WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

დიდუბეში, „ექსპო ჯორჯიას“ ტერიტორიაზე, ცათამბჯენების აშენებას გეგმავენ.

„პარკს შევინარჩუნებთ და გავაუმჯობესებთ“, - ამბობს დეველოპერი, ადგილობრივები კი შიშობენ, რომ ეს პროექტი ამ ტერიტორიას ისტორიულ იერსახეს და დატვირთვას შეუცვლის.

მშენებლობის ნებართვა თბილისის მერიას ოფიციალურად ჯერ არ გაუცია. ამის მიუხედავად, კომპანია უკვე იწყებს ბინების გაყიდვას ერთ-ერთ ჯერარაშენებულ კორპუსში.

40 წლის ნიკოლოზ მდივანს „ექსპო ჯორჯიასთან“ - გამოფენასთან, როგორც მას თბილისელები ეძახიან - ბავშვობის მოგონებები აკავშირებს.

სკოლიდან სახლის გზაზე ხშირად გამოფენაზე შეივლიდა, ზაფხულობით ხიდან მსხალს წყვეტდა, ზამთარში კი გაყინულ ტბაზე სრიალებდა. აქ მოდიოდა მეგობრებთან ერთად, ხან სამუშაოდ, ხანაც მაშინ, როცა მარტო ყოფნა უნდოდა.

„აქაურობის რაღაც საკორპუსო და საცხოვრებელ კომპლექსად ქცევა იქნება ძალიან სევდიანი ამბავი. ალტერნატივის გარეშე ვრჩებით ის ხალხი, ვინც აქვე ვცხოვრობთ“, - ეუბნება ნიკოლოზ მდივანი [მარჯვნივ] მეგობარს, თორნიკე შენგელიას. ისინი დგანან ძეგლთან, რომელსაც ბავშვობაში „თათია“ დაარქვეს.

„აქაურობის რაღაც საკორპუსო და საცხოვრებელ კომპლექსად ქცევა იქნება ძალიან სევდიანი ამბავი. ალტერნატივის გარეშე ვრჩებით ის ხალხი, ვინც აქვე ვცხოვრობთ“, - ეუბნება ნიკოლოზ მდივანი [მარჯვნივ] მეგობარს, თორნიკე შენგელიას. ისინი დგანან ძეგლთან, რომელსაც ბავშვობაში „თათია“ დაარქვეს.

„ეს პარკი ჩემთვის იცით როგორია? აი, სახლში რომ ოთახი გაქვს, სადაც ნებისმიერ დროს შეგიძლია განმარტოვდე“, - ამბობს ნიკა.

ახლა, როცა დიდუბის ამ ნაწილში დიდი კომპლექსის აშენებას გეგმავენ, ნიკა ისევ აქ დადის. ოპერაციის შემდეგ ექიმმა სეირნობა „დაუნიშნა“, „ექსპო ჯორჯიას“ გამწვანებული კუნძულები ძალების აღდგენაში ეხმარება.

„წარმოიდგინეთ, იმდენად მიყვარს აქაურობა, რომ აქ მებაღედ მუშაობა მინდოდა.. სერიოზულად ვფიქრობდი, რეზიუმეც ხომ არ გავაგზავნო- მეთქი“, - ამბობს ის.

ნიკასთან ერთად აქ ყოველდღიურად ასობით ადამიანი სეირნობს - ნიკას მეგობრები, მათი შვილები, ძაღლების პატრონები, ხანდაზმულები, ერთმანეთს ხვდებიან მეგობრები და წყვილები.

„დიდუბის ფილტვებია“, - ამბობს ნიკა.

ასე ატარებენ კვირა დღეს „ექსპო ჯორჯიას“ ტერიტორიაზე - ისვენებენ, საუბრობენ, თამაშობენ

1/7 ასე ატარებენ კვირა დღეს „ექსპო ჯორჯიას“ ტერიტორიაზე - ისვენებენ, საუბრობენ, თამაშობენ

მეტი აჩვენე ნაკლები აჩვენე

 უბანში, სადაც გამწვანებული სივრცეების დეფიციტია, მშობლები ბავშვებს აქ ხშირად ასეირნებენ.

2/7 უბანში, სადაც გამწვანებული სივრცეების დეფიციტია, მშობლები ბავშვებს აქ ხშირად ასეირნებენ.

მეტი აჩვენე ნაკლები აჩვენე

ამ ძეგლს, რომლის ხელებზეც ბავშვი ზის,  დიდუბელებმა სახელიც დაარქვეს - „თათია“.

3/7 ამ ძეგლს, რომლის ხელებზეც ბავშვი ზის, დიდუბელებმა სახელიც დაარქვეს - „თათია“.

მეტი აჩვენე ნაკლები აჩვენე

„ექსპო ჯორჯიას“ სტუმრებს გაუმართლათ, კვირა დღე მზიანი გამოდგა.

4/7 „ექსპო ჯორჯიას“ სტუმრებს გაუმართლათ, კვირა დღე მზიანი გამოდგა.

მეტი აჩვენე ნაკლები აჩვენე

„ექსპო ჯორჯიას“ საგამოფენო პავილიონი

5/7 „ექსპო ჯორჯიას“ საგამოფენო პავილიონი

მეტი აჩვენე ნაკლები აჩვენე

„ექსპო ჯორჯია“ ჯანსაღი ცხოვრების მოყვარულებსაც იზიდავს.

6/7 „ექსპო ჯორჯია“ ჯანსაღი ცხოვრების მოყვარულებსაც იზიდავს.

მეტი აჩვენე ნაკლები აჩვენე

„ეს არის ადგილი, სადაც შეგიძლია გაექცე ქალაქის ხმაურს“, - ამბობენ „ექსპო ჯორჯიას“ სტუმრები.

7/7 „ეს არის ადგილი, სადაც შეგიძლია გაექცე ქალაქის ხმაურს“, - ამბობენ „ექსპო ჯორჯიას“ სტუმრები.

მეტი აჩვენე ნაკლები აჩვენე

Previous slide

Next slide

„ექსპო ჯორჯიას“ წინ წერეთლის გამზირი ესაზღვრება, უკან კი ელიავას ბაზრობის გაგრძელება, მარჯვნივ და მარცხნივ - ახალი მაღალსართულიანი კორპუსები.

ეს დიდუბის ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი და მტვრიანი ადგილის ყველაზე გამწვანებული შუაგულია.

დეველოპერი, რომელიც აქ საცხოვრებელი კორპუსებს, მაღაზიებს, სასტუმროსა და სხვა საჯარო სივრცეებს აშენებს, პირობას დებს, რომ პარკი უკეთესი გახდება, ნიკას და მის მეგობრებს კი ამის არ სჯერათ - როგორ შეიძლება პარკი უცვლელი დარჩეს, თუ მის გარშემო ცათამბჯენები წამოიმართება?

ექვსი შენობა, სასტუმრო, სავაჭრო ცენტრი

„ექსპო ჯორჯიაა“ თბილისში, აკაკი წერეთლის გამზირის 118 ნომერში, დაახლოებით 10 ჰექტარ ტერიტორიაზე გადაშლილი. აქ ერთადაა საგამოფენო პავილიონები, მდელოები, სასეირნო ბილიკები და ხელოვნური ტბა.

კომპლექსის ნაწილი გამოფენებსა და ღონისძიებებს მასპინძლობს, აქ იმართება ბოლო წლებში წიგნების ბაზრობაც, პავილიონების ნაწილი სხვადასხვა კომპანიებს აქვთ ნაქირავები.

საბჭოთა პერიოდში ეს სახელმწიფო საგამოფენო ცენტრი იყო. 1957 წელს აქ სახალხო მეურნეობის მუდმივმოქმედი გამოფენა გაიხსნა; მომდევნო წლებში მოეწყო პავილიონები, ორანჟერეა, აუზები და პარკი. 1996 წელს საგამოფენო ცენტრი კერძო საკუთრება გახდა და სააქციო საზოგადოებად ჩამოყალიბდა.

მას შემდეგ ამ ტერიტორიას საგამოფენო ფუნქცია შეუნარჩუნდა და ის დიდუბის ერთ-ერთი იშვიათი სივრცედ იქცა, სადაც შენობები და გამწვანება ჯერ კიდევ ჰარმონიულად თანაარსებობს.

„ექსპო ჯორჯიას“ არქიტექტურა შეიძლება დავახასიათოთ როგორც მოდერნისტული საგამოფენო არქიტექტურა, რომელიც საბჭოთა პერიოდის საზოგადოებრივი და ინდუსტრიული არქიტექტურის ნიშნებს ატარებს.

„ექსპო ჯორჯიას“ არქიტექტურა შეიძლება დავახასიათოთ როგორც მოდერნისტული საგამოფენო არქიტექტურა, რომელიც საბჭოთა პერიოდის საზოგადოებრივი და ინდუსტრიული არქიტექტურის ნიშნებს ატარებს.

1960-იან წლებში შექმნილი არქიტექტურული ანსამბლი აერთიანებს მოდერნისტულ პავილიონებს, მონუმენტური ხელოვნების ნიმუშებსა და გამწვანებულ სივრცეებს.

1960-იან წლებში შექმნილი არქიტექტურული ანსამბლი აერთიანებს მოდერნისტულ პავილიონებს, მონუმენტური ხელოვნების ნიმუშებსა და გამწვანებულ სივრცეებს.

2024 წელს „ექსპო ჯორჯიას“ საკონტროლო პაკეტი რუსეთის ორმაგი მოქალაქეობის მქონე ბიზნესმენ, მინდია საბანაძესთან დაკავშირებულმა კომპანია „სითი ექსპომ“ შეიძინა.

2026 წლის აგვისტოს მონაცემებით, „სითი ექსპო“ „ექსპო ჯორჯიას“ აქციების 99.4%-ს ფლობდა. თავად „სითი ექსპოს“ 90% მინდია საბანაძეს ეკუთვნის. 2026 წლის აგვისტოში კომპანიამ დარჩენილი აქციების სავალდებულო გამოსყიდვა დაიწყო.

მინდია საბანაძე ქართველი ბიზნესმენია, რომელიც უძრავი ქონების სფეროში ერთ-ერთი მსხვილი ბიზნესჯგუფის, IG Development-ის, მფლობელია. მის ჯგუფს ეკუთვნის „სითი მოლი საბურთალო“, „სითი მოლი გლდანი“ და ბიზნესცენტრი „სითი თაუერი“.

Forbes Georgia-ს 2026 წლის რეიტინგში მინდია საბანაძე საქართველოს უმდიდრეს მეწარმეებს შორის მე-15 ადგილზეა, 767 მილიონი ლარით.

„ექსპო ჯორჯიას“ ტერიტორიისთვის დეველოპერული პროექტი „სითიზენ ექსპო“ არქიტექტურულმა კომპანიამ „მიდამომ“ შექმნა. მისმა დირექტორმა და მფლობელმა გიორგი ჭყონიამ 2020-2023 წლებში „ქართულ ოცნებას“ ჯამში, 150 ათასი ლარი შესწირა.

მინდია საბანაძე, ბიზნესმენი

მინდია საბანაძე, ბიზნესმენი

მინდია საბანაძე „ნაციონალური მოძრაობის“ შემწირველიც იყო, ჯერ კიდევ 2012 წელს, თუმცა, არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვებიდან 4 წლის შემდეგ ის მმართველ პარტიას ჯამში 100 ათას ლარს შესწირავს.

„არასოდეს არ ყოფილა ბიზნეს გარემო ისეთი თავისუფალი და გამჭვირვალე, როგორიც ახლაა“, - დაწერა ბიზნესმენმა ფეისბუკში პროევროპული აქციების კვალდაკვალ 2024 წელს.

„სითიზენ ექსპოს“ პროექტით, „ექსპო ჯორჯიას“ ტერიტორიაზე სხვადასხვა სიმაღლის 6 შენობა აშენდება: მათ შორის 32-, 30-, 20- და 12-სართულიანი კორპუსები. საცხოვრებელ ბინებთან ერთად ამ შენობებში იქნება სასტუმრო და მაღაზიები.

მიწის ფართობი 100 982 კვ.მ.-ია, აქედან 51 438 კვ.მ-ზე იგეგმება „სამშენებლო განვითარება“.

ასეთია „სითიზენ ექსპოს“ პროექტის კომპიუტერული გამოსახულება

მეტი აჩვენე ნაკლები აჩვენე

მეტი აჩვენე ნაკლები აჩვენე

მეტი აჩვენე ნაკლები აჩვენე

მეტი აჩვენე ნაკლები აჩვენე

მეტი აჩვენე ნაკლები აჩვენე

მეტი აჩვენე ნაკლები აჩვენე

მეტი აჩვენე ნაკლები აჩვენე

მეტი აჩვენე ნაკლები აჩვენე

Previous slide

Next slide

„სითიზენის“ დირექტორის გიორგი მაჭავარიანის თქმით, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბლოკში დაახლოებით 1 100 ბინა იქნება. ორსართულიანი მიწისქვეშა პარკინგისთვის 886 ადგილია გათვლილი, თუმცა პროექტის ავტორები არ გამორიცხავენ, რომ ეს რიცხვი შეიძლება გაიზრდოს.

კომპანია „სითიზენი“ ბინების წინასწარი გაყიდვების დაწყებას 22 ოქტომბრიდან გეგმავს, თუმცა მშენებლობის საბოლოო ნებართვა მიღებული ჯერ არ აქვს.

თბილისის საკრებულოს ურბანული კომისიის თავმჯდომარე ნიკოლოზ კახეთელიძე ამბობს, რომ დამტკიცებულია განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალება, ხოლო განაშენიანების რეგულირების გეგმის - ე.წ. გრგ-ის - განხილვა ჯერ წინ არის.

„მთავარი თემა, რა თქმა უნდა, გრგ-ა, იმიტომ რომ რაც არ უნდა ვისაუბროთ ახლა მე და თქვენ ამ თემაზე, რეალობასთან კავშირი ექნება გრგ-ს...სანამ გრგ არ დაიდება... იქამდე ხელებით მიწევს ახსნა, რა შეიძლება გაკეთდეს იქ“, - ამბობს ნიკოლოზ კახეთელიძე.

ნიკოლოზ კახეთელიძე, თბილისის საკრებულოს ურბანული კომისიის თავმჯდომარე

ნიკოლოზ კახეთელიძე, თბილისის საკრებულოს ურბანული კომისიის თავმჯდომარე

და თუ პროექტი ჯერ დამტკიცებული არ არის, რატომ იწყებს კომპანია ბინების გაყიდვას?

„რა პრობლემა უნდა იყოს? ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ამ მოთხოვნებს ვაკმაყოფილებთ. პროექტში ისეთი არაფერი გაგვიკეთებია, რაც კანონთან შეუსაბამო იქნებოდა. ეს არის ჩემი პასუხი ამ საკითხზე“, - ამბობს გიორგი მაჭავარიანი.

ეს დიდუბის ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული ნაწილია. წერეთლის გამზირი, დიდუბის მეტრო, სანაპიროდან ამომავალი სამტრედიის ქუჩა, ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორია და სხვა სატრანსპორტო კვანძები ყოველდღიურად ათასობით ადამიანსა და ავტომობილს ატარებს.

ურბანისტი და არქიტექტორი ანა ბიბილაშვილი ამბობს, რომ თბილისის გენერალური გეგმა ქალაქის მწვანე კუნძულებს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა.

„დღეს დაგეგმილი განაშენიანება კი ამ ხედვისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება... დედაქალაქს სარეკრეაციო სივრცეების ნაკლებობის უზარმაზარი პრობლემა აქვს და ერთ სულ მოსახლეზე მწვანე სივრცეები დაშვებულ მინიმუმზე ხუთჯერ ნაკლებია“, - ამბობს ურბანისტი.

რა მოხდება მაშინ, როცა პარკის გარშემო მაღალსართულიანი შენობები გაჩნდება? სამშენებლო მტვერმა, ცათამბჯენების ჩრდილმა, ჰაერის მოძრაობის ცვლილებამ და გაზრდილმა სატრანსპორტო ნაკადებმა შესაძლოა გავლენა მოახდინოს როგორც პარკზე, ისე ახლო-მახლო მცხოვრებლებზეც.

„თბილისის განაშენიანებისას ხშირად სათანადოდ არ ფასდება ინსოლაცია - შენობებში მზის სხივების მოხვედრა - და განიავება. „ექსპო ჯორჯიას“ შემთხვევაშიც მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ცალკეული შენობების არქიტექტურული იერსახე, არამედ მათი მასშტაბი და გარემოსთან ურთიერთობა“, - ამბობს სპეციალისტი.

ანა ბიბილაშვილი, ურბანისტი, არქიტექტორი

ანა ბიბილაშვილი, ურბანისტი, არქიტექტორი

დენდროლოგიური პროექტის მიხედვით, „ექსპო ჯორჯიაზე“ მოიჭრება 2 ზეთისხილი, კანადური ვერხვი, გრაკლას, უცვეთელას, დიდგულას ნარგავები, 2 თეთრი აკაცია, 11 ბამბუკი, 6 ვაზი, ვარდი, 5 ბროწეული, 8 აილანთუსი, 2 ტყემალი, 2 ატამი, ალუბალის და ბლის ნერგები.

„შეგვეძლო, უფრო დაბალსართულიანი შენობები აგვეშენებინა. თუმცა ამისთვის გაცილებით მეტი ხის მოჭრა და პარკის ნაწილის შეზღუდვა მოგვიწევდა. ეს გადაწყვეტილება არ მივიღეთ.

სწორედ ამიტომ არის პროექტში 32-სართულიანი შენობები - სხვა მიზეზი ამას არ აქვს. ჩვენი მიზანი იყო, სიმაღლის ხარჯზე შეგვენარჩუნებინა მწვანე სივრცე და პარკის ტერიტორია“, - ამბობს გიორგი მაჭავარიანი.

შენობებმა ძირითადად ის ადგილები უნდა დაიკავოს, სადაც ახლა ავტოსადგომები და სხვა ნაკლებად გამწვანებული მონაკვეთებია. ისტორიული პავილიონები შენარჩუნდება, საგამოფენო ფუნქცია გაგრძელდება, ხოლო სავაჭრო ცენტრის სახურავზე ბაღი გაშენდება.

მაჭავარიანის თქმით, კომპლექსის ტერიტორიაზე რეკრეაციული სივრცე დაახლოებით 40 ათას კვადრატულ მეტრამდე [ ითვლება ტერასების პროექტიც, რომელიც ნაგებობის სახურავებსა და აივნებზე მოეწყობა] გაიზრდება. ამასთან, „ექსპო ჯორჯიას“ გამწვანებული ტერიტორია საჯარო დარჩება და მას მხოლოდ კომპლექსის მცხოვრებლები არ გამოიყენებენ.

ამ ფოტოზე „ექსპო ჯორჯიას“ გეგმაა გამოსახული. წითლად მონიშნულია ის ადგილები, სადაც მაღალსართულიანი შენობები აშენდება. მწვანე ფერით სარეკრეაციო ზონაა აღნიშნული.

ამ ფოტოზე „ექსპო ჯორჯიას“ გეგმაა გამოსახული. წითლად მონიშნულია ის ადგილები, სადაც მაღალსართულიანი შენობები აშენდება. მწვანე ფერით სარეკრეაციო ზონაა აღნიშნული.

„რატომ არ უნდა აშენდეს ეს შენობები? [...] ნებისმიერი ქვეყნის განვითარება, მითუმეტეს პოსტსაბჭოთა ქვეყნების განვითარება მოხდა ბევრ ქალაქში სიმაღლეში გაზრდით...ქალაქი ცოცხალი ორგანიზმია, იზრდება, შესაბამისად [...] მოსახლეობა რაიონიდან ჩამოდის თბილისში, შესაბამისად სახლდება და მას უნდა საცხოვრისი ბუნებრივია და მაგ შემთხვევაში გვიწევს სიმაღლეში წასვლა“, - ამბობს ნიკოლოზ კახეთელიძე, საკრებულოს ურბანული კომისიის თავმჯდომარე.

საბჭოთა კავშირის დანგრების შემდეგ ჩამოყალიბებულ „აგრესიულ კაპიტალისტურ სისტემაში“ ხედავს პრობლემის სათავეს ურბანისტი თინათინ გურგენიძე.

„...ყველაფერი გაიყიდა და ნელნელა ეტაპობრივად ბოლო 35 წლის მანძილზე შემცირდა საზოგადოებრივი სივრცეები, საერთო სივრცეები რეკრერაციული სივრცეები, მივიღეთ საზოგადოებრივი სივცეები რომლებიც არის კერძო საკუთრებაში...გაბრაზება დავაგვიანეთ“, - ამბობს ის.

ახალი მოსახლეობა ავტომატურად ნიშნავს დამატებით მოთხოვნას ტრანსპორტზე, პარკირებაზე, წყალმომარაგებაზე, დასუფთავებასა და სხვა მუნიციპალურ სერვისებზე. რამდენად გაუმკლავდება ამ დატვირთვას მიმდებარე ინფრასტრუქტურა, პროექტის საბოლოო შეფასების ერთ-ერთი მთავარი საკითხია.

კვლევების ამსახველ დოკუმენტებს ელოდება საკრებულოს ურბანული კომისია და ურბანულ და სატრანსპორტო გავლენებზე დასმულ კითხვებს ამ არგუმენტით არ პასუხობს. ის ვარაუდობს, რომ „სითიზენ ექსპოს“ მსგავსი კომპლექსების შექმნა სხვა უბნების დატვირთვას შეამცირებს.

„მიზიდულობის ცენტრი იქნება ძალიან სერიოზული იმ მოსახლეობისთვის და არა მარტო დიდუბის მოსახლეობისთვის.... ეს გარკვეულწილად გამოანთავისუფლებს [...] იმ სავაჭრო ცენტრების დატვირთვას, რომელიც მდინარე მტკვრის იქით მხარეს არის “, - ამბობს კახეთელიძე.

თუმცა ეს ვარაუდი თავისთავად არ პასუხობს კითხვას, რამდენად გაუმკლავდება დიდუბის ინფრასტრუქტურა ახალი კომპლექსის ყოველდღიურ დატვირთვას. თუ პროექტი ათასზე მეტ ოჯახს, სავაჭრო ცენტრის მომხმარებლებსა და სასტუმროს სტუმრებს მოიზიდავს, ტრანსპორტის მოძრაობა მხოლოდ იმით ვერ შეფასდება, რამდენად ფართოა წერეთლის გამზირი.

„სატრანსპორტო კვლევები ხშირად ფორმალურ გათვლებად რჩება და ვერ ასახავს იმ პრობლემებს, რომლებსაც მოქალაქეები ყოველდღიურად აწყდებიან. თუ ქუჩა უკვე გადატვირთულია, დამატებითი საცხოვრებელი და კომერციული ფუნქციების გაჩენა ამ დატვირთვას შეიძლება კიდევ უფრო ზრდიდეს“, - ამბობს ურბანისტი ანა ბიბილაშვილი.

„თუ კი სადმე შეგიძლია მაღალი რაღაცა ააშენო, ეს ადგილია“, - პასუხობს კომპანიის დირექტორი გიორგი მაჭავარიანი.

გიორგი მაჭავარიანი, „სითიზენის“ დირექტორი

გიორგი მაჭავარიანი, „სითიზენის“ დირექტორი

„ექსპო ჯორჯიას“ მიმდებარედ სხვა მასშტაბური განაშენიანებებიც განიხილება ან იგეგმება, მათ შორის ვაგონმშენებელი ქარხნისა და მაუდის ქარხნის ტერიტორიებზე.

„ქალაქის მმართველობის მთავარი მოვალეობაა, კერძო ბიზნესის ინტერესები საზოგადოებრივ ინტერესებს შეუთავსოს. თუ მშენებლობა კანონთან შესაბამისობაშია, ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ მიღებული გადაწყვეტილება ქალაქისთვის საუკეთესოა. კერძო არ ნიშნავს, რომ მას აქვს უფლება, რაც უნდა, ის აკეთოს“, - ამბობს ურბანისტი.

კიდევ რა შენდება „ექსპო ჯორჯიას“ მახლობლად?

 ყოფილი მაუდის ქარხანა (წითელი); ექსპო ჯორჯია (ცისფერი) და ვაგონშემკეთებელი ქარხანა (სალათისფერი)

ფოტოზე მონიშნულია ტერიტორიები: ყოფილი მაუდის ქარხანა (წითელი); ექსპო ჯორჯია (ცისფერი) და ვაგონშემკეთებელი ქარხანა (სალათისფერი)

„ექსპო ჯორჯიადან“ არც ისე შორს, ფეხით 20 წუთის სავალზე, დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის დაახლოებით 11 ჰექტარ ტერიტორიაზე, ახალი მრავალფუნქციური უბნის შექმნას გეგმავს კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ (Biograpi Living). კომპანია INVIA [ყოფილი ვისოლ ჯგუფი] ჯგუფში შედის.

ტერიტორია მანამდე ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის ოჯახს ეკუთვნოდა. მაუდის ქარხნის ტერიტორიის ნაწილზე ამჟამად ჰიპერმარკეტი „გორგიაა“ განთავსებული.

პროექტის ინვესტიციად 500 მილიონი დოლარია დასახელებული. მაუდის ქარხნის პროექტი ჯერ კიდევ კონცეფციისა და დაგეგმვის ეტაპზეა, თუმცა კომპანიის წარმომადგენელი აქ საცხოვრებელ კორპუსებს აშენებს. მშენებლობის დაწყება 2027 წლის ბოლოს იგეგმება, ხოლო სამუშაოებს დაწყებიდან ოთხი-ხუთი წელი დასჭირდება.

INVIA ჯგუფის გენერალური დირექტორი ლევან ფხაკაძეა, ხელისუფლებასთან დაახლოებული ბიზნესმენის, ბიზნესასოციაციის პრეზიდენტის, „ვისოლ ჯგუფის“ დამფუძნებლის, სოსო ფხაკაძის ძმა.

სოსო ფხაკაძე, ბიზნესმენი

სოსო ფხაკაძე, ბიზნესმენი

ძმები ფხაკაძეების ბიზნესჯგუფი აშენებს არქისთან პარტნიორობით 2 მილიარდიან პროექტს: „დაუნტაუნ თბილისსა“ და „ტრამპ თაუერს“ იპოდრომის ტყეში.

„ბიოგრაფი ლივინგის“ აღმასრულებელი დირექტორია ვასილ ფხაკაძე, ლევან ფხაკაძის შვილი და სოსო ფხაკაძის ძმის შვილია.

მესამე პროექტი ნაძალადევში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე, ძველი ვაგონშემკეთებელი ქარხნის ტერიტორიაზე დაგეგმილი „არქი გრანდ ავენიუა“ - 21 ჰექტარზე გადაშლილი ახალი მრავალფუნქციური უბანი.

„გვაქვს ამბიცია, შევქმნათ თანამედროვე ვაკე", - თქვა ილია წულაიამ „არქი გრანდ ავენიუს“ პროექტის საზეიმო პრეზენტაციაზე.

  • ახალი შენობებიდან ყველაზე მაღალსართულიანი ნაგებობა 33- სართულიანი და 117 მეტრის სიმაღლის იქნება.
  • საშუალოსართულიანობა ახალ კვარტალში აშენებულ შენობებს 15-20 სართული ექნება.
  • საპროექტო სივრცეში არსებული შენობების ჩათვლით ახალი კვარტალი სულ 51 შენობას გააერთიანებს.

ფოტოზე ასახულია ნაძალადევის რაიონის ურბანული კონტურები პროექტის დასრულების შემდეგ, თუ ამ ადგილს მთაწმინდიდან შეხედავთ.

ფოტოზე ასახულია ნაძალადევის რაიონის ურბანული კონტურები პროექტის დასრულების შემდეგ, თუ ამ ადგილს მთაწმინდიდან შეხედავთ.

„არქის“ თანახმად, ტერიტორიის 75% გამწვანებასა და რეკრეაციას დაეთმობა, მათ შორის 11 ჰექტარი პარკებსა და ველობილიკებს. პროექტის საერთო ინვესტიციად 2 მილიარდი ლარია დასახელებული. ეს კომპანია უკვე ყიდის ბინებს, ისე რომ ჯერ არათუ ახალი შენობაა აშენეული, არამედ ძველებიც კი არაა დანგრეული.

„არქის“ დამფუძნებელი და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე არის ბიზნესმენი ივლიანე (ილია) წულაია. ილია წულაია საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის მილიონერი დეპუტატი იყო და „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენდა. წულაია თბილისის მერის, კახა კალაძის ახლო მეგობარია. მის პარტნიორებს შორისაა ყოფილი კალათბურთელი ზაზა ფაჩულია; „არქი“ $50 მლნ-ის ინვესტიციით მაიამიშიც აშენებს საცხოვრებელ კორპუსს;

ილია წულაია, „არქის“ მფლობელი

ილია წულაია, „არქის“ მფლობელი

მაუდის ქარხნისა და ვაგონშემკეთებელი ქარხნის ტერიტორიები გენგეგმის მიხედვით, ე.წ. ბრაუნფილდები იყო, იგივე ყოფილი სამრეწველო ტერიტორიებია, რომლებიც ქალაქში ცარიელ სივრცეებად რჩებოდა.

თბილისის გენერალური გეგმა ამგვარ სივრცეებში მწვანე და სარეკრეაციო ზონების დეფიციტის შემცირების შესაძლებლობად ხედავდა.

„დღეს კი ეს დოკუმენტი, ისე იცვლება, რომ ცვლილებების მიზანშეწონილობაზე არავინ მსჯელობს“, - , ამბობს ურბანისტი ანა ბიბილაშვილი და ამატებს:

„მოქალაქეებს არ აურჩევიათ ბიზნესი, მოქალაქეებმა აირჩიეს მმართველობა სწორედ იმისთვის, რომ მათი ინტერესი დაიცვას“.

„საკრებულოს აქვს უფლება, რომ გენგეგმაში ცვლილება შეიტანოს. კიდევ ვიმეორებ, მსოფლიოს ყველა ქალაქის გენგეგმაში ხდება ცვლილება“, - ამბობს ნიკოლოზ კახეთელიძე.

ბიბილაშვილის შეფასებით, სამივე ტერიტორიის განვითარებაზე მსჯელობისას, მთავარი უნდა იყოს - რას მიიღებს ქალაქი და როგორ შეიცვლება მიმდებარე უბნები.

„ექსპო ჯორჯიაში“ დაგეგმილ მშენებლობას მხარდამჭერებიც ჰყავს, მათ შორის სააქციო საზოგადოება „ექსპო ჯორჯიას“ ყოფილი დირექტორი რესან ქიქავა.

„გვინდა, გამოფენების მიმართულებით რეგიონულ მოთამაშედ ჩამოვყალიბდეთ, თუმცა ინფრასტრუქტურის ნაკლებობა ყოველთვის ხელშემშლელი ფაქტორი იყო... მესმის საზოგადოების ნაწილის ინტერესიც და შეშფოთებაც. უნდა გვესმოდეს, რომ ნებისმიერი მიმართულებით სარგებლის მისაღებად რაღაცის დათმობა გვიწევს. ჩემი გადმოსახედიდან, ამ შემთხვევაში სარგებელი დათმობას მნიშვნელოვნად აღემატება“, - ამბობს ის.

თინათინ კილასონია თბილისში მაღალი განაშენიანების წინააღმდეგია, თუმცა მას შემდეგ, რაც შეიტყო, რომ დეველოპერი გამოფენის გამწვანებულ ტერიტორიასა და ისტორიულ შენობებს შეინარჩუნებს, პარკის კარს კი მოსახლეობას არ დაუკეტავს, პროექტის მხარდამჭერი გახდა.

„გამოფენასთან დავიბადე და გავიზარდე, სამტრედიის ქუჩაზე ვცხოვრობდი და მთელი ბავშვობა „ექსპო ჯორჯიაში“ მაქვს გატარებული, მაგრამ მგონია, რომ ტერირორიის მფლობელის დაგეგმილი მშენებლობა მიმდებარე ტერიტორიას მოაწესრიგებს და გააჯანსაღებს.. ჩემთვის მაღალ შენობებზე მეტად, ყველა კუთხეში გახსნილი საშაურმეები უფროა პრობლემა, ქალაქის ესთეტიკის შემოტანა, ამ უბანს უფრო განავითარებს, თანაც ამ ტერიტორიის ისტორიას და სულს არ ეხებიან, პირიქით მოუვლიან და განავითარებებ“, - ამბობს თინათინ კილასონია.

მისი მშობლები „ექსპო ჯორჯიას“ მეზობლად იმ ადგილას ცხოვრობენ, რომლის გამოსყიდვითაც კომპანიაა დაინტერესებული. „სითიზენ ექსპომ“ კერძო მესაკუთრეებთან მოლაპარაკებები გამართა და საცხოვრებელი ადგილების სანაცვლოდ, კომპლექსში შესთავაზა ბინები.

22 ოქტომბერს „დიდი გაყიდვების დღე“ პროტესტის ფონზე ჩაივლის. პროექტის მოწინააღმდეგე ურბანისტები, არქიტექტორები და ადგილობრივები გაყიდვების კამპანიის პარალელურად შეიკრიბებიან.

„მიუხედავად იმისა, რომ ტერიტორია კერძო საკუთრებაშია, სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს მისი განვითარების მკაფიო, საზოგადოებრივ ინტერესებზე ორიენტირებული ხედვა.

ამგვარმა ჩარევამ შესაძლოა შეუქცევადად დააზიანოს ტერიტორიის პირვანდელი სახე და მისი საზოგადოებრივი ღირებულება“, - ნათქვამია პეტიციის ტექსტში.

ურბანისტი თინათინ გურგენიძე მიიჩნევს, რომ მსგავსი მასშტაბის მშენებლობები არ შეიძლება მოსახლეობასთან კომუნიკაციის, მათი აზრის გათვალისწინების გარეშე დაიგეგმოს და განხორციელდეს.

„ექსპო ჯორჯიას ტერიტორიაზე 60-იანი წლების მნიშვნელოვანი მოდერნისტული არქტიტექტურაა განთავსებული და დაუშვებელია, დისკუსიის გარეშე მოხდეს ჩარევა“, - ამბობს ის.

„ვიღაცებს აქვთ ფული, რაღაც ხელში ჩაიგდეს, შეგარგოთ ღმერთმა, მაგრამ ვისაც არ გვაქვს, გვაცალეთ, ეს არის ჩვენთვის ფასეული....“, - ამბობს თორნიკე შენგელია [მარჯვნივ]. ესაუბრება მეგობრებს ლექსო რატიანსა და ნიკოლოს მდივანს

„ვიღაცებს აქვთ ფული, რაღაც ხელში ჩაიგდეს, შეგარგოთ ღმერთმა, მაგრამ ვისაც არ გვაქვს, გვაცალეთ, ეს არის ჩვენთვის ფასეული....“, - ამბობს თორნიკე შენგელია [მარჯვნივ]. ესაუბრება მეგობრებს ლექსო რატიანსა და ნიკოლოს მდივანს

ნიკოლოზ მდივანი, რომელიც „ექსპო ჯორჯიას“ პარკში სეირნობისას სხვა მეგობრებსაც შეხვდა და ინტერვიუ დაგეგმილ მშენებლობაზე მათ შორის დისკუსიაში გადაიზარდა, ფიქრობს, რომ ტერიტორიამ მინიმუმ დღევანდელი სახე უნდა შეინარჩუნოს

... მაგრამ თუ პარკი დარჩება, ხოლო მის გარშემო ტერიტორია იმდენად შეიცვლება, რომ აქ მოსვლა, სეირნობა ან მშვიდად ყოფნა გაძნელდება, მაშინ რა დარჩება ძველებურად?