შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. 30 ნოემბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში მეთიუ მილერი, სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი ამბობს, რომ "ქართული ოცნების" მიერ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერების გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას.
ამას გარდა, ვინაიდან "ქართული ოცნება" არღვევს ორი ქვეყნისთვის საზიარო ფუნდამენტურ ფასეულობებს, როგორიცაა დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებების პატივისცემა, შეერთებული შტატები აჩერებს სტრატეგიულ პარტნიორობას საქართველოსთან.
გთავაზობთ განცხადების სრულ ტექსტს:
„ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერების თაობაზე, ეწინააღმდეგება ქართველი ხალხისთვის ევროკავშირსა და ნატოში მის სრულ ინტეგრაციასთან დაკავშირებით კონსტიტუციით განსაზღვრულ დაპირებას. საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებით, ქართულმა ოცნებამ უარი თქვა ევროპასთან მჭიდრო კავშირის დამყარების შესაძლებლობაზე და კრემლის წინაშე საქართველო კიდევ უფრო დაუცველი გახადა.
ქართველი ხალხის უმრავლესობა მხარს უჭერს ევროპასთან ინტეგრაციას. შეერთებული შტატები გმობს პოლიციის მიერ ზედმეტი ძალის გამოყენებას იმ ქართველების მიმართ, ვინც ცდილობს შეკრებისა და გამოხატვის უფლებათა გამოყენებას, ასევე - მშვიდობიანი პროტესტის თავისუფლებით სარგებლობას. მოვუწოდებთ ყველა მხარეს, უზრუნველყონ საპროტესტო აქციების მშვიდობიანად გაგრძელება.
"ქართულმა ოცნებამ" სხვადასხვა ანტიდემოკრატიული ქმედებებით დაარღვია ჩვენი, ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი პრინციპები, რომელიც ეფუძნებოდა საერთო ღირებულებებსა და ვალდებულებებს დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, სამოქალაქო საზოგადოების, ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების პატივისცემისა და ანტიკორუფციული ქმედებების ძალისხმევის მიმართულებით. შედეგად, შეერთებულმა შტატებმა ეს მექანიზმი შეაჩერა.
კვლავ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, დაუბრუნდეს თავის ევროატლანტიკურ გზას, გამჭვირვალედ გამოიძიოს საპარლამენტო არჩევნებზე მომხდარი ყველა დარღვევა და გააუქმოს ანტიდემოკრატიული კანონები, რომლებიც ზღუდავს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას".
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 28 ნოემბერს განაცხადა, რომ საქართველო 2028 წლამდე აჩერებს ევროინტეგრაციის პროცესს. მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაპროტესტებლად ათასობით ადამიანი შეიკრიბა თბილისში, პარლამენტის შენობის წინ.
უკვე ორი ღამეა, რაც რუსთაველის გამზირზე, შსს-ს თანამშრომლები სპეციალური საშუალებებით არბევენ მომიტინგეებს, დასდევენ მათ ქუჩებში და ფიზიკურად უსწორდებიან. გავრცელებულ ვიდეომასალებში ჩანან დასისხლიანებული ადამიანები. დაზარალებულები ჰყვებიან, რომ პოლიციისა და სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლები მათ გამიზნულად ურტყამენ სახესა და თავის არეში.
ოფიციალური ინფორმაციით, გუშინ ღამით, გამთენიამდე დააკავეს 107 მომიტინგე. 29/30 ნოემბრის ღამეს, რუსთაველის თეატრის მიმდებარედ, პოლიციელებმა დემონსტრანტებს სხვადასხვა მხრიდან შემოარტყეს წრე, კედელთან მოიმწყვდიეს - და ფიზიკურად გაუსწორდნენ. მათი ნაწილი დააკავეს.