WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

ვიეტნამის ვიცე-პრეზიდენტი ვო თჰი ან სუანი, დელეგაციასთან ერთად, 12 ოქტომბერს ოფიციალური ვიზიტით საქართველოში ჩამოვიდა. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები „ქართული ოცნების“ მთავრობის წარმომადგენლებთან და ორმხრივი თანამშრომლობის დოკუმენტებს მოეწერა ხელი.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სუანს „ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი დახვდა. ვიზიტის ფარგლებში იგი ასევე შეხვდა „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესა და „ქართული ოცნების“ მიერ არჩეულ პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს. ასევე დაგეგმილია მისი შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან.

12 ოქტომბერს სუანი მთავრობის ადმინისტრაციაში ირაკლი კობახიძეს შეხვდა.  გაფართოებული ფორმატის შეხვედრაში ორი ქვეყნის მთავრობის წევრები მონაწილეობდნენ.

შეხვედრაზე საუბარი საქართველოსა და ვიეტნამს შორის ურთიერთობებს და „სხვადასხვა სფეროებში“ თანამშრომლობის შესაძლებლობებს შეეხო. „ხაზი გაესვა ვიცე-პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტის მნიშვნელობას ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებისთვის. აღინიშნა, რომ ამ პროცესში ვიეტნამში საქართველოს საელჩოს გახსნა მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება“, – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის პრესრელიზში.

მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა „პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირების გაძლიერების მიმართულებით. ხაზი გაესვა ბოლო წლებში საქართველოსა და ვიეტნამს შორის სავაჭრო ბრუნვის მზარდ დინამიკას და ტურიზმის მიმართულებით არსებულ პოზიტიურ მაჩვენებლებს“.

„ყურადღება დაეთმო საქართველოს სტრატეგიულ მდებარეობას და შუა დერეფნის, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი მარშრუტის როლს, რომელიც ახალ შესაძლებლობებს ქმნის საქართველოსა და ვიეტნამს შორის კავშირების გასაძლიერებლად“, – ნათქვამია პრესრელიზში.

კობახიძემ ვიეტნამის ვიცე-პრეზიდენტს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

ამავე დღეს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი ზურაბაშვილი თავის ვიეტნამელ კოლეგას, დანგ ჰოანგ გიანგს შეხვდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა განიხილეს „საქართველოსა და ვიეტნამს შორის ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები“. მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს საქართველოს „სატრანზიტო პოტენციალსა და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობებზე“.

შეხვედრა საქართველოსა და ვიეტნამის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის „თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმის“ ხელმოწერით დასრულდა.

13 ოქტომბერს, „ქართული ოცნების“ მიერ არჩეულმა პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ვიცე-პრეზიდენტ ვო თჰი ან სუანს პრეზიდენტის სასახლეში უმასპინძლა.

„მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების განვითარება, მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგის გაღრმავება, სავაჭრო-ეკონომიკური, სატრანსპორტო, საინვესტიციო, ტურისტული, საგანმანათლებლო, კულტურული და ტექნოლოგიური თანამშრომლობის გაფართოება განიხილეს“, – ნათქვამია ყაველაშვილის ადმინისტრაციის პრესრელიზში.

„თანამშრომლობის მნიშვნელოვან მიმართულებებად გამოიკვეთა ინოვაციები, საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები, ხელოვნური ინტელექტი, მეცნიერება და კვლევა. ყურადღება ასევე დაეთმო უნივერსიტეტებს შორის პირდაპირი კავშირებისა და აკადემიური თანამშრომლობის განვითარებას“, – ნათქვამია პრესრელიზში.

This post is also available in: English