1-ელ აპრილს გრიგოლ ლილუაშვილმა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს წერილობით მიმართა, სადაც მან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა მოითხოვა. მეორე დღეს პრემიერმა ირაკლი კობახიძემ საკადრო გადაწყვეტილებების თაობაზე გააკეთა განცხადება, რითაც ცნობილი გახდა, რომ გრიგოლ ლილუაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობა დატოვა, მის პოსტზე კი კობახიძემ ანრი ოხანაშვილი წარადგინა. ოხანაშვილი იუსტიციის მინისტრის თანამდებობაზე “ქართული ოცნების“ დეპუტატმა, პაატა სალიამ შეცვალა.
როგორც კობახიძის ბრიფინგზე გახდა ცნობილი, ლილუაშვილი ახლად შექმნილი რეგიონული განვითარების სამინისტროს პორტფელს ჩაიბარებდა, თუმცა მეორე დღეს გაირკვა, რომ სუს-ის თანამდებობიდან წასული უფროსი კობახიძის მთავრობაში მინისტრობას არ დათანხმდა. როგორც ოფიციალურად ითქვა, შეუთანხმებლობის ძირითადი საკითხი ახლად შექმნილ სამინისტროში მოადგილეების კანდიდატურები აღმოჩნდა. კობახიძის განმარტებით: “გრიგოლ ლილუაშვილთან კონსულტაციების შედეგად გაირკვა, რომ არსებობდა განსხვავებული მიდგომები სამინისტროს საქმიანობის პრინციპებთან, მათ შორის სამინისტროში გასატარებელ საკადრო პოლიტიკასთან დაკავშირებით“.
რეგიონული განვითარების მინისტრად კი კახაბერ გულედანი დანიშნა.
საკადრო ცვლილებები განხორციელდა აჭარაშიც – 4 აპრილის დილას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის თანამდებობის დატოვების შესახებ საზოგადოებამ სოციალური ქსელით გაიგო. იმავე დღეს მიხეილ ყაველაშვილმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე დიდი ბრიტანეთის მიერ დასანქცირებული სულხან თამაზაშვილის კანდიდატურა წარადგინა. თამაზაშვილი დღემდე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი იყო. ასევე, თანამდებობა დატოვა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა გრიგოლ ბესელიამ, მისი ადგილი კი გიორგი ბუხრაშვილმა დაიკავა.
რას უკავშირდება “ოცნების“ გუნდში საკადრო ცვლილებები და რატომ შეელია ივანიშვილი მის სანდო კადრს? – ამის თაობაზე არაერთი ვერსია გავრცელდა. მათგან ერთ-ერთის თანახმად, ეს ბიძინა ივანიშვილის ყოფილი ბიზნესპარტნიორის და თაღლითობაში ბრალდებულის, გიორგი ბაჩიაშვილის ქვეყნიდან გაპარვას უკავშირდება ისე, რომ სუს-მა ვერაფერი გაიგო და ბრალდებულის მიმალვა თავიდან ვერ აიცილა, თუმცა, საინტერესოა, რომ ეს მაშინაც ცნობილი იყო, როცა კობახიძემ ლილუაშვილი ახალი სამინისტროს ხელმძღვანელად წარადგინა.
წყარო “ქართული ოცნებიდან“ ამბობს, რომ რეალურად ბაჩიაშვილი არაფერ შუაშია და ლულუაშვილმა, რეალურად, მოსალოდნელი სანქციები აიცილა თავიდან.
“გრიგოლ ლილუაშვილს კონტაქტები და კარგი ურთიერთობა აქვს ამერიკაში. ის რამდენიმე თვის წინ ამერიკაში ვიზიტითაც იმყოფებოდა, სადაც მას ივანიშვილის ფინანსური, ასევე, სანქციების საკითხების მოგვარება ევალებოდა. “ოცნების“ იმედის მიუხედავად, არაფერი მოგვარებულა. ამასთანავე, ლილუაშვილი მეტ-ნაკლებად ინარჩუნებდა გადაწყვეტილებებში თავისუფლებას, რის გამოც ბოლო დროს ურთიერთობა დაეძაბა კობახიძესთან და მის მითითებებს არ ასრულებდა. მას ამერიკაში ღარიბაშვილის მსგავსად, თავისი საქმე დალაგებული აქვს. მოგეხსენებათ, ამერიკაში ყოფილი გენპროკურორი შოთაძეც ჩავიდა… ამერიკელებმა მშვენივრად იციან იცოდნენ, რა ხდება საქართველოში. ჩათვალეთ, ლილუაშვილმა ამერიკის სანქციები აიცდინა, ჭკვიანი კაცია სათავისოდ. რასაც ოხანაშვილი გააკეთებს, იმაზე ეს არ წავიდოდა. ლილუაშვილი არც ამათ სჭირდებათ და მასაც აღარ აქვს მათთან თანამშრომლობის სურვილი, ლილუაშვილმა თავს უშველა და ამაში ხელი შეუწყო ივანიშვილმაც.
ლილუაშვილმა ამერიკის სანქციები აიცდინა, ჭკვიანი კაცია სათავისოდ. ლილუაშვილი არც ამათ სჭირდებათ და მასაც აღარ აქვს მათთან თანამშრომლობის სურვილი, “ოცნებას“ სანქციები ელოდებათ… ლილუაშვილმა თავს უშველა და ამაში ხელი შეუწყო ივანიშვილმაც… ლილუაშვილს საერთოდ არაფერში სჭირდებოდა სამინისტრო… ერთი სული ჰქონდა, როდის გათავისუფლდებოდა. მალე ნახავთ, სად აღმოჩნდება ცოლ-შვილით…“ – გვიამბო წყარომ.
“ოცნებაში“ მიმდინარე საკადრო ცვლილებებს პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე აფასებს:
– საინტერესო პროცესი მიდის “ქართულ ოცნებაში“, რაც ძალიან ჰგავს “ნაციონალური მოძრაობის“ ბოლო პერიოდის, 2012 წლის საკადრო გადაადგილებებს. რისგან შეიძლება იყოს გამოწვეული, რთული სათქმელია, ვერსიები მრავალგვარი შეიძლება იყოს, მაგრამ შთაბეჭდილება მრჩება, რომ ივანიშვილს თავისი ერთგული კადრები გაჰყავს პოლიტიკური ავანსცენიდან – კარგა ხანია არ ჩანს ღარიბაშვილი, მედიაში საერთოდ აღარ ფიგურირებს და გარკვეულწილად, დავიწყებასაც მიეცა. ალბათ იგივე გაკეთდება რიჟვაძესთან და ლილუაშვილთან მიმართებაში. ამიტომ არ გამოვრიცხავ, რომ ბიძინას თავისი კადრები ნელ-ნელა გაჰყავს ასპარეზიდან. ამის მიზეზები შეიძლება იყოს: მათ მიმართ მოსალოდნელი სანქციები, უკვე დასანქცირდნენ მოსამართლეები და რამდენადაც ვიცი, ლილუაშვილი ჯერ დასანქცირებული არ არის, ისევე, როგორც ღარიბაშვილი.
ამასთანავე. შესაძლოა “ქართული ოცნება“ ამ როტაციას იმისთვის აკეთებს, რომ რიგგარეშე არჩევნებზე მიდის (არც ამ ვერსიას გამოვრიცხავ) და მას მეტ-ნაკლებად ახალი სახეები და ძველი კადრების მოშორება სჭირდება, ამას კი არა ქართველი ელექტორატისთვის, არამედ დასავლელი პარტნიორებისთვის აკეთებს. მგონია, სადღაც აქ უნდა იყოს სიმართლე. რომ გითხრათ, ლილუაშვილს ძალიან მოუნდებოდა რეგიონული მინისტრობა, ტყუილი იქნება. სხვათა შორის, თავის დროზე ანალოგიური მოხდა ოქრუაშვილთან მიმართებით, თავდაცვის მინისტრობიდან ფინანსთა მინისტრად რომ გადაიყვანეს, რაზედაც მან უარი თქვა. მგონია, რომ კრიზისია “ოცნებაში“ და ამასთანავე, ივანიშვილს თავისი კადრები გაჰყავს აქტიური პოლიტიკიდან.
ივანიშვილის სანდო კადრებიდან გომელაურიღა დარჩა. ღარიბაშვილის კადრები კობახიძისამ ჩაანაცვლა. არ გამოვრიცხავ, მთელ ამ გუნდს სწირავდეს. ივანიშვილი თუ მათგან რადიკალურ ქმედებებს მოითხოვს, ეს იქნება ამ გუნდის პირდაპირი ჩაძირვა. საინტერესოა, გომელაურთან მიმართებით რა იქნება, ის უკვე მაგნიტსკის სიაშია და რაღა უნდა გააკეთონ, არ ვიცი, შესაძლოა მასაც დაეხმაროს ან როტაცია შეეხოს. ყოველ შემთხვევაში, პროცესი იქითკენ მიდის, რომ შემოდის ახალი კადრები და მთელი პასუხისმგებლობა მათ დაეკისრებათ.
– ერთ-ერთი ვერსიით, ლილუაშვილს აშშ-სთან “ვერდალაგება“ არ აპატიეს, თავად კი შეურაცხყოფილი დარჩა ახალ სამინისტროში განწესებით…
– ამერიკასთან სიტუაციას ლილუაშვილი კი არა, ტალეირანი ვერ დაალაგებდა. თუ ასეა და სერიოზულად ვინმეს ეს პრეტენზია ჰქონდა ლილუაშვილთან, ვფიქრობ, მას პოლიტიკაში არაფერი ესაქმება. აქ ისეთი ვითარებაა, რომ აშშ-სთან ურთიერთობების დალაგება არ გამოვა. მაინც ვფიქრობ, რომ ივანიშვილმა ის პროცესებს გაარიდა და ლილუაშვილმაც თავი აარიდა სანქციებს და ამის გამო აღარ ისურვა თანამდებობაზე დარჩენა.