ზელენსკი აცხადებს, რომ ტრამპთან „პროდუქტიული“ შეხვედრა ჰქონდა

10 hours ago 6

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან თეთრ სახლში შეხვედრის შემდეგ ბრიფინგი ჩაატარა, სადაც მან მადლობა გადაუხადა ტრამპს და „ამერიკის შეერთებული შტატების გუნდს“. ზელენსკიმ თქვა, რომ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ „სტრატეგიულ პარტნიორებსაც“ ესაუბრა. - იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონის, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერს, ნატოს გენერალურ მდივანს მარკ რიუტეს და სხვებს.

შეკითხვაზე კვლავ ფიქრობს თუ არა, რომ ტრამპი სერიოზულად არის განწყობილი რუსეთის წინააღმდეგ ზომების მიღებასთან დაკავშირებით, ზელენსკიმ უპასუხა: „ჩვენ ვენდობით შეერთებულ შტატებს. ჩვენ ვენდობით პრეზიდენტს, რომ მას სურს ამ ომის დასრულება“.

უკრაინის პრეზიდენტმა თქვა, რომ აშშ-ის პრეზიდენტთან განიხილა შორ მანძილზე მოქმედების რაკეტების საკითხი, თუმცა ისინი შეთანხმდნენ, რომ ამაზე აღარ ისაუბრებენ.

„ჩვენ ასევე ვისაუბრეთ შორ მანძილზე მოქმედ რაკეტებზე, რა თქმა უნდა. და მე არ მინდა ამაზე განცხადებების გაკეთება. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ამაზე არ ვისაუბროთ, რადგან... შეერთებულ შტატებს არ სურს ესკალაცია და ა.შ.“ - თქვა მან.

ზელენსკიმ განაცხადა, რომ „ერთ-ერთი თემა... რომელიც პრეზიდენტ ტრამპთან განვიხილეთ, უსაფრთხოების გარანტიებს ეხებოდა. ჩვენ გვსურს, რომ შეერთებული შტატები უსაფრთხოების ნაწილი იყოს... ჩვენ შეერთებული შტატების ლიდერობაზე ვართ დამოკიდებულნი“.

შეკითხვაზე, განიხილეს თუ არა ტერიტორიების საკითხი, ზელენსკიმ უპასუხა, რომ ჯერ ცეცხლის შეწყვეტა უნდა მოხდეს. „ტერიტორიების საკითხი ძალიან მგრძნობიარეა... და ყველაზე რთული საკითხია. ეს ჩემი პოზიციაა. ვიცი, რომ რუსეთს სხვა პოზიცია აქვს. მათ სურთ, იცით, მათ ნამდვილად სურთ ყველაფრის ოკუპაცია... ჩვენი პოზიციაა, რომ, ნახეთ, პირველ რიგში, ცეცხლის შეწყვეტა გვჭირდება. ამიტომ, უნდა დავსხდეთ, ვისაუბროთ და გავიგოთ, სად ვართ“.

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე თქვა, რომ რუსეთს ეშინია. „რუსეთს ეშინია ტომაჰავკების. ნამდვილად ეშინია, რადგან ეს ძლიერი იარაღია. და მათ იციან, რა გვაქვს, რა სახის იარაღი გვაქვს, ჩვენი პროდუქცია და ესმით ეს კომბინაცია ტომაჰავკებთან... და სწორედ ამიტომ ეშინიათ ამ კომბინაციის. მათ ესმით, რისი გაკეთება შეგვიძლია“.

ზელენსკიმ განაცხადა, რომ მზადაა პუტინთან „ნებისმიერი ფორმატით“ შეხვდეს. „როგორც ვთქვი, ღია ვარ ორმხრივი (შეხვედრისთვის), სამმხრივი (შეხვედრისთვის). და არ ვიცი, გვაქვს თუ არა სხვა ფორმატები“, - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა ა დასძინა: „ღია ვარ ნებისმიერი ფორმატისთვის, რომელიც მშვიდობასთან დაგვაახლოებს“.

სრულად წაკითხვა