3
ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები საქართველოს პრეზიდენტს სპეციალური პეტიციით მიმართავენ. ხელოვანები აცხადებენ, რომ ევროინტეგრაციის პროცესის შეწყვეტას ემიჯნებიან და ითხოვენ, შეწყდეს მშვიდობიან დემონსტრანტებზე ძალადობა.
ამასთან, ისინი იმ ნაბიჯებზე ამახვილებენ ყურადღებას, რომელიც ქვეყანაში არსებული საფრთხის თავიდან ასაცილებლად არის საჭირო.
ჩვენ, ხელოვნების სფეროს ყველა პროფესიული მიმართულების წარმომადგენლები, ვემიჯნებით ევროინტეგრაციის პროცესის შეწყვეტას. მოვითხოვთ: ჩვენი კონსტიტუციის 78 -ე მუხლის უპირობოდ დაცვას, ჩვენს მოქალაქეებზე ძალადობის შეწყვეტას და ქვეყნის ევროპული კურსის დაბრუნებას.
ქვეყანაში შექმნილი უკიდურესად საშიში ვითარება სასწრაფო რეაგირებას საჭიროებს!
ამისთვის მიგვაჩნია:
სასწრაფოდ შეიკრიბონ, ოპოზიციური პროდასავლური კოალიციებისა და პარტიების ლიდერები, საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად, ერთადერთი ლეგიტიმური ინსტიტუციის – საქართველოს პრეზიდენტის ქოლგის ქვეშ!
- შექმნან ერთიანი საკოორდინაციო საბჭო და აიღონ პასუხისმგებლობა სამოქალაქო პროტესტების მშვიდობიან მართვაზე, მთავარი მოთხოვნით – დაინიშნოს ახალი არჩევნები!
- დააფუძნონ დროებითი წარმომადგენლობითი ორგანო საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად, პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის თავმჯდომარეობით .
- მიავლინონ სპეციალური მისია ბრიუსელში, ევროინტეგრაციის პროცესის აღსადგენად. წარმოადგინონ ქართველი ხალხის ნება და კონსტიტუციური მოთხოვნა – საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.