ზალკალიანის გადადგომას "ამერიკის ხმას" ორი წყარო უდასტურებს

3 weeks ago 11

ქართულ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დავით ზალკალიანმა, საქართველოს სრულუფლებიანმა ელჩმა ამერიკის შეერთებულ შტატებში თანამდებობა დატოვა. 30 ნოემბერს აღნიშნული ინფორმაცია "ამერიკის ხმას" საქმეში ჩახედულმა ორმა წყარომ დაუდასტურა, რომელთაც ვინაობის გამხელა არ ისურვეს.

ცნობა ამ ფაქტის შესახებ პირველად ტელეკომპანია "ფორმულამ" გაავრცელა. ინფორმაცია საქართველოს საგარეო უწყებას ოფიციალურად ჯერ არ დაუდასტურებია. მანამდე, თანამდებობა დატოვეს ნიდერლანდებში საქართველოს ელჩმა დავით სოლომონიამ და ბულგარეთში საქართველოს ელჩმა ოთარ ბერძენიშვილმა.

28 ნოემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, მათ შორის მოქმედმა დიპლომატებმა, მთავრობის მიერ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების 2028 წლის ბოლომდე შეჩერების გადაწყვეტილება საჯარო, ღია წერილით გააკრიტიკეს.

დიპლომატიური უწყების თანამშრომლები აცხადებენ, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლს. მოქმედ დიპლომატთა ამ ნაბიჯს წინ უსწრებდა მმართველ პარტია "ქართულ ოცნებაში" 28 ნოემბერს მიღებული გადაწყვეტილება, ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების 2028 წლის ბოლომდე შეჩერებაზე და ამავე პერიოდში ევროკავშირის ფინანსურ დახმარებაზე უარის თქმა.

განცხადებას ამ დროისთვის სამინისტროს 200-ზე მეტი თანამშრომელი შეუერთდა. ხელმოწერის პროცესი კვლავ გრძელდება და მათი რაოდენობაც იზრდება.

"მიგვაჩნია, რომ 2028 წლამდე ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის ამოღება პოლიტიკური დღის წესრიგიდან წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის მოთხოვნებთან. ჩვენ ერთგული ვრჩებით საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსისადმი", - ნათქვამია ღია წერილში.

ქართველი დიპლომატები მთავრობის ამ ნაბიჯის სხვა უარყოფით მხარეებსაც უსვამენ ხაზს, განსაკუთრებით - საქართველოს იზოლაციის საშიშროებას და ქვეყნის წინაშე არსებული რისკების ზრდის საფრთხეზეც საუბრობენ:

"ქვეყნის მიერ ამ შესაძლებლობაზე ცალმხრივად უარის თქმა, გამოიწვევს ნეგატიურ სტრატეგიულ შედეგებს. ამასთან, შესაძლებელია, რომ მსგავსი ხელსაყრელი გარემოება ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების თვალსაზრისით, აღარ შეიქმნას. გარდა ამისა, გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკების პროცესის გაჩერება გამოიწვევს ქვეყნის იზოლაციას. დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერის გარეშე, საქართველო პირისპირ რჩება იმ საფრთხეების წინაშე, რომლებიც განსაკუთრებით გაძლიერებულია საერთაშორისო უსაფრთხოების გარემოში მიმდინარე პროცესების ფონზე".

სრულად წაკითხვა