"[ბიძინა ივანიშვილი] ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ საქართველო პუტინის კონტროლის ქვეშ მოაქციოს", - დაწერა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 27 დეკემბერს სოციალურ ქსელ X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში, რომელსაც ქართული თარგმანიც დაურთო.
უკრაინამ ბიძინა ივანიშვილსა და კიდევ 18 პირს 5 დეკემბერს დაუწესა ეკონომიკური და პერსონალური სანქციები.
ვოლოდიმირ ზელენსკი წერს:
"უკრაინამ უკვე გამოიყენა სანქციების სრული კომპლექტი ივანიშვილისა და მისი მაფიოზური ჯგუფის მთავარი ფიგურების წინააღმდეგ. ახლა კიდევ ერთი მტკიცე ქმედება-ძლიერი ამერიკული სანქციები. და ჩვენ მოვუწოდებთ ყველა ევროპელ პარტნიორს, ყველა პარტნიორს მსოფლიოში, ვინც აფასებს ხალხთა ნორმალურ ცხოვრებას და თავისუფლებას, გამოიყენონ სწორედ ასეთი სანქციები ივანიშვილის წინააღმდეგ, რათა მან გააცნობიეროს თავისი ქვეყნის დამოუკიდებლობის განადგურებისა და ქართველი ხალხის დამცირების ფასი".
უკრაინის პრეზიდენტი პოსტში ასევე აღნიშნავს, რომ "ვერც ერთი მაფიოზი ვერ შეძლებს თავისუფალი ხალხების ოჯახში, ევროპულ საზოგადოებაში ქართველი ხალხის თავისუფალ ცხოვრებაზე ოცნების მოპარვას".
2024 წლის 27 დეკემბერს შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა მილიარდერ ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილს, - „ქართული ოცნების“ დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს.
გადაწყვეტილება აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისმა (OFAC-მა) გამოაქვეყნა თბილისის დროით 20:00 საათზე.
ბიძინა ივანიშვილი დაემატა სახაზინო დეპარტამენტის SDN სიაში, ანუ სანქციადაკისრებულთა სიაში. SDN სიაში შეყვანილთა მიმართ დადგენილი მოთხოვნების აღსრულება ევალება ყველას, ვისაც სურს, ამერიკულ ფინანსურ სექტორთან ჰქონდეს წვდომა.
შტატების დღევანდელი გადაწყვეტილების შედეგად, OFAC-ის განმარტებით, ივანიშვილის „მთელი ქონება, რომელიც განთავსებულია შეერთებულ შტატებში, ან არის აშშ-ის მოქალაქეთა მფლობელობაში ან კონტროლში, დაიბლოკება (ანუ გაიყინება)“.