1
თბილისის მუზეუმების გაერთიანების გენერალურ დირექტორად გიგა დაიაური დაინიშნა. მანამდე ამ პოზიციიდან თბილისის მერიამ ნინი სანადირაძე გაათავისუფლა.
სანადირაძის თქმით, მუზეუმების გაერთიანებაში 9-წლიანი მუშაობის შემდეგ, სავალდებულო პროცედურის დარღვევით, ვადამდე ორი წლით ადრე გაათავისუფლეს, სავარაუდოდ, პოლიტიკური მოტივით. მისი გათავისუფლების შესახებ განკარგულება 3 აპრილით თარიღდება და მას ხელს კახა კალაძე აწერს. განკარგულებით სანადირაძეს 8 აპრილიდან უნდა დაეტოვებინა თანამდებობა. გავრცელებული ინფორმაციით, ამავე დღიდან იკავებს მუზეუმების გაერთიანების გენერალური დირექტორის პოსტს გიგა დაიაური.
სანადირაძის გათავისუფლების შესახებ განკარგულებაში მოტივი და მიზეზი ახსნილი არ არის.
ეროვნული მუზეუმიდან გათავისუფლებული თანამშრომლები ამბობენ, რომ გიგა დაიაური მუზეუმის ადვოკატად იყო წარმოდგენილი მათ წინააღმდეგ სასამართლო დავებში.
დაიაურის შესახებ ინფორმაცია ღია წყაროებში პრაქტიკულად არ იძებნება. სოციალურ ქსელებში სამუშაო ადგილად ამ დრომდე იუსტიციის სამინისტრო აქვს მითითებული.
2024 წლის დეკემბრის ბოლოდან დღემდე არაერთი საჯარო უწყებიდან ასობით საჯარო მოხელე მოულოდნელად გაათავისუფლეს. მათ შორის, ათობით თანამშრომელი გაათავისუფლეს თბილისის მერიიდან. ისინი ამ პროცესს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს უკავშირებენ.