რუსმა დეპუტატმა, კონსტანტინ ზატულინმა რუსულ სამთავრობო მედია, “TASS-თან” განაცხადა, რომ აფხაზეთის [დე ფაქტო – რედ.] პრემიერ მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, ვალერი ბგანბას მიმართვა რუსულ მხარეს თხოვნით იმასთან დაკავშირებით, რომ დე ფაქტო რესპუბლიკაში სოციალური გადასახადები განახლდეს, “საეჭვოდ გამოიყურება სახელმწიფო გადატრიალების ფონზე, რომლის მიზეზი ინვესტიციების შესახებ სახელმწიფოთაშორისი შეთანხმების რატიფიცირების საკითხი გახდა”.
მიმდინარე წლის ნოემბრიდან, პენსიების გამოკლებით, სრულად შეაჩერა ყველა სოციალური დახმარება აფხაზეთისთვის. 9 დეკემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვალერი ბგანბამ მიმართა რუსეთის მთავრობის თავმჯდომარეს, მიხაილ მიშუსტინს სოციალური გადასახადების განახლების თხოვნით.
“აფხაზეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, ვალერი ბგანბას მიმართვა მოჰყვა იმ პოლიტიკური კრიზისს, რომელიც გამოწვეული იყო წარმატებული გადატრიალების მცდელობით, მოქმედი პრეზიდენტის მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებამდე საკმაოდ ცოტა ხნით ადრე მესამედ გადაყენებასა და იმ ფაქტს, რომ ეს შიდაპოლიტიკური კატაკლიზმები წარმოადგენდა თავდასხმას აფხაზეთსა და რუსეთს შორის დადებულ სახელმწიფოთაშორის ხელშეკრულებებზე. მიმართვა სუბსიდიების დაბრუნების შესახებ ყველა იმ საკითხის გადაწყვეტის გარეშე, რაც პოლიტიკური კრიზისის მიზეზი გახდა, ჩემი აზრით, განწირულია. არავითარი საფუძველი არ არსებობს: იმ პირობებში, როდესაც აფხაზეთი ოფიციალურ დონეზე – პარლამენტის დონეზე, იმ ძალების დონეზე, რომლებიც ძალაუფლებისკენ მიისწრაფვიან – არ არის მზად საკუთარ ეკონომიკაზე პასუხისმგებლობის აღების, ასეთ დროს ამჯობინებს რუსულ-აფხაზური ურთიერთობებით სპეკულირებას,”- განაცხადა ზატულინმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ შექმნილ ვითარებაში ასეთი მიმართვა საეჭვოდ გამოიყურება იმის გამოც, რომ ბგანბა, როგორც ჩანს, “ვერ ამჩნევს, რომ აფხაზეთი ოფიციალურ დონეზე არ ასრულებს საკუთარ ვალდებულებებს და რუსეთთან ურთიერთობას შიდაპოლიტიკური კრიზისის მიზეზად აქცევს”.
რუსულ გამოცემასთან საუბრის დროს, მაგალითებად, რომლებიც დაკავშირებულია “რუსეთთან ურთიერთობების გამოყენების მცდელობებთან აფხაზეთში სოციალურ-პოლიტიკური სიტუაციის დესტაბილიზაციისთვის”, ზატულინმა ასევე მოიყვანა ხელშეკრულებების რატიფიცირება ბიჭვინთაში რუსეთისთვის სახელმწიფო აგარაკების გადაცემის შესახებ, სასამართლოს ურთიერთაღიარებისა და ეკონომიკურ საქმეებში სასამართლო და საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების აღსრულების შესახებ. ზატულინმა გაიხსენა, რომ ყოველთვიური სუბსიდიების მოცულობა აფხაზეთის საბიუჯეტო სექტორის თანამშრომლებისთვის 170 მილიონ რუბლს შეადგენს.
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლებამ ენერგეტიკის პრობლემებზე გამართულ შეხვედრაზე რუსეთის ფედერაციის დაფინანსების თითქმის სრული შეჩერების შესახებ განაცხადა.
“სიტუაცია ისეთია, რომ არის სერიოზული საფრთხე იმისა, ჩვენი საჯარო სექტორის მოქალაქეები ხელფასის გარეშე დარჩნენ. მიმაჩნია, რომ ამ მხრივ უნდა ვიყოთ მაქსიმალურად ღია და პატიოსანი ჩვენს მოქალაქეებთან. ყველამ კარგად იცით, რომ პირველი გარკვეული სიგნალები გაჩნდა საჯარო სექტორის თანამშრომლების, სოციალური სექტორის, მასწავლებლებისა და ექიმებისთვის გადასახადების შეზღუდვის დაწესებით. მაგრამ ნოემბრიდან, ცნობილი მოვლენების შემდეგ, რუსულმა მხარემ ფაქტობრივად შეაჩერა თანადაფინანსება ყველა მიმართულებით. ვიმეორებ, ეს ასევე შეეხო თავდაცვის დეპარტამენტს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს და სხვა სამინისტროებსა და დეპარტამენტებს. მარტივად რომ ვთქვათ, დღეს, ფაქტობრივად, გარდა პენსიებისა, თანადაფინანსების ყველა სხვა საშუალება შეჩერებულია“, – განაცხადა დე ფაქტო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ბადრა გუნბამ.
გუნბამ ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაციის” ფინანსური მხარდაჭერის გარეშე უკიდურესად რთულია სიტუაციის შენარჩუნება”.
“ამიტომ ჩვენმა მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ და გაიგონ, რომ ეს არის იძულებითი ღონისძიება”, – განაცხადა ბადრა გუნბამ.
მოქმედმა დე ფაქტო ვიცე-პრემიერმა და ფინანსთა მინისტრმა, ვლადიმერ დელბამ აღნიშნა, რომ “უკანასკნელი კვირების განმავლობაში მთავრობა ახორციელებს შემოსავლების მობილიზებას ბიუჯეტის ყველა დონეზე, რომ უზრუნველყოს რუსეთიდან ელექტროენერგიის კომერციული ნაკადის დაფინანსება, რომელიც გადახდილია 7 დეკემბრამდე”.
მისი თქმით, ნოემბრიდან დღემდე 425 მილიონი რუბლი საბიუჯეტო სახსრებისთვისაა გამოყოფილი. დელბამ აღნიშნა, რომ “რესპუბლიკური ბიუჯეტიდან დღემდე არც ერთ საჯარო დასაქმებულს არ მიუღია ხელფასი”. კერძოდ, უსაფრთხოების ბლოკი და სამართალდამცავი ორგანოები არიან დაფინანსების გარეშე, როგორც ხელფასის, ასევე სხვა საჭირო გადასახადების.
“ენერგეტიკა ყოველდღიურად იღებს ძალიან დიდი მოცულობის რესურსებს. რუსული ფინანსური დახმარება ხელფასებით შევცვალეთ, მაგრამ დღეს ეს უკვე შეუძლებელია. რუსეთის ფინანსური დახმარება ნაწილობრივ შეჩერებულია მიმდინარე წლის აგვისტოდან. რაც შეეხება საჯარო სექტორის გარკვეული კატეგორიის მუშაკთა ხელფასების თანადაფინანსების შესახებ შეთანხმების შესრულებას, ესენი არიან მასწავლებლები, არიან ჯანდაცვის მუშაკები, ყველა სოციალური მუშაკი”, – განაცხადა დელბამ.
დელბამ დაადასტურა, რომ თანადაფინანსება ნოემბრიდან უკვე მთლიანად შეჩერებულია. არ შემოდის თანხები სხვა ბიუჯეტის ხარჯების დასაფინანსებლად – თავდაცვისუნარიანობის, სამართალდამცავებისა და მედიკამენტების შესყიდვისთვის. ასევე მთლიანად შეჩერებულია საბიუჯეტო ინვესტიციების ფინანსური მხარდაჭერა, როგორიცაა საინვესტიციო პროგრამა და ბიზნესსუბიექტების მხარდაჭერა.
“ამგვარად, წლის ბოლომდე ჩვენ ვერ მივიღებთ 1 მილიარდსა და 800 მილიონ რუბლს რუსული ფინანსური დახმარების სახით. ეს თანხები უნდა შეიცვალოს, რომ რუსული სახსრების ნაწილი იყოს უზრუნველყოფილი”,- აღნიშნა დელბამ.
რაც შეეხება ელექტროენერგიის მიწოდებას, შეხვედრაზე ითქვა, რომ რუსეთიდან კომერციული ნაკადის შეჩერების შემთხვევაში მოსახლეობას ელექტროენერგია დღეში მხოლოდ 7-8 საათის განმავლობაში ექნება.