„ვემსახურებით საქართველოს მოქალაქეების ინტერესებს“ - NGO-ებმა ანტიკორუფციულ ბიუროს უპასუხეს

3 days ago 2

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებმაც უკვე მეორედ მიიღეს ანტიკორუფციული ბიუროდან წერილი, რომლითაც სთხოვენ განმარტებას, რატომ არ დარეგისტრირდნენ ე.წ. აგენტებად, უწყებას წერილობით პასუხობენ და უყვებიან, რას აკეთებდნენ წლების განმავლობაში საერთაშორისო ორგანიზაციებიდან და პარტნიორებიდან მიღებული დაფინანსებით.

„მედიის განვითარების ფონდი ანტიკორუფციული ბიუროსთან გაგზავნილ წერილში ხაზს უსვამს, რომ MDF-ის საქმიანობა, რომლისთვისაც ორგანიზაცია ევროკავშირის, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მთავრობების და სხვა დასავლური დონორების დაფინანსებას იღებს, გამჭვირვალეა და ემსახურება მხოლოდ და ექსკლუზიურად საქართველოს მოქალაქეების ინტერესებს და თანხვედრაშია კანონმდებლობასა და პოლიტიკის დოკუმენტებში საქართველოს ხელისუფლების მიერ გაცხადებულ მიზნებთან“, - აცხადებენ „მედიის განვითარების ფონდში“.

ორგანიზაცია ანტიკორუფციულ ბიუროს შეახსენებს, რომ მისი საქმიანობა თანხვედრაშია საქართველოს კანონმდებლობასთან და ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ პრიორიტეტებთან.

„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ აცხადებს, რომ ანტიკორუფციული ბიუროს დახმარებით „ქართული ოცნება" უკვე იყენებს ავტორიტარულ კანონებს სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ.

"სოციალური სამართლიანობის ცენტრი" მიიჩნევს, რომ „კანონის გონივრული და კეთილსინდისიერი განმარტების პირობებში შეუძლებელია ჩვენი ორგანიზაცია უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის კანონის ადრესატად იყოს განხილული“. იგი ჩამოთვლის იმ ხუთ არგუმენტს, რომელთა გამოც, ორგანიზაციის შეფასებით, არ ეკუთვნით ე.წ. აგენტად რეგისტრაცია. მათ შორისაა "სოციალური სამართლიანობის ცენტრის" დამოუკიდებლობა, დაფინანსების სხვადასხვა წყარო და ა.შ.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ამბობს, რომ არც ამერიკული FARA და არც მისი ქართული თარგმანი არ ვრცელდება სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებზე და შესაბამისად მათ არ აქვთ „აგენტად“ რეგისტრაციის ვალდებულება:

„ხელისუფლება აპელირებს, რომ ე.წ. ქართული ფარა ამერიკული ფარას ანალოგია, თუმცა „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ აშშ-ს ფილიალი ამერიკულ ფარაში რეგისტრირებული არ არის“.

რამდენიმე დღის წინ შვიდმა ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ ("საფარი", "სამოქალაქო საზოგადოების ფონდი", "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო", "მედიის განვითარების ფონდი", „სოციალური სამართლიანობის ცენტრი", „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი“, "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება [ISFED]") განაცხადა, რომ ანტიკორუფციული ბიუროდან მიიღეს წერილი, რომელშიც „გვედავებიან ე.წ. „უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონის დარღვევას, ასევე, გვემუქრებიან სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობით და გვთხოვენ განმარტებებს, თუ რატომ არ დავრეგისტრირდით აგენტებად."

ამ არასამთავრობო ორგანიზაციებს სამოქალაქო საზოგადოების 34-მა წარმომადგენელმა ერთობლივი განცხადებით სოლიდარობა გამოუცხადა.

სრულად წაკითხვა