რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლის განცხადების კომენტირებისას, რომ საქართველო ევროკავშირს 2030 წლისთვის შეუერთდება, ეჭვქვეშ დააყენა ბლოკის მომავალი და მისი მნიშვნელობა ეროვნული ეკონომიკებისთვის. 24 აპრილს გამართულ ბრიფინგზე ზახაროვამ აღნიშნა, რომ ევროკავშირი კრიზისის პროცესშია და შესაძლოა, ათწლეულის ბოლომდე აღარც იარსებობს. მან იქვე აღნიშნა, რომ საქართველო და რუსეთი „გეგმაზომიერად მუშაობენ ურთიერთობების ნორმალიზებაზე“.
„მთავარია, რომ მათთვის, ვინც ევროკავშირში 2030 წლისთვის ან სხვა ნებისმიერ წელს გეგმავს გაწევრიანებას, არსებობდეს ის, სადაც ისინი შესვლას შეძლებენ“, – განაცხადა პრესსპიკერმა. მან ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლა გაიხსენა და განაცხადა: „დაიმახსოვრეთ, რომ ბრიტანეთი კარგს არაფერს დატოვებდა. იქ, სადაც რაღაცის მოპოვებაა შესაძლებელი, სადაც რეალური პოტენციალი არსებობს, ბრიტანელები ყოველთვის პირველები იქნებიან. ამჯერად, მათ პირველებმა დატოვეს ევროკავშირი“.
ზახაროვამ განმარტა, რომ „კრიზისული მოვლენები ევროკავშირის შიგნით იმდენად მკაფიოა და მათი პოტენციალი იმდენად პროგნოზირებადი, რომ, მათ, ვინც საკუთარ ეროვნულ ეკონომიკებზე ფიქრობს, იქ არაფერი ესაქმებათ. ეს არის და ეს“.
აღნიშნა რა, რომ ეს თითოეული ქვეყნის „სუვერენული საქმეა“, ზახაროვამ განაცხადა: „ჩვენ ამაზე არაერთხელ ვისაუბრეთ საქართველოსთან, მიუხედავად პოლიტიკური აზრთა სხვადასხვაობისა და დიპლომატიური ურთიერთობების არქონისა. ჩვენ ვაყალიბებთ ორმხრივ ურთიერთობებს ურთიერთპატივისცემისა და ურთიერთხელსაყრელობის გზით. ამ მიმართულებით დიალოგი ხორციელდება“.
შემდეგ მან განაცხადა: „ვცდილობთ გავააქტიუროთ საქმიანი და ჰუმანიტარული თანამშრომლობა, გეგმაზომიერად მიგვყავს საქმე ამ ურთიერთობების ნორმალიზებისკენ, რაც რუსი და ქართველი ხალხების ინტერესებს პასუხობს“. ზახაროვამ ასევე აღნიშნა, რომ რუსეთმა უკვე გამოავლინა „თავისი მისწრაფება, თავისი კეთილი ნება და სურვილი“.
„მაგრამ საქმე იმაშია, რომ მათ, ვინც ევროკავშირს განიხილავს, უმჯობესია კონკრეტულ ციფრებს შეხედონ და არა მხოლოდ ლოზუნგებს“, – დასძინა ზახაროვამ.
საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი 2023 წლის დეკემბერში მიენიჭა, რაც მისი ევროატლანტიკური ინტეგრაციის პოლიტიკის მნიშვნელოვანი ეტაპია, რომელიც ქვეყნის კონსტიტუციაშიაც არის ასახული.
თუმცა, ბოლო წლებში საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები სულ უფრო დაიძაბა. 2024 წლის ნოემბერში პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მმართველი პარტია ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების საკითხს დღის წესრიგში 2028 წლამდე არ დააყენებდა. ამ გადაწყვეტილებას მასობრივი საპროტესტო აქციები მოყვა, რომლებიც თითქმის ხუთი თვეა გრძელდება. ევროკავშირმა მკაცრად გააკრიტიკა ხელისუფლება დემოკრატიული უკუსვლის, რეპრესიული კანონების მიღების, რეპრესიების, პოლიციის სისასტიკისა და სახელმწიფოს მიტაცების გამო. ქვეყანაში განვითარებული მოვლენების საპასუხოდ, ევროკავშირმა (და მისმა ცალკეულმა წევრმა ქვეყნებმა) დახმარება შეაჩერეს, ასევე უვიზო მიმოსვლა შეუჩერებს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მქონე პირებს. ევროკავშირის ცალკეულმა ქვეყნებმა თავიანთ შესაბამის ქვეყნებში შესვლა აუკრძალეს „ქართული ოცნების“ ოფიციალურ პირებს და „რეჟიმის ხელშემწყობებს“.
ამ მოვლენების მიუხედავად, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები კვლავ აცხადებენ, რომ ქვეყანა ევროკავშირს 2030 წელს შეუერთდება, თუმცა არ აკონკრეტებენ, როგორ აპირებენ ამის გაკეთებას, ქვეყნის ცუდი დემოკრატიული მდგომარეობის, ანტიდასავლური რიტორიკისა და დასავლეთთან უთანხმოების გაღრმავების გათვალისწინებით.
ასევე წაიკითხეთ:
- 07/04/2025 – ზურაბიშვილი პარიზში გამოსვლისას ევროპას რუსული ჰიბრიდული საფრთხის შესახებ აფრთხილებს
- 27/02/2025 – რუსეთი სოხუმში რეგულარულ ფრენებს 1 მაისიდან დაიწყებს
- 04/12/2024 – ზახაროვა: რუსეთი მზად იქნება ნორმალიზებისთვის იმდენად, რამდენადაც ამისთვის თბილისი იქნება მზად
- 14/11/2024 – MDF: აუდიოჩანაწერი საქართველოს არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევაზე მიუთითებს
- 17/10/2024 – ზახაროვა „მეორე ფრონტზე“ საუბრობს და თბილისს ოკუპირებულ რეგიონებთან „ურთიერთობების ნორმალიზებაში“ დახმარებას პირდება
This post is also available in: English (ინგლისური)