Erasmus-ის პროგრამების მონაწილეები, 22 დეკემბერს, 18:00 საათზე, საპროტესტო მარშს აანონსებენ და არალეგიტიმური მთავრობის ქმედებების შედეგად განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისთვის EQAR-ის რეგისტრაციის შეჩერებას ეხმიანებიან.
მარშის მონაწილეები საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან შეიკრიბებიან და აქცია-მსვლელობით პარლამენტთან გადაინაცვლებენ.
“ჩვენ ვაპროტესტებთ არალეგიტიმური მთავრობის ქმედებების შედეგად განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისთვის EQAR-ის რეგისტრაციის შეჩერებას. გადაწყვეტილებას, რომელიც უმძიმეს შედეგებს მოუტანს საქართველოს განათლების სისტემას.
რა მოხდა?
6 დეკემბერს დარგის სპეციალისტებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემა კარგავს ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობას.
ეს ნიშნავს:
უმაღლესი განათლების რეპუტაციის დაზიანებას და საერთაშორისო ნდობის დაკარგვას.
სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების კრედიტებისა და დიპლომების აღიარების ეჭვქვეშ დაყენებას საზღვარგარეთ.
ერთობლივი საერთაშორისო პროგრამების შემცირებას და Erasmus-ის მსგავსი მობილობის გართულებას.
საქართველოში საერთაშორისო სტუდენტების მიღების შესაძლებლობების შეზღუდვას
ჩვენ, Erasmus-ის პროგრამების მონაწილეებს, საკუთარ თავზე გვაქვს გამოცდილი ევროკავშირის ქვეყნებში განათლების მიღების და პროგრამებში მონაწილეობის უპირატესობები. თუმცა, 28 ნოემბერს არალეგიტიმურმა მთავრობამ ღიად თქვა უარი ევროპულ კურსზე. სწორედ ამ ანტი-დასავლური ქმედებების შედეგად, სხვა სტუდენტებისთვის შეუძლებელი გახდება მათი განვითარებისთვის მნიშვნელოვან პროექტებში მონაწილეობის მიღება.
ჩვენ გვაქვს თანამედროვე განათლების მიღების უფლება და არ დავუშვებთ მისი მომავლის ეჭვქვეშ დაყენებას!” – წერია განცხადებაში.