9 ნაბიჯის შესრულების მხრივ მწირი პროგრესია — EC-ის გენერალური დირექტორი

2 weeks ago 14

ევროკომისიის (EC) გენერალური დირექტორი სამეზობლოს და გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში ხერტ იან კოოპმანი აცხადებს, რომ უცხოური გავლენის კანონპროექტი მიუღებელია და ძალიან სერიოზულ დაბრკოლებებს შეუქმნის ევროკავშირში გაწევრიანების გზას.

ამასთან, კოპმანის შეფასებით, ძალიან მწირი პროგრესია ევროკომისიის განსაზღვრული 9 ნაბიჯის შესრულების მხრივ.

„სიტუაცია, რომელიც აღმოვაჩინე, როდესაც აქ ჩამოვედი, ძალიან შემაშფოთებელია. თბილისის ქუჩებში ძალადობაა. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვგმობთ ძალადობას. [ევროკომისიის] პრეზიდენტმა ძალიან მკაფიოდ განაცხადა. შემაშფოთებელია განვითარებები ინიციირებული კანონმდებლობის მხრივ. კანონი, რომელიც მეორე მოსმენით არის მიღებული, მიუღებელია და ძალიან სერიოზულ დაბრკოლებებს შეუქმნის ევროკავშირში გაწევრიანების გზას. ამავდროულად, პროგრესი 9 ნაბიჯზე ჯერჯერობით შეზღუდულია, რაც კარგი არ არის“, — განაცხადა კოოპმანმა.

თუმცა, მისი თქმით, „დრო ჯერ კიდევ არის“ — ევროკომისია სექტემბერში შეიმუშავებს რეკომენდაციებს და გაფართოების ანგარიშს ოქტომბერ-ნოემბერში გამოაქვეყნებს.

„ჯერ კიდევ არის დრო, მაგრამ ბურთი ხელისუფლების ხელშია. ჩემი კარი ყოველთვის ღიაა. კომისია აქ არის კანდიდატ ქვეყნებთან სამუშაოდ. მე აღმოვაჩინე გარკვეული ღიაობა ამის გასაგრძელებლად. ვიცი, რომ ქართველ ხალხს სურს ევროკავშირთან დაახლოება. მჯერა, რომ მათ ხელისუფლებასაც ეს სურს, ეს ვიგრძენი. ასე რომ, იმედი მაქვს, გამოსწორდება ძალიან რთული ვითარება, რომელსაც დღეს ვხედავთ“, — განაცხადა კოოპმანმა.

კოოპმანმა თქვა, რომ გამჭვირვალობა, როგორც ფასეულობა, კარგია, თუმცა ამ სახით კანონის მიღება პრობლემურია გაწევრიანების გზაზე. ევროკავშირის შეთავაზებული დირექტივა, რომელსაც „ქართული ოცნება“ მათ მიერ ინიციირებული კანონპროექტის ანალოგად აფასებს, გენერალური დირექტორის თქმით, ძალიან განსხვავებულია — მისი დანიშნულებაა მესამე ქვეყნის დავალებით მოქმედი სუბიექტების განსაზღვრა და არა უბრალოდ დაფინანსების მიმღებების.

საუბარია „დემოკრატიის დაცვის პაკეტზე“, რომელიც საბჭოსა და ევროპარლამენტის მიერ ჯერ დამტკიცებული არ არის და რომლის მიხედვითაც მესამე ქვეყნის ინტერესთა წარმომადგენლები უნდა დარეგისტრირდნენ გამჭვირვალობის ეროვნულ მონაცემთა ბაზებში.

ევროკომისია კანონპროექტის განმარტებით ბარათში მიუთითებს, რომ ეს მიდგომა რადიკალურად განსხვავდება ზოგიერთ სხვა იურისდიქციებში, მათ შორის, საქართველოში დაფიქსირებული „უცხოელი აგენტების“ კანონებისგან იმით, რომ უარყოფითად არ ასახელებს კონკრეტული სუბიექტების საქმიანობას და არც სამოქალაქო სივრცის შეზღუდვას ცდილობს, ამასთან, არ მოითხოვს უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობას, რომელიც არ არის დაკავშირებული მესამე ქვეყნების სახელით განხორციელებულ ინტერესთა წარმომადგენლობით საქმიანობასთან.

სრულად წაკითხვა