ვატო ბჟალავას, რომელიც სახლთან ძაღლს ასეირნებდა და უფორმო პოლიციელებს “არ დაემორჩილა”, 4-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს

1 week ago 2

რონდელის ფონდის მკვლევარ ვატო ბჟალავას, რომელიც 12 დეკემბერს ქუჩაში, ძაღლის გასეირნებისას დააკავეს, უფორმო პოლიციელებისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით, ადმინისტრაციული წესით, 4-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს. თბილისის საქალაქო სასამართლოში გადაწყვეტილება მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა გამოიტანა.

სასამართლო პროცესზე მოწმის სახით მყოფმა ერთ-ერთმა სამართალდამცველმა, რომელმაც გუშინწინ ვატო ბჟალავა დააკავა, ერთგვარად აღიარა, რომ დაკავებისას ის სამოქალაქო ფორმაში იყო. მოსამართლის შეკითხვაზე, ეცვა თუ არა პოლიციის ფორმა, მან უპასუხა, რომ – არა და დაკავების დროს სამოქალაქო ტანსაცმლით იმყოფებოდა.

თავად ვატო ბჟალავა უარყოფს, რომ პოლიციელებს არ დაემორჩილა. ის ამბობს, რომ წარუდგინა პირადობა და საკუთარი ნებით გაყვა მანქანაშ, რასაც ვიდეოკადრებიც ადასტურებს.

თავად ვატო ბჟალავას თქმით, დაკავების შემდეგ პოლიციაში ტელეფონის კოდი მოსთხოვეს, რაზეც მან უარი თქვა, რის შემდეგაც ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

“ძაღლს ვასეირნებდი, დაახლოებით, ერთი საათის განმავლობაში. ეს ორი ადამიანი მომყვებოდა. როგორც კი ჩემთან მოვიდნენ, მითხრეს, მათთვის ჩემი პირადობის მოწმობა მიმეცა. მაშინვე ამოვიღე პირადობის მოწმობა და მივეცი, მითხრეს, რომ დაკავებული ვიყავი. ჩემით გავყევი ისე, რომ არც კი შემხებია არცერთი მათგანი – თაღის წინ, შლაგბაუმთან გაჩერებულ მანქანაში ჩავჯექი. არცერთს ჰქონდა რაიმე მაიდენტიფიცირებელი ნიშანი, რომ სამართალდამცველი იყო, არც თვითონ მითხრეს სახელები და გვარები. ამიყვანეს მესამე ან მეოთხე სართულზე და შემიყვანეს რომელიღაც ოთახში. შემოვიდა მაღალი აღნაგობის ადამიანი, რომელმაც მითხრა, რომ მობილურის კოდი მეთქვა – ვუპასუხე, რომ ადვოკატის გარეშე არ ვეტყოდი. ამის შემდეგ დამემუქრა – ახლა ადმინისტრაციული წესით ხარ დაკავებული და სისხლში გადაგიყვანო. ორჯერ გამარტყა სილა. ინსტინქტურად ფეხზე რომ წამოვდექი, ფეხში ჩამარტყა”, – ჰყვება ბჟალავა სასამართლო პროცესზე.

ვატო ბჟალავა აქტიურ მონაწილეობს იღებს ბოლო დღეების განმავლობაში ქვეყანაში მიმდინარე პროტესტებში და საკუთარი სოციალური ქსელების ანგარიშებით აშუქებდა მათ.

სრულად წაკითხვა