ექსპერტები ე.წ “აგენტების კანონზე”- სანქციები რეალურია, თუ კანონს არ გაიწვევენ

2 weeks ago 18

საქართველოს პარლამენტმა “უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტს მხარი მეორე მოსმენითაც დაუჭირა. ამ ფონზე, საქართველოს დასავლელი პარტნიორები აგრძელებენ “ქართული ოცნების” მთავრობისთვის მოწოდებებს იმასთან დაკავშირებით, რომ ეს კანოპროექტი ქვეყანას არასწორ გზაზე აყენებს და ის ქართველი ხალხის ნების შესაბამისად უკან გაიწვიონ.

სახელმწიფო დეპარტამენტმა, როგორც გასულ დღეებში, ისე მიმდინარე კვირას ამ კანონპროექტს “კრემლის მიერ შთაგონებული” უწოდა. ამერიკის ელჩმა საქართველოში რობინ დანიგანმა კი განაცხადა: "მე ღრმად ვარ შეშფოთებული, რომ ბოლო კვირების განმავლობაში საქართველოს მთავრობის არჩევანმა ქვეყანა დააშორა ევროატლანტიკურ მომავალს, მიზანს, რომლის მიღწევაც ქართველების უდიდეს უმრავლესობას სურს. სამწუხაროდ, მმართველ პარტიას, როგორც ჩანს, მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი მიიღოს კანონი, რომლის შესახებაც ევროკავშირმა ნათლად განაცხადა, რომ შეუთავსებელია საქართველოს ევროკავშირის მისწრაფებებთან”.

ამასთან ერთად, კანონპროექტის ხელახლა ინიცირებიდან მალევე, 14-მა ამერიკელმა სენატორმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს წერილი მისწერა, სადაც ნათქვამი იყო, რომ ე.წ “აგენტების კანონის” მიღება ამერიკის მხრიდან საქართველოსადმი პოლიტიკის ცვლილებას გამოიწვევს.

ექსპერტები ვაშინგტონში ამბობენ, რომ ამერიკის კონგრესის მუქარა რეალურია და საქართველოს მთავრობა ძალიან ფრთხილად უნდა იყოს. ვაშინგტონში ამბობენ, რომ დროა, საქართველოს მთავრობამ საკუთარ ხალხს მოუსმინოს.

“ამერიკის ხმასთან” საუბრისას, სამხედრო სფეროს ექსპერტები ამბობენ, რომ სენატორების წერილში ნახსენები “პირდაპირი დაფინანსება” შესაძლოა სამხედრო სფეროსაც შეეხოს, რაც საქართველოსთვის დიდი დარტყმა იქნება.

ბენ ჰოჯესი, თადარიგის სამვარსკვლავიანი გენერალი და ევროპაში შეერთებული შტატების არმიის ყოფილი მთავარსარდალი, “ამერიკის ხმასთან” საუბარში ამ შესაძლო სამხედრო დაფინანსების ცვლილების მნიშვნელობაზე საუბრობს.

“ეს, რა თქმა უნდა, შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ ბევრი რამე შეიძლება, გაუქმდეს, შემცირდეს ან დაიბლოკოს იქამდე, ვიდრე სენატი არ დარწმუნდება, რომ საქართველო არ გააკეთებს ისეთ რამეს, რაც ეწინააღმდეგება ჩვენს [ამერიკის] სტრატეგიულ ინტერესებს და ასევე ქართველი ხალხის, ახალგაზრდობის ინტერესებს. გარანტირებული არაა, რომ ამერიკა ყოველთვის მიაწვდის მაგალითად, საქართველოს ჯარს, პირდაპირ დაფინანსებას. არ მგონია, რომ ქართველებს სურდეთ უკან, იმ დროში დაბრუნება, როდესაც ისინი დაფინანსებისთვის, სრულად რუსეთზე იყვნენ დამოკიდებული. ასე რომ ეს [განცხადება] რეალურია და ის ფუჭი სიტყვები არაა”,- ამბობს ჰოჯესი.

გენერალ ჰოჯესის მსგავსად, ლუკ კოფი, ჰადსონის ინსტიტუტის უფრო მკვლევარიც ამბობს, რომ კონგრესის მუქარა რეალურია და მას “ქართული ოცნება” სერიოზულად უნდა მოეკიდოს: “რამდენიმე პროგრამაზე შეიძლება, რომ ამერიკის საქართველოსადმი დახმარება აისახოს. სწორედ კონგრესი წყვეტს იმას, რაზე დაიხარჯოს თანხა, ასე რომ შესაძლებელია, რომ [კანონის მიღებაზე] საპასუხოდ, კონგრესმა შეამციროს ნებისმიერი დახმარება, მათ შორის, ფინანსურიც. ეს შეიძლება სამხედრო და უსაფრთხოების მიმართულებასაც შეეხოს. იმედი მაქვს, ასე არ მოხდება. უკეთესი იქნება, თუ საქართველოს მთავრობა, სამოქალაქო საზოგადოება, ქართველი ხალხი ამას მოაგვარებს ნებისმიერი საგარეო ჩართულობის გარეშე, იქნება ეს მოსკოვიდან, თუ ნებისმიერი სხვა ადგილიდან. თუმცა, თუ საქართველოში სიტუაცია არასახარბიელო იქნება, ამერიკის კონგრესს ნამდვილად აქვს შესაძლებლობა, რომ მთავრობაზე ზეწოლა მოახდინოს”.

გასული დღეების განმავლობაში, ბრიუსელსა და ვაშინგტონში უმაღლესი თანამდებობის პირები საქართველოს მთავრობას მოუწოდებდნენ, გაეწვია კანონი. ისინი აცხადებენ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს საქართველოსადმი სავარაუდოდ, პოლიტიკის შეცვლას, სანქციებს და სხვა ზომებს მოასწავებს. ექსპერტები შიშობენ, რომ ამ კანონპროექტის მიღებით, საქართველო არა მხოლოდ დასავლელი მეგობრების დაკარგვის, არამედ რუსეთის გავლენის ქვეშ მოქცევის საფრთხის წინაშეა. განსაკუთრებით კი იმის ფონზე, რომ რუსეთი კავკასიაში გავლენას კარგავს და ახალ დასაყრდენს ეძებს. მეტიც, მათი ნაწილი ფიქრობს, რომ “ქართული ოცნების” მიზანიც, სწორედ ეს არის.

ანნა ბორჩევსკაია, ვაშინგტონის უნივერსიტეტის უფროსი მკვლევარი ამბობს, რომ მიმდინარე მოვლენებს უფრო ფართო პერსპექტივიდან უნდა შევხედოთ და რეგიონულ ჭრილშიც განვიხილოთ.

“საქართველოს ახლანდელი მთავრობა მიანიშნებს, რომ ისინი მზად არიან კრემლთან ერთად იმუშაონ. მიუხედავად იმისა, რას შეიძლება ეს მთავრობა გრძნობდეს კრემლისადმი, მესიჯი, რომელსაც აგზავნიან ისაა, რომ ისინი მზად არიან მათთან ერთად იმუშაონ, საფრთხის ქვეშ დააყენონ დასავლეთთან არსებული დიდი ხნის ურთიერთობა და ქართველი ხალხის სურვილის წინააღმდეგ წავიდნენ, რომელიც პროდასავლურია… ახლა რუსეთი სამხედრო და პოლიტიკურ გავლენას კარგავს სომხეთზე, მაგრამ ის სანაცვლოდ ეძებს გზებს, რომ სხვა არეალზე მოიპოვოს გავლენა და მათგან ერთ-ერთი საქართველოა”,- ამბობს ბორჩევსკაია.

მისივე განმარტებით, “ამ კანონის მიღებით, რუსეთი მეტ გავლენას მოიპოვებს საქართველოზე. მიუხედავად იმისა, სურს თუ არა ეს ახლანდელ მთავრობას, რუსეთი უბრალოდ მოიპოვებს ბერკეტს და ამას გამოიყენებს თავისი გავლენის სხვა მიმართულებით გასავრცელებლად. ეს პირველი ნაბიჯია საქართველოს შემთხვევაში და შემდეგ რეგიონულ და უფრო ფართო სურათს უნდა შევხედოთ და ვიფიქროთ გეოპოლიტიკურად, ზოგადად - რუსეთის გავლენაზე სამხრეთ კავკასიაში”.

დასავლეთში ამბობენ, რომ რთულ მდგომარეობაში არიან, ვინაიდან იციან, რა სურს ქართველ ხალხს, რომ მათი არჩევანი პროდასავლური და დემოკრატიულია, თუმცა საქართველოს მთავრობა რუსეთისკენ დგამს ნაბიჯებს და ავტოკრატიულ გადაწყვეტილებებს იღებს. სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი დევიდ კრამერი განმარტავს, რომ დასავლური სანქციები და შეზღუდვები ერთადერთი გზაა იმისთვის, რომ “აგენტების კანონის” გამო, პასუხისმგებელ პირებს პასუხი მოსთხოვონ.

“ეს იმაზე მიანიშნებს, რომ დასავლეთი პასუხს სთხოვს იმათ, ვინც პასუხისმგებელია ამ კანონმდებლობაზე და მთავრობის მიერ დასავლეთისთვის ზურგის შექცევაზე. ეს არ იქნება სასჯელი ხალხისთვის, მაგრამ ჩემთვის წარმოუდგენელია, რომ ევროკავშირმა კანდიდატის სტატუსზე მსჯელობა გააგრძელოს მაშინ, როდესაც მთავრობა საპირისპირო მიმართულებით მიდის”,- ამბობს კრამერი.

ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში, კრამერის მსგავსად განმარტავს, რომ ამ კანონპროექტის ავტორებს პასუხი უნდა მოეთხოვოთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ კონკრეტული შემზღუდველი ქმედებები საქართველოს მოქალაქეებს უნდა შეეხოთ.

“ჩემი პოზიცია ძალიან ნათელია. მე მხარს ვუჭერს შემზღუდველი ზომების შემოღებას, ოღონდ მათზე, ვინც ხალხის სურვილის წინააღმდეგ წავიდა და არა თავად ხალხზე. ასე რომ [საქართველოს] მოქალაქეებისთვის [ევროპაში] მოგზაურობის შეზღუდვა იმის საწინააღმდეგოა, რასაც ვამბობ და რასაც სწორად ვთვლი ჩვენი მხრიდან საქართველოსთვის სავიზო პოლიტიკაზე”,- გვეუბნება ფოტიგა.

დასავლელი პარტნიორების მოწოდებებისა და თბილისში გამართული მასშტაბური საპროტესტო აქციების ფონზე, საქართველოს ხელისუფლება ამტკიცებს, რომ „უცხოური გამჭვირვალობის გავლენის შესახებ“ კანონი მხოლოდ ქვეყანაში მეტი გამჭვირვალობის შემოტანის მიზნით გააქვთ კენჭისყრაზე და რომ მის მიღებაში საშიში არაფერია.

სრულად წაკითხვა