WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

რუსეთი სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მომზადების პროცესს არ დააფინანსებს, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ეკატერინბურგში, საერთაშორისო ახალგაზრდულ ფესტივალზე გამოსვლისას.

„რუსეთს არ სურს დააფინანსოს ევროკავშირში გაწევრიანების ან ევროკავშირში წევრობისთვის მომზადების პროცესი იმ დიდი პრივილეგიების გამოყენებით, რომლებიც სომხეთმა ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში (EAEU) მიიღო“, – განაცხადა ლავროვმა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე ისაუბრა სომხეთის ხელისუფლების პოლიტიკაზე ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

„თუ ვსაუბრობთ სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის მთავრობის ძალისხმევაზე, რომელიც ევროკავშირისკენ არის მიმართული, დარწმუნებული ვარ, რომ ევროკავშირის ხელისუფლებამ შეიძლება ისინი მოატყუოს და ასეც მოიქცევა. ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება სომხეთი ევროკავშირის წევრი გახდეს. ამავდროულად, თურქეთი ან, მაგალითად, სერბეთი უკვე რამდენიმე ათეული წელია რიგში დგანან“.

იქამდე, პუტინისა და ფაშინიანის შეხვედრის დროს, პუტინმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს. მისი თქმით, მოსკოვი აღიარებს სომხეთის უფლებას, თავად განსაზღვროს ქვეყნის განვითარების მიმართულება.

„სომხეთის სწრაფვა ევროკავშირისკენ ქვეყნისა და ხალხის ბუნებრივი, კანონიერი უფლებაა. სომხეთი სუვერენული სახელმწიფოა და სომეხმა ხალხმა უნდა განსაზღვროს თავისი განვითარების მიმართულება“, – განაცხადა პუტინმა.

თუმცა, მისივე შეფასებით, ევროკავშირთან ინტეგრაციისკენ სომხეთის სწრაფვა პრობლემებს ქმნის ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში ქვეყნის წევრობისთვის.

პუტინის თქმით, ევროკავშირისა და ევრაზიული ეკონომიკური კავშირის რეგულაციები და სტანდარტები ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება, რაც შესაძლოა სომხეთისთვის ორივე გაერთიანებაში ერთდროულად ყოფნას ართულებდეს.