1
ყოფილი პარლამენტარი, დავით ზურაბიშვილი:
,,პატარა შენიშვნასავით.
როცა ე. წ. ქოცებს მთელი გულმოდგინებით უხსნიან თუ რა ცუდია რუსეთი და რა კარგია ევროპა; უხსნიან, რომ ევროპაში არის კეთილდღეობა და მშვიდობა, ხოლო რუსეთში ხვნა და შიმშილი და ა. შ., ეს არის სრულიად უაზრო და ამაო გარჯა.
რატომ? იმიტომ, რომ ეს ყველაფერი ე. წ. ქოცმა, როგორც წესი, მშვენივრად იცის.
ცხადია არიან ისეთებიც, რომლებსაც გულწრფელად სჯერათ, რომ ქართველებისთვის რუსეთზე უკეთესი ქვეყანა არ არსებობს, მაგრამ ასეთები ძალიან ცოტანი არიან. ამ ხელისუფლების მომხრეთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ კარგად იცის, რომ ევროპაში ცხოვრება ჯობია ფსკოვს და ტაგანროგს.
ხელისუფლების მხარდაჭერა ქართულ საზოგადოებაში არ დგას ევროპის სანაცვლოდ რუსეთის არჩევანზე. ამ ხელისუფლებას მხარს უჭერენ იმიტომ, რომ ის მისი მომხრეებისთვის უფრო მეტად ასოცირდება სტაბილურობასთან, მშვიდობასთან, ტრადიციულობასთან და მატერიალური კეთილდღეობის პერსპექტივასთან, ვიდრე მისი პოლიტიკური ოპონენტები. აქ მთავარი სიტყვებია “უფრო მეტად”, რადგან ამ ხელისუფლებას პრაქტიკულად არ ჰყავს ფანები. ეს არ არის ბიძინისტთა კრებული, სადაც ბიძინა ივანიშვილზე გიჟდებიან (მლიქვნელთა ხოტბა-დიდება არ ითვლება). უფრო მეტიც, ხელისუფლების მხარდამჭერთა დიდი ნაწილი, თუ თითქმის ყველა არა, მხარს უჭერს ქართულ ოცნებას არა მეტი სიკეთის, არამედ ნაკლები ბოროტების პრინციპით.
მე რომ მკითხო, ცდებიან, მაგრამ ეს მე მგონია ასე. მათ არ ჰგონიათ. მათთვის ოპოზიცია ასოცირდება შფოთთან, არეულობასთან, დესტაბილიზაციასა და არატრადიციულობასთან. ხელისუფლების ანტიევროპულ (და ანტიუკრაინულ) პოლიტიკას ისინი აღიქვამენ, როგორც ოპოზიციის მომხრე უცხო ძალებისგან თავდაცვის ტაქტიკას და არა როგორც ღირებულებით არჩევანს ევროპასა და რუსეთს შორის და რაც უფრო მეტად ემსგავსება ვთქვათ ევროპარლამენტის რეზოლუციების ლექსიკა ქართული ოპოზიციისას, ეს ხელისუფლებას დაშლისკენ და განხეთქილებისკენ კი არ უბიძგებს, არამედ მეტი ერთიანობისა და კონსოლიდაციისკენ.
ეს, სხვათა შორის, ეხება არა მარტო ხელისუფლების მომხრეებს, არამედ ე. წ. ნეიტრალურებს, მოყოყმანეებს და ჩამოუყალიბებლებსაც, რომელთა რიცხვი არც ისე მცირეა.
რატომ არის ასე, რისი ბრალია ეს, ხელისუფლების წარმატებული პროპაგანდის, ოპოზიციის და სამოქალაქო აქტივისტების არაკომპეტენტურობის თუ დიფსთეითის, მასონების და უცხოპლანეტელების, რა უნდა გაკეთდეს არსებული ვითარების შეცვლისთვის და როგორ, ცალკე თემებია და საფუძვლიან განხილვა-გაანალიზებას მოითხოვს. მანამდე კი შეგვიძლია კვლავ “წარმატებით” ვუძახოთ ხელისუფლების არა მარტო მომხრეებს, არამედ ჩვენი აზრით არასაკმარისად მოწინააღმდეგეებსაც რუსები და ბიძინას მონები და ვინ დარჩება საბოლოო ჯამში აქედან მოგებული, იმასაც ვნახავთ, თუ აქამდე ვერ დავინახეთ.“

2 hours ago
4







English (US) ·
Georgian (GE) ·