ვაიმარის სამკუთხედის საგარეო საქმეთა მინისტრებმა „სერიოზული შეშფოთება“ გამოხატეს და მკაცრად დაგმეს გასული კვირების ძალადობა მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ, ასევე მუქარა პოლიტიკური ფიგურების მიმართ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, და განაცხადეს, რომ ისინი განახორციელებენ ევროკავშირის გადაწყვეტილებას საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთათვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტის თაობაზე და განიხილავენ დამატებით ზომებს ევროკავშირის და ეროვნულ დონეებზე.
31 დეკემბერს გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში საფრანგეთის, გერმანიისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა განაცხადეს, რომ საქართველოში კრიზისის მიზეზი საქართველოს მმართველი პარტიის პოლიტიკური კურსი და ევროპული გზიდან მისი გადახვევაა. მათ გაიხსენეს თავიანთი არაერთი მოწოდება საქართველოს ხელისუფლებისადმი, რომ შეეცვალა კურსი და დაბრუნებოდა ევროკავშირში ინტეგრაციის გზას, ევროპული ნორმებისა და ღირებულებების დაცვითა და რეფორმების განხორციელებით.
მათ ასევე განაცხადეს, რომ „ქართული ოცნების მიერ რეპრესიების და დემოკრატიული უკუსვლის პოლიტიკურმა კურსმა გამოიწვია ჩვენი ურთიერთობების დაქვეითება ევროპულ და ეროვნულ დონეებზე და შეამცირა ჩვენი დახმარება და თანამშრომლობა საქართველოს ხელისუფლებასთან“.
მინისტრები აღნიშნავენ, რომ ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიში 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შესახებ „ადასტურებს ჩვენს შეშფოთებას საარჩევნო პროცესის სამართლიანობასთან დაკავშირებით“ და დასძენენ, რომ „არჩევნები არ ჩატარდა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნისგან მოსალოდნელი სტანდარტების შესაბამისად“.
განცხადება მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას „ჩაერთოს ეროვნულ დიალოგში ყველა შესაბამის დაინტერესებულ მხარესთან არსებული სიტუაციიდან გამოსავლის მოძებნისა და ქართული დემოკრატიის მიმართ საზოგადოების ნდობის აღდგენის მიზნით“.
მინისტრები მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას შეასრულოს ეუთო/ოდირის რეკომენდაციები და სტანდარტები, მათ შორის განიხილოს ახალი არჩევნების ჩატარების შესაძლებლობა, რასაც ქართული საზოგადოების ნაწილი მოითხოვს და ეს ყველა პოლიტიკურ ძალასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან დიალოგის გზით განახორციელოს.
ვაიმარის სამკუთხედის საგარეო საქმეთა მინისტრები იმეორებენ თავიანთი ქვეყნების მზადყოფნას, მხარი დაუჭირონ ქართველი ხალხის დემოკრატიულ და ევროპულ მისწრაფებებს.
ასევე წაიკითხეთ:
- 07/11/2024 – მაკრონი, შოლცი, ტუსკი: თუ საქართველო არ შეცვლის ამჟამინდელ კურსს, გაწევრიანების მოლაპარაკებები არ დაიწყება
- 10/10/2024 – ვაიმარის სამკუთხედის საგარეო საქმეთა მინისტრები კიდევ ერთხელ ადასტურებენ ქართველი ხალხის მხარდაჭერას და ხელისუფლების ქმედებებს გმობენ
This post is also available in: English (ინგლისური)