WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ „რუსოფობიასთან დაკავშირებული წუხილების შესახებ“ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ ბოლო დროს საქართველოში რუსეთის მოქალაქეებთან დაკავშირებული „რამდენიმე სერიოზული ინციდენტი“ მოხდა. მან „ანტირუსული გამოვლინებების“ გამოძიებისა და დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემისკენ მოუწოდა.

ზახაროვამ ეს განცხადება 20 აგვისტოს ბრიფინგზე გააკეთა პრორუსი ქართველი ჟურნალისტის, ნიკოლოზ მჟავანაძის კითხვის საპასუხოდ, რომელმაც ონლაინ საუბრისას „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების ბოლოდროინდელი განცხადებები ახსენა, რომ საქართველოში „რუსოფობიას“ „დიფ სთეითი“ „ხელოვნურად აღვივებს“ და იკითხა, შესაძლოა თუ არა „ანტირუსული განწყობების გაღვივებამ“ ხელი შეუშალოს საქართველოს სავაჭრო და ტურისტული კავშირების განვითარებას რუსეთთან.

საპასუხოდ, ზახაროვამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი „ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ ძლიერ კულტურულ კავშირებს“, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გააკრიტიკა და განაცხადა, რომ „მისი პოლიტიკური სიგიჟით ან, უკეთ რომ ვთქვათ, გონებასუსტობით პროვოცირებული ცნობილი პოლიტიკური უთანხმოებების მიუხედავად“, მოსკოვი ცდილობს შექმნას თბილისთან „ორმხრივი თანამშრომლობისა და ჰუმანიტარული კონტაქტების გაფართოების აუცილებელი პირობები“.

ზახაროვამ ხაზი გაუსვა, რომ ბოლო წლებში ორ ქვეყანას შორის სატრანსპორტო კავშირები და ტურიზმი გაიზარდა და მაგალითებად მოიყვანა 2023 წელს პირდაპირი ფრენების აღდგენა და ვიზების გაუქმება რუსეთში მოკლევადიანი ვიზიტების განმახორციელებელი საქართველოს მოქალაქეებისთვის, ასევე 2024 წელს რუსეთში სწავლის, სამუშაოდ და გრძელვადიანი ბინადრობის მიზნით მიმავალი ქართველებისთვის უვიზო მიმოსვლის გაგრძელება.

„შედეგად, ხალხთა შორის კონტაქტები მკვეთრად გაიზარდა“, – აღნიშნა ზახაროვამ და დასძინა, რომ რუსი ტურისტების ნაკადი საქართველოში 2023 წლიდან „1.5-ჯერ გაიზარდა და 1.6 მილიონი შეადგინა“ და რომ ის „კვლავ იზრდება“.

„ამავდროულად, ბოლო დროს საქართველოში რუსეთის მოქალაქეებთან დაკავშირებული რამდენიმე სერიოზული ინციდენტი მოხდა, რაც, რა თქმა უნდა, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან დიდ ყურადღებას და შესაბამის ქმედებებს მოითხოვს“, – დასძინა მან.

ზახაროვამ განაცხადა, რომ მოსკოვმა გაითვალისწინა საქართველოს ლიდერების განცხადებები „რუსოფობიასთან“ დაკავშირებით და დასძინა: „ვვარაუდობთ, რომ თბილისი მიიღებს ყოვლისმომცველ ზომებს რუსოფობიის თავიდან ასაცილებლად და საქართველოში ჩამოსული ყველა რუსის უსაფრთხოების სრულად უზრუნველსაყოფად. ანტირუსული გამოვლინებები საფუძვლიანად უნდა იქნას გამოძიებული და დამნაშავეებმა პასუხი უნდა აგონ“.

მან დასძინა, რომ რუსეთის მოქალაქეების „უსაფრთხოება“, რომლებიც საქართველოში ტურიზმისა და საქმიანი მიზნებისთვის ჩამოდიან, მოსკოვისთვის „უპირობო პრიორიტეტად“ რჩება.

This post is also available in: English