ვინ (არ) იყო კობახიძის წყარო რუმინეთზე, იტალიასა და ესპანეთზე დეზინფორმაციაზე

3 days ago 4

„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ევროკავშირის სამმა ქვეყანამ, რომლებმაც ის ტყუილში ამხილეს, წნეხს ვერ გაუძლეს.

საუბარია რუმინეთზე, იტალიასა და ესპანეთზე. კერძოდ, 17 დეკემბერს, ირაკლი კობახიძემ მადლობა გადაუხადა უნგრეთს, სლოვაკეთს, იტალიას, ესპანეთსა და რუმინეთს იმის გამო, რომ მათ ევროკავშირის საბჭოზე მხარი არ დაუჭირეს ქართველი მაღალჩინოსნებისთვის სანქციების დაწესებას. მოგვიანებით კობახიძის განცხადება უარყვეს რუმინეთმა, იტალიამ და ესპანეთმა.

„ოცნების“ პრემიერ-მინისტრი ვერ ასახელებს იმ წყაროებს, რომელზე დაყრდნობითაც აცხადებდა, რომ ამ ქვეყნებმა სანქციებს მხარი არ დაუჭირეს.

ერთადერთი წყარო, ვინც კობახიძემ დღეს, 18 დეკემბერს, გამართულ ბრიფინგზე დაასახელა, „რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს ჟურნალისტი რიკარდ იოზვიაკია.  თუმცა არც იოზვიაკს გაუვრცელებია ინფორმაცია, რომ იტალია და ესპანეთი სანქციებს ეწინააღმდეგებოდნენ. როგორც იოზვიაკი X-ზე, საკუთარი პოსტის ქვეშ, კომენტარების სექციაში მომხმარებლის საპასუხოდ წერდა, სანქციების წინააღმდეგი უნგრეთი, სლოვაკეთი და რუმინეთი იყვნენ.

გარდა ამისა, კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე მის მიერ დასახელებულ 5 ქვეყანას, რომლებიც თითქოს სანქციებს ეწინააღმდეგებოდნენ,  კიდევ ერთი – ლუქსემბურგი – დაუმატა.

“სინამდვილეში თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ქალბატონი კაია კალასის განცხადება, სადაც ის ამბობს, რომ უნგრეთი, სლოვაკეთი, ლუქსემბურგი [წავიდნენ სანქციების წინააღმდეგ]. სამწუხაროდ, მე არ მიხსენებია ლუქსემბურგი და მასაც ეკუთვნის მადლობა, როგორც ჩანს, თუ არ უარყოფენ საკუთარ პოზიციას, მადლობა ეკუთვნის ქართველი ხალხის მიმართ მხარდაჭერისთვის.

კაია კალასმა განაცხადა, რომ იყო უნგრეთი, სლოვაკეთი, ლუქსემბურგი და რამდენიმე სხვა ქვეყანა, რომელიც წავიდა სანქციების წინააღმდეგი და კიდევ ერთხელ ამ ქვეყნებს მადლობა მხარდაჭერისთვის.

რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, ჩვენ რა ინფორმაცია გვქონდა – მაგალითად, რომ ავიღოთ რუმინეთი, არის „რადიო თავისუფლების“ ევროპული ბიუროს ჟურნალისტი, რომელსაც ძალიან ხშირად ეყრდნობა ხოლმე ქართული მედია, ბატონი იოზვიაკი, რომელმაც დაადასტურა, რომ რუმინეთი იყო ერთ-ერთი, ვინც წავიდა სანქციების წინააღმდეგ. თუმცა ნახეთ, რომ გუშინ პირველი აიძულეს, რომ საწინააღმდეგო პოზიცია დაეფიქსირებინა… არავის უკვირს, რომ რუმინეთს იმის საპირისპირო განცხადება გააკეთებინეს, ვიდრე იყო მათი ქმედება საქართველოსთან მიმართებით. იგივე ეხება ესპანეთს და იტალიას, აქაც საჯარო, მსგავს წყაროებში ვრცელდებოდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ იტალია და ესპანეთი უპირისპირდებოდნენ სანქციების იდეას და ამას დაემთხვა ჩვენი წყაროებიდან მიღებული ინფორმაცია… ჩვენ გვაქვს უფლება, რომ ეს წყაროები არ დავასახელოთ… რეალურად იყო წნეხი, რის გამოც მოუწიათ იმ პოზიციის უკან წაღება, რაც დააფიქსირეს“, – განაცხადა კობახიძემ.

როგორც კობახიძე ირწმუნება, ლუქსემბურგის წინააღმდეგობის შესახებ თავად კაია კალასმა განაცხადა, ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესი წარმომადგენელმა. თუმცა კალასს მსგავსი განცხადება არ გაუკეთებია.

ევროკავშირის საბჭოს შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე კალასმა თქვა, რომ სანქციებისთვის 27-ვე წევრის თანხმობა არ არსებობდა, მას არ დაუკონკრეტებია ქვეყნები, რომლებიც ამის წინააღმდეგი იყვნენ. ამავე პრესკონფერენციაზე კალასს ჟურნალისტმა სთხოვა შეეფასებინა სიტუაცია, რადგან „უნგრეთი და სლოვაკეთი სანქციების წინააღმდეგი იყვნენ საქართველოსთვის“. პასუხად კალასმა თქვა, რომ ეს მისი „პირველი უნგრული ვეტო“ იყო, თუმცა მას სხვა ქვეყნების წინააღმდეგობაზე არაფერი უთქვამს და არც რომელიმე სხვა ქვეყანა დაუსახელებია.

თუმცა არსებობს ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრის ქსავიე ბეტელის განცხადება, რომელიც მან 16 დეკემბერს ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე გააკეთა.

ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, სრულად უჭერს მხარს საქართველოში დემონსტრანტების ძალადობრივად დასჯაზე პასუხისმგებელი პირების დასანქცირებას. თუმცა, მისივე თქმით, სხვა საკითხია 26 ოქტომბრის არჩევნები და საქართველოსთან დაკავშირებით ეს ამბავი 2 საკითხად უნდა დაიყოს.

„თუ ჩვენ ვიტყვით, რომ სანქციები უნდა დავაწესოთ არჩევნების გამო, პირველ რიგში, უნდა დავრწმუნდეთ, რომ იყო გაყალბება, ასეულობით დამკვირვებელი იმყოფებოდა არჩევნებზე და ჩემთვის მნიშვნელოვანია მოვისმინოთ, იყო თუ არა გაყალბება და იმიტომ არ ვსაუბრობთ დასჯაზე, რომ შედეგები არ მოგვწონს.

თუმცა მიუღებელია ხელისუფლების ქცევა, დასაჯოს დემონსტრანტები ასე ძალადობრივად. ეს არის მიუღებელი და აქ უნდა დავსაჯოთ პასუხისმგებელი პირები. მაგრამ იმ პარტიის დასჯა [არჩევნებისთვის], რომელსაც კარგი შედეგები ჰქონდა და ჩვენ ეს არ მოგვეწონა, ჩემთვის მისაღები არ არის. ჩვენ გვჭირდება შიდა დისკუსია და შეთანხმებამდე მისვლა, რომელიც ყოველთვის ადვილი არ არის.

არჩევნები ერთი საკითხია, მაგრამ პასუხისმგებლობის დაკისრება ცუდი საქციელისთვის – მეორე. ჩემი მხრივ არ დავბლოკავ და პირიქით, მხარს ვუჭერ მათ სანქცირებას, ვინც პატივს არ სცემს ხალხს. მაგრამ არჩევნები სხვა საკითხია. და თუ ისინი [“ქართული ოცნება”] მართალნი არიან [არჩევნებში]… ევროპისკენ გზა… ეს სამწუხაროა მათთვის, განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის, იმიტომ, რომ ევროპული მომავლის სურვილები და ოცნებები ჰქონდათ და პოლიტიკური მიზეზების გამო ყველაფერი განადგურდა”, – განაცხადა ბეტელმა.

სრულად წაკითხვა