ზელენსკი: დასავლეთმა საქართველოში არსებულ ვითარებაზე საკმარისად ძლიერი რეაგირება არ მოახდინა  

1 week ago 4

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მისი აზრით, დასავლეთს საკმარისად ძლიერი რეაგირება არ მოუხდენია საქართველოში არსებულ ვითარებასა და რუსეთის მცდელობებზე, ქვეყანაზე კონტროლი დაამყაროს.

ამის შესახებ მან 11 დეკემბერს ამერიკულ ტელეარხ CBN-თან ინტერვიუში განაცხადა.

ზელენსკიმ განაცხადა, რომ მოსკოვმა განზრახ შექმნა გაყინული კონფლიქტი, რათა ხელი შეეშალა საქართველოს განვითარებისა და ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებისთვის, და რომ იგივე გააკეთა უკრაინასა და მოლდოვაშიც.

მეზობლების მიმართ რუსეთის რევანშისტურ პოლიტიკაზე საუბრისას, ზელენსკიმ საქართველოს მაგალითი მოიყვანა: „ხედავთ დღეს რა ხდება საქართველოში, რომელიც გუშინ თავისუფალი დემოკრატიული ქვეყანა იყო. დღეს ის ოლიგარქების მიერაა უზურპირებული და მთელი ძალაუფლება ბიზნესს ეკუთვნის, რომელიც უშუალოდ მოსკოვთან არის დაკავშირებული, ენერგეტიკით და ა.შ.“.  

მან აღნიშნა, რომ საქართველომ ოფიციალურად უარყო ევროკავშირში ინტეგრაცია და რომ საქართველოს ხელისუფლება „მთლიანად რუსეთის ფედერაციის პოლიტიკურ კონტროლს ექვემდებარება“. უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ აშშ და ევროკავშირი საკმარისად ძლიერად არ დაუპირისპირდნენ რუსულ გავლენას, და ხაზი გაუსვა ახალგაზრდებისა და სტუდენტების როლს მიმდინარე საპროტესტო აქციებში, რაც „მშვიდობიან ევროპულ ქვეყანაში ცხოვრების სურვილითაა“ განპირობებული.

„რა ძლიერი ზომები მიიღო ამერიკის შეერთებულმა შტატებმა? რა ძლიერი ზომები მიიღეს ევროპულმა სახელმწიფოებმა? მე ვერ ვხედავ, გულწრფელად რომ გითხრათ“, – განაცხადა ზელენსკიმ.

This post is also available in: English (ინგლისური)

სრულად წაკითხვა