ შეშფოთებას სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მიერ ჩადენილი ადამიანის უფლებების დარღვევის გამო და დაუდგენელი ჯგუფების მიერ მშვიდობიანი მომიტინგეების, ჟურნალისტების და გამვლელების მიმართ ძალადობის გამო, რაც სამართალდამცავი ორგანოების მიერ გამოუძიებელი დარჩა. სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა დამნაშავეების დაუსჯელობას ვხვდებით. გასულ წლებში საქართველოს ხელისუფლებას არ მიუღია საკმარისი ზომები მსხვერპლთათვის მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად ან ამგვარი ინციდენტების საფუძვლიანად გამოძიებისა და აღმოფხვრის მიზნით. ეს განგრძობადობა ხაზს უსვამს უფრო ძლიერი მექანიზმების საჭიროებას დაუსჯელობის თავიდან ასაცილებლად და სამართლიანობის უზრუნველსაყოფად“, — ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოს არადამაკმაყოფილებელი პასუხის გათვალისწინებით საერთაშორისო მოწოდებებზე, პატივი სცეს საქართველოში მშვიდობიანი შეკრების, გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებას საქართველოში და გაათავისუფლოს უკანონოდ დაკავებული დემონსტრანტები, ეუთოს 38 სახელმწიფო იყენებს ვენის (ადამიანური განზომილების) მექანიზმს და საერთაშორისო სამართლისა და ეუთოს ვალდებულებების შესაბამისად, ითხოვენ კონკრეტულ და არსებით პასუხებს შემდეგზე:
- რა ნაბიჯები გადადგა საქართველოს ხელისუფლებამ იმ ბრალდებების გამოსაძიებლად, რომ ირღვევა მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების უფლება, თვითნებურად აკავებდნენ მათ შორის იმ პირებს, რომლებიც არ მონაწილეობდნენ საპროტესტო აქციებში, და რომ პოლიცია მოქმედებდა იდენტიფიკაციის გარეშე?
- რა ნაბიჯები გადაიდგა წამებისა და სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის ბრალდების გამოსაძიებლად? გთხოვთ, დეტალურად აღწეროთ განხორციელებული ქმედებები, მათ შორის იმაზე, თუ რა ნაბიჯები გადაიდგა სრულყოფილი და დამოუკიდებელი გამოძიებისთვის?
- რა ნაბიჯები გადადგა ხელისუფლებამ დაუდგენელი ჯგუფების მიერ მშვიდობიანი მომიტინგეების, ჟურნალისტების, მედიის წამომადგენლებისა და დამკვირვებლების მიმართ ძალადობის შესახებ ბრალდებების გამოსაძიებლად, ასევე სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლების განზრახ უმოქმედობის საპასუხოდ?
- რა ნაბიჯები გადაიდგა სამოქალაქო საზოგადოების, ჟურნალისტებისა და მედია აქტორების შესაძლებლობის უზრუნველსაყოფად, საპროტესტო გამოსვლები თავისუფლად, რეპრესიების ან მათი პირადი ჯანმრთელობის საფრთხის გარეშე გააშუქონ?
- როგორი ჩართულობა არსებობდა ეუთოს ინსტიტუტებთან, განსაკუთრებით ODIHR-თან ამ ინსტიტუტების მიერ წამოჭრილ შეშფოთებაზე რეაგირებისთვის და ეუთოს ვალდებულებების შესრულებაში დასახმარებლად?
- რა ნაბიჯები გადაიდგა სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებისა და დაუდგენელი ჯგუფების მიერ ადამიანის უფლებების დარღვევის განმეორების თავიდან ასაცილებლად, ასევე სათანადო პროცედურების უზრუნველსაყოფად ძალადობის ჩამდენებისა და ორგანიზატორების პასუხისგებაში მიცემის მიზნით?
- რა ნაბიჯები გადაიდგა იმის უზრუნველსაყოფად, რომ გამოხატვის, მშვიდობიანი შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება განხორციელდეს რეპრესიების გარეშე, მათ შორის მარგინალიზებული ან სხვაგვარად დაუცველი მოსახლეობის წარმომადგენლების მიერ?
- რა ნაბიჯები გადაიდგა იმისთვის, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა და პოლიტიკოსებმა გააგრძელონ თავიანთი პოლიტიკური საქმიანობა მუქარისა და ძალადობის გარეშე? რა ზომებია მიღებული პოლიტიკური პლურალიზმისა და დემოკრატიული პრინციპების დასაცავად?
ხელმომწერი ქვეყნები ჩამოთვლილ კითხვებზე წერილობით პასუხს ათი დღის განმავლობაში ელიან.
ვენის მექანიზმი გააქტიურეს შემდეგმა სახელმწიფოებმა: ალბანეთი, ავსტრია, ბელგია, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ბულგარეთი, კანადა, ხორვატია, კვიპროსი, ჩეხეთი, დანია, ესტონეთი, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, ისლანდია, ირლანდია, იტალია, ლატვია, ლიხტენშტაინი, ლიტვა, ლუქსემბურგი, მონტენეგრო, ნიდერლანდები, ჩრდილოეთ მაკედონია, ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია, მოლდოვა, რუმინეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, ესპანეთი, შვედეთი, შვეიცარია, დიდი ბრიტანეთი, ამერიკის შეერთებული შტატები და უკრაინა.
ვენის მექანიზმი
ეუთოს ადამიანური განზომილების მექანიზმი არის იმ ვალდებულებების შესრულების მონიტორინგის ინსტრუმენტი, რომლებიც მონაწილე სახელმწიფოებმა ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის (ადამიანური განზომილება) სფეროში აიღეს. ადამიანური განზომილების მექანიზმი შედგება ორი ინსტრუმენტისგან: ვენის მექანიზმი (დაარსდა ვენის 1989 წლის დასკვნით დოკუმენტში) და მოსკოვის მექანიზმი (დაარსდა 1991 წელს მოსკოვში ადამიანის განზომილების კონფერენციის ბოლო შეხვედრაზე). ეს უკანასკნელი ავსებს და აძლიერებს ვენის მექანიზმს.
ვენის მექანიზმი საშუალებას აძლევს მონაწილე სახელმწიფოებს, დადგენილი პროცედურების მეშვეობით, დასვან კითხვები ეუთოს სხვა ქვეყნებში ადამიანური განზომილების ვითარებასთან დაკავშირებით. მოსკოვის მექანიზმი მონაწილე სახელმწიფოში დამატებით დამოუკიდებელი ექსპერტების მისიების გაგზავნის საშუალებას იძლევა.
ოთხმა ოპოზიციურმა პარტიამ — „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველო“, „ნაციონალური მოძრაობა“ და „გახარია – საქართველოსთვის“ — 19 დეკემბერს განაცხადეს, რომ ეუთო/ოდირის სახელზე ერთობლივი წერილი მოამზადეს, სადაც „მოსკოვის მექანიზმის“ ამოქმედებას ითხოვდნენ.
ამ თემაზე:
16 ქვეყანა გმობს „ოცნების“ ძალადობას მშვიდობიან მომიტინგეებზე