“ვრჩები პრეზიდენტის პოსტზე, რადგან ამ ქვეყანას სჭირდება სტაბილურობა” – სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუ BBC-სთან

3 weeks ago 9

“ვრჩები პრეზიდენტის პოსტზე, რადგან ამ ქვეყანას სჭირდება სტაბილურობა.” -ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა. სალომე ზურაბიშვილმა ჩვენს ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დეტალურად ისაუბრა ბრიტანულ მედიასთან და აღნიშნა, რომ ღრმა კრიზისიდან საქართველოს გამოსაყვანად ერთადერთი გეგმა ახალი არჩევნებია, რადგან არალეგიტიმურ ხელისუფლებას მიტაცებული აქვს ყველა სახელმწიფო უწყება და ქვეყნის ტოტალურად გარუსებას ცდილობს. პრეზიდენტმა ისაუბრა მოქალაქეების პროტესტზეც და ხაზი გაუსვა უწყვეტი პროტესტი მნიშვნელობას.

“რა გადაწყვეტილებაც უნდა მიიღოს პარლამენტმა, იქნება ეს მთავრობის არჩევა-დამტკიცება, თუ პრეზიდენტის არჩევა, არის არალეგიტიმური. მე ვარ ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტი და დავრჩები პოსტზე, რადგან ამ ქვეყანას სჭირდება სტაბილურობა. ყველაფერი იშლება ამ ქვეყანაში, „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში არ დარჩა არცერთი დამოუკიდებელი ინსტიტუტი, გარდა პრეზიდენტის ინსტიტუტისა. ყველა სხვა ინსტიტუტში გაბატონებულია ერთპარტიული მმართველობა, პარტიაში კი ერთკაციანი მმართველობაა.

უნდა ითქვას, რომ სამოქალაქო საზოგადოება ძალიან აქტიურია მას შემდეგ, რაც არალეგიტიმურმა პრემიერმინისტრმა შეაჩერა მოლაპარაკებები ევროკავშირში გაწევრიანებაზე. ხალხი ქუჩაშია და ამას აპროტესტებს. მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი და უჩვეულო ქვეყანაში არის ის, რომ ვხედავთ, ადამიანები ტოვებენ საჯარო სამსახურებს სამინისტროებში, სხვადასხვა ინსტიტუტებში. პოლიტიკური პარტიები არ შევიდნენ და არ შევლენ პარლამენტში.

ასე რომ, ჩვენ ვართ ამ ღრმა კრიზისში და ყველაზე მეტად რაც გვჭირდება, არის სტაბილურობა. მე ვთავაზობ ამ სტაბილურობას გარდამავალი პერიოდისთვის, რადგან რასაც ხალხი ქუჩაში ითხოვს და რის გამოც პროტესტს გამოხატავს, არის ახალი არჩევნების მოთხოვნა, რათა ეს ქვეყანა აღდგეს ევროპულ გზაზე.

მეკითხებით რა მოხდება, თუკი “ქართული ოცნება” ამ მოთხოვნას უგულებელყოფს? და რა მოხდება, თუკი ჩვენ უგულებელვყოფთ “ქართულ ოცნებას”? ვფიქრობ, ეს არის ის, რასაც ეს ადამიანები აკეთებენ ქუჩებში. ძალადობის მიუხედავად მათ სიმტკიცეში არაფერი იცვლება. ჩვენ გვჭირდება სტაბილურობა და ჩვენ გვჭირდება არჩევნების მომზადება. ამ კუთხით, ძალიან მნიშვნელოვანია ევროპარლამენტის რეზოლუცია, რომელიც ასევე ითხოვს ახალ არჩევნებს, იქნება ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება დეკემბრის შუა რიცხვებში და ტექნიკური მისია, რომელსაც ისინი აგზავნიან საქართველოში, დაგვეხმარება განვიხილოთ შემდეგი არჩევნების პირობები იმისთვის, რომ ბოლოს და ბოლოს გვქონდეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები.

მე მიცავს ქუჩაში გამოსული ხალხი. მიმაჩნია, რომ დღეს მმართველი პარტია ძალიან იზოლირებულია და უფრო და უფრო იზოლირებული გახდება.” – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

სრულად წაკითხვა