რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ 4 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ რუსეთი მზად იქნება საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზებისთვის, „იმდენად, რამდენადაც ამისთვის თბილისი იქნება მზად“.
„რაც შეეხება საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზების შემდგომ პერსპექტივებს, ჩვენ ამ გზის გავლისთვის მზად ვართ იმდენად, რამდენადაც ამისთვის თბილისი იქნება მზად… გვჯერა, რომ საქართველოს მოსახლეობას საკმარისი წინდახედულობა და რწმენა ექნება, რომ სხვის ბინძურ და ძალიან საშიშ თამაშში პაიკი არ გახდეს“, – აღნიშნა ზახაროვამ.
ზახაროვამ ასევე შეაფასა საქართველოს დასავლელი პარტნიორების განცხადებები, რომელთაც მხარდაჭერა გამოუცხადეს მშვიდობიან მომიტინგეებს. მისი თქმით, დასავლეთის მხრიდან „ამაზრზენი განცხადებები“ კეთდება საქართველოს შიდა პოლიტიკასთან დაკავშირებით, რაც აჩვენებს, რომ დასავლეთს „არანაირი სტანდარტები არ აქვს“, როდესაც საქმე ეხება ქვეყნის შიდა პოლიტიკაში ჩაურევლობას, და„სრული კაკაფონიაა, როდესაც საქართველოში არსებული სიტუაციის შესახებ დასავლეთის განცხადებებს ვისმენთ და ვკითხულობთ“.
რაც შეეხება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, რომელმაც დემონსტრანტებს მხარდაჭერა გამოუცხადა, ზახაროვამ განაცხადა: „არ ვიცი, როგორ შეუძლია ბავშვებს, სკოლის მოსწავოლეებს მოუწოდოს ოფიციალურმა პირმა, კერძო პირმა, ზრდასრულმა ადამიანმა, რომელმაც განაცხადა, რომ მისი ცხოვრების საქმე ადამიანებზე ზრუნვაა, გამოვიდნენ ქუჩაში, რადგან ახლა მათი ჯერია გამოხატონ პროტესტი […] უტვინო ან უგულო ადამიანი უნდა იყო ამისთვის, ან შესაძლოა უიშვიათესი კომბინაცია – უტვინო და უგულო“.
„დასავლელებისგან განსხვავებით, ჩვენ არ ვერევით ქვეყნების, ამ შემთხვევაში საქართველოს საშინაო საქმეებში. რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს, მას პრეზიდენტის მანდატი კვირანახევარში ეწურება. მიგვაჩნია, რომ მისი საქმიანობის სამართლებრივი შეფასება საქართველოს კომპეტენტურმა ორგანოებმა უნდა გააკეთონ“, – დასძინა ზახაროვამ.
26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ რუსეთი განსაკუთრებით აქტიურად აჟღერებს საქართველოსთან „ურთიერთობის ნორმალიზების“ საკითხს. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ვარაუდობს, რომ რუსეთი ჩაერია იმ არჩევნებში, რასაც საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი გაყალბებულად მიიჩნევს, თავად რუსეთი ამგვარ ბრალდებებს უარყოფს. ის კვლავაც ადანაშაულებს დასავლეთს საქართველოს საშინაო საქმეებში „უპრეცედენტო ჩარევაში“.
ასევე წაიკითხეთ:
- 05/11/2024 – ლავროვი საქართველოს არჩევნებში რუსეთის ჩარევას უარყოფს, მზადაა ურთიერთობების ნორმალიზებისთვის
- 29/10/2024 – რუსეთის ოფიციალური პირები დასავლეთს „ნეოკოლონიალიზმსა“ და საქართველოს საქმეებში ჩარევაში ადანაშაულებენ
- 18/10/2024 – ლავროვი კვლავ სთავაზობს თბილისს, შეუერთდეს 3+3 პლატფორმას და დასავლეთს „მეორე ფრონტის გახსნის“ მცდელობაში ადანაშაულებს
- 29/09/2024 – ლავროვი: რუსეთი მზადაა საქართველოს, აფხაზეთსა და ცხინვალს ურთიერთობების ნორმალიზებაში დაეხმაროს
This post is also available in: English (ინგლისური)