საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა კირიაკოს მიცოტაკისმა პრეზიდენტის თანამდებობაზე თავისი პარტიის, „ნეა დიმოკრატიას“ წარმომადგენელი, პარლამენტის თავმჯდომარე კონსტანტინე ტასულასი წარადგინა. ამის შესახებ Ekathimerini იტყობინება.
პრემიერის ამ გადაწყვეტილებამ დაარღვია საპრეზიდენტო კანდიდატის მმართველი უმრავლესობის გარედან წარდგენის ტრადიცია. მიცოტაკისი ამტკიცებს, რომ ამ გადაწყვეტილების მთავარი კრიტერიუმი კანდიდატის პოლიტიკური გამოცდილება და „საზოგადოების ნდობაა“.
„ბატონი ტასულასის „პოლიტიკური გამაერთიანებელის“ უნარის აღიარებაა, რომ იგი პოსტდიქტატურულ ეპოქაში სამჯერ აირჩიეს საბერძნეთის პარლამენტის თავმჯდომარედ უმრავლესობით: 283, 270 და 249 ხმით“, – განაცხადა მიცოტაკისმა.
66 წლის კონსტანტინოს ტასულასი იურისტია, იყო საბერძნეთის კულტურის მინისტრი, 2000 წლიდან კი პარლამენტის დეპუტატია.
ოპოზიციურმა პარტიებმა შესაძლოა მხარი არ დაუჭირონ მის კანდიდატურას. მემარცხენე პარტიამ „სირიზამ“ პრეზიდენტის პოსტზე ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ლუკა კაცელი წარადგინა.
არჩევისთვის კანდიდატს 300-მანდატიან პარლამენტში მინიმუმ 151 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.
ამჟამინდელ პრეზიდენტს კატერინა საკელაროპულუს უფლებამოსილება მარტში ეწურება და ამ პოსტზე საპარლამენტო კენჭისყრა 25 იანვარს არის მოსალოდნელი.
პრეზიდენტის თანამდებობა საბერძნეთში, ძირითადად, ცერემონიალური ხასიათისაა, აქვს შეზღუდული პოლიტიკური უფლებამოსილება, არ აქვს ვეტოს გამოყენების და პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გათავისუფლების უფლება.
მანანა ბანძელაძე