რუსეთის ქალაქ ვოლოგდაში საბჭოთა პერიოდის დიქტატორის იოსებ სტალინის ძეგლი გახსნეს. მანამდე, რამდენიმე საათით ადრე, ოლქის გუბერნატორმა, გიორგი ფილიმონოვმა, რომელიც ძეგლის გახსნასაც დაესწრო, ყვავილები მიიტანა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლის მემორიალთან, იტყობინება Север.Реалии.
ძეგლი დადგეს სახლ-მუზეუმის ტერიტორიაზე, სადაც სტალინი ცხოვრობდა გადასახლებაში 1911 წლის დეკემბრიდან 1912 წლის თებერვლამდე. გუბერნატორმა თქვა, რომ სტალინი ადამიანია, რომელმაც „წაუშლელი კვალი
დატოვა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში“ - და იქვე დასძინა, რომ რუსეთის მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ „ისტორიის არაერთსახოვანი გვერდებიც“. მან ორი თვის წინ განაცხადა, რომ სტალინის ძეგლის დადგმა საზოგადოების მოთხოვნა იყო. რეგიონში დაიწყეს ძეგლის დადგმის საწინააღმდეგო პეტიციაზე ხელმოწერების შეგროვება, მას მხარი დაუჭირა 2800-მა პირმა. ვოლოგდის ადმინისტრაცია თვლის, რომ ხელისუფლება არ არის მოვალე ძეგლების დადგმა მოსახლეობას შეუთანხმოს. 2023 წლის მონაცემებით, რუსეთში სტალინის 110 ძეგლი დაიდგა მათგან 95 - ვლადიმირ პუტინის მმართველობის პერიოდში. საბჭოთა პერიოდიდან შემორჩენილია სტალინის ძეგლების 9%.