47
პარლამენტში კულტურის მინისტრად დანიშნულ მაია ბითაძეს „ქართული ოცნების“ პარტიული სიით ბიზნესმენი ქეთევან ხუროძე ჩაანაცვლებს. ხუროძე მმართველი პარტიის სიაში მომდევნო ადგილმონაცვლეა.
აღნიშნული ინფორმაცია ხუროძემ On.ge-ს თავადაც დაუდასტურა.
მაია ბითაძე, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტს ხელმძღვანელობდა, ირაკლი კობახიძემ კულტურის მინისტრად ორი დღის წინ დანიშნა. კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე ის თორნიკე ჭეიშვილმა შეცვალა.
რა არის ცნობილი ქეთევან ხუროძის შესახებ
ქეთევან ხუროძე „ქართული ოცნების“ საპარლამენტო სიაში 105-ე ნომერია. იგი ბიზნესსექტორში საქმიანობს და რამდენიმე კომპანიას ხელმძღვანელობს:
- არის „მეიდანი ჯგუფში“ შემავალი უძრავი ქონების მართვისა და განვითარების კომპანიის, შპს „მეიდანია ფროფერთის“ დირექტორი;
- სამეწარმეო რეესტრის მონაცემებით, იკავებს შპს „ძველი მეიდანისა“ და შპს „სიღნაღის ეთნოპარკის“ დირექტორის პოსტებს;
- ფლობს 25%-იან წილს თხილის სექტორში მომუშავე კომპანია შპს „ჯეონათში“.
გამოცემა წერს, რომ კერძო სექტორის გარდა, ხუროძე აკადემიურ საქმიანობასაც ეწევა – იგი აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტის (East-West University) ვიცე-პრეზიდენტია.
უნივერსიტეტის ოფიციალური ვებგვერდის მიხედვით, ქეთევან ხუროძემ 2007 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, 2010 წელს — კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლა, ხოლო მოგვიანებით სამოქალაქო სამართლის მიმართულებით დოქტორანტურა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიარა. მას იურიდიულ, საგანმანათლებლო და პროექტების მართვის სფეროებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.(ბიემჯი)
საერთაშიროსო alia.ge