WEBO.GE
🚀 საიტების დამზადება
თანამედროვე, სწრაფი და მობილურზე მორგებული ვებსაიტები
📞 579 817 817
შეკვეთა →

უკრაინის დაზვერვის მთავარ სამმართველოს აქვს ინფორმაცია, რომ რუსეთის ხელისუფლება ემზადება მობილიზაციის ახალი ტალღისთვის, სახელმწიფო სათათბიროს არჩევნების შემდეგ, რომელიც შემოდგომაზეა დანიშნული - ამ განცხადებით 11 აგვისტოს საღამოს ვიდეომიმართვაში გამოვიდა უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი.

ზელენსკი დაეყრდნო უკრაინის დაზვერვის ხელმძღვანელის, ოლეჰ ივაშჩენკოს ანგარიშს. "ყველაფერი მტკიცდება რუსეთის შიდა დოკუმენტებით" - თქვა ზელენსკიმ. "პუტინს განსაკუთრებულად რთული გეგმა აქვს - მას სურს შექმნას შთაბეჭდილება, თითქოს რუსები ომს უჭერენ მხარს - ვინაიდან ყველა პარტია, რომლებიც ამ დრომდე დაუშვეს, გარკვეული ფორმით მშვიდობის წინააღმდეგია. შემდეგ, ე.წ. არჩევნების მერე, გეგმავს ასი ათასობით რუსის დამატებით სწრაფ მობილიზაციას, წლის ბოლომდე, და ამდენივესი - მომავალ წელს", ამბობს უკრაინის პრეზიდენტი.

ზელენსკიმ დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით 25 ივლისსაც ილაპარაკა რუსეთში სწრაფი მობილიზაციის შესაძლებლობაზე. მაშინ ზელენსკიმ ასევე თქვა, რომ რუსეთში დამატებითი კონტინგენტის გასაგზავნად ემზადებოდა ჩრდილოეთი კორეა - მან ეს 10 აგვისტოსაც გაიმეორა.

რუსეთში ე.წ. კერძო მობილიზაცია 2022 წლის სექტემბერში გამოცხადდა და დე-იურე ახლაც მოქმედებს - მათ, ვისი მობილიზაციაც მაშინ მოხდა, დემობილიზაცია არ ჰქონიათ, ხოლო მობილიზაციის განახლების გამოცხადება ნებისმიერ მომენტშია შესაძლებელი, იუწყება რადიო თავისუფლების რუსული სამსახური. თუმცა რუსეთის ხელისუფლების არაერთი წარმომადგენელი უარყოფდა ახალი მობილიზაციის საჭიროებას და აღნიშნავდა, რომ მოხალისეთა ნაკადი საკმარისია. პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს განცხადება არ გაუკეთებია ახალ მობილიზაციაზე.

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს არჩევნები 18-20 სექტემბერსაა დანიშნული. 10 აგვისტოს რუსეთის უზენაესმა სასამართლომ კენჭისყრიდან მოხსნა პარტია "იაბლოკო", რომლის პროგრამაშიც იყო ცეცხლის დაუყოვნებელი შეწყვეტისა და მშვიდობიანი მოლაპარაკებების მოთხოვნები. დანარჩენი 10 პარტია - ზოგი უფრო აქტიურად, ზოგი ნაკლებად - მხარს უჭერს რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებულ ომს.