"ვთქვი, რომ უნდა იყოთ ფხიზლად, რომ არ გააკეთოთ შეცდომები" - რა უთხრა რუხაძემ კობახიძეს ბიზნესთან შეხვედრაზე

12 hours ago 2

ტელეკომპანია "იმედის" მფლობელი, ირაკლი რუხაძე ამავე ტელევიზიასთან, 15-წუთიან კომენტარში საუბრობს, რა უთხრა მან პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე 23 დეკემბერს.

რუხაძის თქმით, კობახიძემ "გრძლად და დეტალურად" მოჰყვა ისტორია, უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე, რასაც "გულისყურით უსმინა", თუმცა მისივე სიტყვებით, ეს არ ნიშნავს, რომ მას ყველა ეთანხმება.

"ამ ისტორიას მე დიდწილად ვეთანხმები, შეიძლება ყველა ნიუანსს არა. ამ ყველაფერს გულისყურით ვუსმენდით. პრემიერს ვუთხარი, რომ ეს ისტორია, რომელსაც თქვენ ჰყვებით, ძალიან რთული ისტორიაა. ის, რომ ჩვენ გულისყურით გისმენდით და არ გაწყვეტინებდით, არ უნდა გადაითარგმნოს იმაში, რომ ყველანი ვეთანხმებით. ჩვენ, უბრალოდ პატივისცემით გისმენდით, მაგრამ არ ნიშნავს, რომ ამას, ამ ოთახში მყოფი ხალხი ეთანხმება.

მოკლედ, ისტორია არის შემდეგი - უკრაინაში დაიწყო ომი, ამის შემდეგ საქართველოს სთხოვეს ამ ომში ჩართვა, სხვადასხვა ინტერპრეტაციაა, როგორ. საქართველომ უარი თქვა ამ ომში ჩართვაზე, უარი თქვა დიდი სანქციების დაწესებაზე და ამას მოჰყვა ძალიან დიდი ტალღა, ცუნამი დასავლეთის ქვეყნებისგან. [...]

მე უბრალოდ ვთქვი, შენ თუ თავიდან, პირველი ნაწილის არ გჯერა, რომ საქართველოდან მოითხოვდნენ ამ ომში ჩაბმას, მაშინ ყველაფერი სხვა საგიჟეთია, ყველანაირი მოქმედება, რაც "ქართულმა ოცნებამ" გააკეთა, არაფერში არ ჯდება. უცებ მთელ დასავლურ სამყაროს შეასკდა, ყველა გადაიმტერა, მთელი მსოფლიო მოგვიტრიალდა და ჩვენ გვაგინებდა. ეს არაფერში ჯდება, თუ იმ პირველი ნაწილის [ომში ჩაბმის] არ გჯერა. ჩემი გამოსვლის მთავარი ნაწილი იყო ეს. მე ვთქვი, რომ ესაა ურთულესი ისტორია და მე ზუსტად ვიცი, რომ ამ ოთახში ზის ხალხი, რომელსაც ამ პირველი ნაწილის არ სჯერა...", - ჰყვება რუხაძე.

მისივე თქმით, მან პრემიერს უთხრა, იყვნენ "განსაკუთრებით ფხიზლად", რათა არ დაუშვან შეცდომები, მათ შორის, არ გააკეთონ ისეთი განცხადება, რომელიც გაკეთდა 28 ნოემბერს [„ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებით, 2028 წლამდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი დღის წესრიგში არ დადგება.]

"მე ვთქვი, თქვენ უნდა იყოთ განსაკუთრებით ფხიზლად, რომ არ გააკეთოთ შეცდომები. მაგალითად, არ გააკეთო განცხადება, რომელიც გაკეთდა ნოემბერში, ერთ საათში გიწევს [28 ნოემბრის განცხადების] იმის შეცვლა, ახსნა. ამდენი ხანია, ამ განცხადებაში რა თქვა პრემიერმა, იმას ვისმენთ. ეს არ შეიძლება. უკვე იმდენად დაძაბული და რთული სიტუაციაა, იმხელა ძალები გყავს დაპირისპირებული, რომ უნდა იყო ძალიან ფრთხილად", - თქვა მან.

რუხაძემ მეორე საკითხად აღნიშნა პრეზიდენტად მიხეილ ყაველაშვილის არჩევა და როგორც ის ამბობს, კობახიძეს უთხრა, რომ "შეიძლებოდა უკეთესი ყოფილიყო" ისეთი კანდიდატი, რომელიც დასავლეთთან უფრო კონსტრუქციულად მუშაობდა.

"მეორე, ვთქვი, რომ ბევრად უკეთესი იქნებოდა, მე თუ მკითხავთ, იმისდა მიუხედავად, რომ მე ბატონ ყაველაშვილს არ ვიცნობ, მხოლოდ კარგი გამიგია მასზე და შეიძლება, ფანტასტიური კანდიდატია... შესაძლებელია, უკეთესი ყოფილიყო, უფრო გამაერთიანებელი ადამიანი ყოფილიყო არჩეული, განსაკუთრებით, ადამიანი, რომელიც დასავლეთთან უფრო კონსტრუქციულად მუშაობდა, ვიდრე "ხალხის ძალა".

ყოველდღიური პროევროპული საპროტესტო აქციების ფონზე „ქართულ ოცნებას“ საჯაროდ ბიზნესმენების ერთი ჯგუფი უჭერს მხარს. ამასთან, 2300-ს აღწევს იმ კომპანიების რიცხვი, რომლებიც კრიზისის დაძლევის გზად ახალ არჩევნებს მიიჩნევენ.

სრულად წაკითხვა