WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

ვენეციის კომისიამ განაცხადა, რომ 2025 წლის ოქტომბრის საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც ასაკრძალ პარტიებთან დაკავშირებულ ფიზიკურ პირებს შეზღუდვებს უწესებს, პლურალიზმისა და დემოკრატიის საერთაშორისო სტანდარტებს ეწინააღმდეგება და ქვეყნის კონსტიტუციური წესრიგის დაცვის ნაცვლად, მისი “საფუძვლიანად შერყევის” საფრთხეს ქმნის.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თავმჯდომარის თხოვნით მომზადებულ 22-გვერდიან მოსაზრებაში, კომისიამ სადავო პარლამენტის მიერ 2025 წლის 16 ოქტომბერს მიღებული საკანონმდებლო პაკეტი შეაფასა, რომლითაც შეზღუდვები არა მხოლოდ არაკონსტიტუციურად ცნობილ პარტიებზე, არამედ მათთან „ასოცირებულ“ პირებზეც ვრცელდება.

რამდენიმე კანონში შეტანილი ცვლილებები უკრძალავს ასეთ პირებს პოლიტიკური პარტიების დაფუძნებას ან მათში გაწევრიანებას, არჩევნებში მონაწილეობას, პოლიტიკური თანამდებობის დაკავებას და სხვა პოლიტიკური უფლებების განხორციელებას, ამასთანავე, საარჩევნო მანდატების შეწყვეტისა და პარტიული სიების დისკვალიფიკაციის საშუალებას იძლევა.

მოსაზრების თანახმად, ცვლილებები „კიდევ უფრო ავითარებს ურთიერთდაკავშირებულ სამართლებრივ ჩარჩოს, რომელიც არეგულირებს პოლიტიკური პარტიების აკრძალვას და აქედან გამომდინარე შედეგებს როგორც პოლიტიკური პარტიებისთვის, ასევე ასეთ პარტიებთან „ასოცირებული“ პირებისთვის“.

პოლიტიკური პარტიების აკრძალვისა და მასთან დაკავშირებული სანქციების მარეგულირებელ საერთაშორისო სტანდარტებზე დაყრდნობით, ვენეციის კომისიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ასეთი ზომების გამართლება შესაძლებელია მხოლოდ „ძალიან შეზღუდულ გარემოებებში“, მათ შორის „დემოკრატიის დაცვის აუცილებლობის შემთხვევაში“ და „ექვემდებარება მკაცრ ლეგიტიმურ მიზნებსა და პროპორციულობის მოთხოვნებს“. თუმცა, „არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ 2025 წლის ოქტომბრის პაკეტს ასეთი აუცილებლობა განაპირობებდა“, – აღნიშნა კომისიამ.

„დაშლილ პოლიტიკურ პარტიებთან „ასოცირებული“ პირებისთვის დაწესებული შეზღუდვები სერიოზულ შეშფოთებას იწვევს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით“, – ნათქვამია მოსაზრებაში.

კომისიამ ასევე გააფრთხილა, რომ ამგვარმა ზომებმა „შესაძლოა ძირი გამოუთხაროს საარჩევნო პროცესებსა და პოლიტიკურ პლურალიზმს, რადგან კანდიდატების მოხსნამ ან მანდატების შეწყვეტამ – განსაკუთრებით საარჩევნო პერიოდში ამ ზომების დაჩქარებული წესით გამოყენებამ – შესაძლოა საარჩევნო კონკურენციის დამახინჯება და ამომრჩეველთა არჩევანის თავისუფლების შეზღუდვა გამოიწვიოს“.

დასკვნით შეფასებაში ვენეციის კომისია არ დაეთანხმა კანონმდებლობის გაცხადებულ დასაბუთებას და განაცხადა, რომ ეს ზომები არ ემსახურება მათ დეკლარირებულ მიზანს – დაიცვას საქართველოს კონსტიტუციური წესრიგი.

„ეს კანონმდებლობა არა კონსტიტუციურ წესრიგს იცავს, არამედ მის საფუძვლიანად შერყევის საფრთხეს ქმნის. იგი ეწინააღმდეგება პლურალიზმისა და დემოკრატიის საერთაშორისო სტანდარტებს“, – დასძინა კომისიამ.

This post is also available in: English