ეუთოც ჩართეს პროცესში, რომლის მიზანი საქართველოში ხელისუფლების შეცვლაა – კობახიძე

2 hours ago 3

ივანიშვილის პრემიერი, ირაკლი კობახიძე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მიერ საქართველოს შესახებ მიღებულ კრიტიკულ რეზოლუციას კიდევ ერთხელ გამოეხმაურა.

“მინდა, კიდევ ერთხელ გამოვეხმაურო ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციას. არსებობს ცნობილი გამონათქვამი: რასაც პეტრე ამბობს პავლეზე, პეტრეზე მეტს ამბობს, ვიდრე პავლეზე – ეს გამონათქვამი რამდენიმე დღის წინ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ აბსურდულ რეზოლუციას საუკეთესოდ აფასებს.

არაფორმალური ოლიგარქიული გავლენებით მოქმედი სხვა ევროპული ინსტიტუტების მსგავსად, უკვე ეუთო-ც ღიად ჩართეს პროცესში, რომლის მიზანი უსამართლო და სამარცხვინო ბრალდებებით, სანქციებითა და ზეწოლისა თუ შანტაჟის სხვა ბერკეტების გამოყენებით, საქართველოში ხელისუფლების შეცვლა და მისი “დიფსთეითის” მორჩილი აგენტურით ჩანაცვლებაა”. – თქვა კობახიძემ.

რა წერია ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ჰააგის დეკლარაციაში საქართველოს შესახებ
შეგახსენებთ, 8 ივლისს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია მიიღო.

რეზოლუცია საქართველოს ხელისუფლებას ყველა პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს. დოკუმენტი ასევე ითხოვს სამოქალაქო თავისუფლებების შემზღუდავი კანონების გაუქმებას და მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას, არ ცნოს ისეთი არჩევნების შედეგები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაყოფილებს.

რეზოლუცია – “საქართველოში არჩევნების კეთილსინდისიერებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვის შესახებ” – ჰააგის დეკლარაციის ნაწილი გახდა. ეს არის ასამბლეის 33-ე ყოველწლიური სესიის დასკვნითი დოკუმენტი, რომელიც 4-8 ივლისს ნიდერლანდებში გაიმართა. სესიას ქართული ოცნების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, რომლებმაც ასამბლეის სამუშაო პროცესი რეზოლუციის მიმართ პროტესტის ნიშნით დატოვეს.

სრულად წაკითხვა