საქართველოს ყოფილი ელჩები ირაკლი კოპლატაძე, დავით დონდუა, ეკატერინე სირაძე-დელონე, გოჩა ჯავახიშვილიში, ოთა ღვინერია, ეკატერინე მაერინგ-მიქაძე ერთობლივ განცხადებას აქვეყნებენ:
“ჩვენ, საქართველოს ყოფილი ელჩები, სოლიდარობას ვუცხადებთ კოლეგებს, რომლებიც პროტესტის ნიშნად ტოვებენ თანამდებობებს;
სრულად ვიზიარებთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მოქმედი თანამშრომლების 28 ნოემბრის ერთობლივ განცხადებას;
მივესალმებით საქართველოს ახალგაზრდა ელჩების მიმართვას;
მიგვაჩნია, რომ საქართველოს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გაჩერება და უმნიშვნელოვანესი პარტნიორის აშშ-ის მხრიდან სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერება, საქართველოს ტოვებს ისეთი რისკების წინაშე, რომლებთან გამკლავება ქვეყანას დამოუკიდებლად არ ძალუძს.
მსოფლიოში ამჟამად მიმდინარე პროცესები მიგვანიშნებს, რომ უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებები მალე შეიძლება შეჩერდეს. ამას კი, მყისიერად მოჰყვება ევროპის ახალი პოლიტიკური რუკის შექმნა. გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, თუ ვინ სად იქნება 2030 წელს, მიიღებენ ახლა და არა 2028 წელს. ამიტომ, კი არ უნდა გავყინოთ ევროკავშირთან მოლაპარაკებები, არამედ გავაათმაგოთ ძალისხმევა, რომ ევროპის ახალ პოლიტიკურ რუკაზე საქართველო სწორ მხარეს აღმოჩნდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში დავბრუნდებით რუსეთის გავლენის სფეროში, საიდანაც თავის დაღწევას ჩვენი შთამომავლები კარგა ხანს ვერ შეძლებენ.
მცდარი არგუმენტია, თითქოს ევროკავშირში დღესვე გაწევრიანება საქართველოს ზოგიერთ პარტნიორთან ურთიერთობაში პრობლემებს შეუქმნის. არც უსაფრთხოების, არც მატერიალური და არც კულტურული ფასეულობების თვალსაზრისით, ევროკავშირის სრულფასოვან წევრობაზე ღირებული საქართველოსთვის არაფერია.
არათუ ევროპულ, არანაირ ადამიანურ სტანდარტში არ ჯდება ის სისასტიკე, რასაც საიდენტიფიკაციო ნიშნის არ მქონე შავფორმიანები ავლენენ მომიტინგეების მიმართ. სოლიდარობას ვუცხადებთ ჩვენს თანამემამულეებს, რომლებიც საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავენ სამშობლოს მომავალს.”
(განცხადება ღიაა ხელმოწერის მსურველთათვის)
1. ირაკლი კოპლატაძე
2. დავით დონდუა
3. ეკატერინე სირაძე-დელონე
4. გოჩა ჯავახიშვილი
5. შოთა ღვინერია
6. ეკატერინე მაერინგ-მიქაძე