თბილისის მერმა და „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ „სამძიმარი“ გამოუცხადა გერმანელ ხალხს მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ დასავლეთ გერმანიის ქალაქი ზაარბრიუკენი, ორმოცდაათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში დაძმობილებული პარტნიორობის შემდეგ, საქართველოს დედაქალაქთან „ყველა კონტაქტს“ გაწყვეტს.
ზაარბრიუკენსა და თბილისს შორის მეგობრობის შეთანხმება 1975 წლით თარიღდება და ეს იყო დასავლეთ გერმანიის ქალაქსა და საბჭოთა კავშირის ქალაქს შორის პირველი ოფიციალური დაძმობილება. გერმანული გაზეთში Saarbrücker Zeitung 18 მაისს გამოქვეყნებული სტატიის თანახმად, მერის, უვე კონრადტის ოფისის რეზოლუციის პროექტი საკრებულოს წარედგინა, ხოლო თბილისთან „ყველა კონტაქტის“ შეწყვეტის გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, 21 მაისს იქნება მიღებული.
თავის სტატიაში Saarbrücker Zeitung-ი რეზოლუციის პროექტზე დაყრდნობით, საქართველოში არსებული პოლიტიკური სიტუაციის შესახებ არსებულ წუხილებზე საუბრობს, მათ შორის დემოკრატიულ უკუსვლაზე, განსხვავებული აზრის, უმცირესობების ჯგუფების, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის ჩახშობაზე და აცხადებს, რომ საქართველო „ერთპარტიული სახელმწიფოს, პოლიციური სახელმწიფოსა და დიქტატურისკენ“ მიემართება. ის ასევე საუბრობს გერმანიისა და საქართველოს მთავრობებს შორის თანამშრომლობის შემცირებასა და პროექტების შეჩერებაზე.
„ზაარბრიუკენისთვის საქმეს კიდევ უფრო ართულებს ის ფაქტი, რომ თბილისის მერი – სადაც საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით ერთი მესამედი ცხოვრობს – არა მხოლოდ „ქართული ოცნების“ პარტიის წევრი, არამედ მისი გენერალური მდივანიცაა. შესაბამისად, კახა კალაძე მხარს უჭერს და იზიარებს პასუხისმგებლობას მთელ ამ მოვლენებზე“.
სტატიის საპასუხოდ, კალაძემ 19 მაისს „ფეისბუქზე“ პოსტი გამოაქვეყნა სათაურით „სამძიმრის წერილი გერმანელ ხალხს“, რომლის თანახმადაც, „საქართველოსა და გერმანიის ხალხებს შორის მრავალწლიანი მეგობრობისა და ურთიერთპატივისცემის მიუხედავად, სამწუხაროდ, „დიფ სთეითის“ მორჩილი გერმანული ბიუროკრატიის გადაწყვეტილებების გამო, ისტორიული მეგობრობაც კი პოლიტიკური სპეკულაციების საგანი ხდება“.
ბოლო პერიოდში თბილისსა და ბერლინს შორის ურთიერთობები განსაკუთრებით დაიძაბა. „ქართული ოცნების“ ხელისუფლება გერმანიის ელჩს, პიტერ ფიშერს ბრალდებებს უყენებს და მას ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაში ადანაშაულებს.
This post is also available in:

1 week ago
7







English (US) ·
Georgian (GE) ·