უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მოელის, რომ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების ჩარჩო მომავალი კვირისთვის შემუშავდება.
ამ დროს კიევი აგრძელებს მოლაპარაკებებს მოკავშირეებთან, რათა მიიღოს ძლიერი მხარდაჭერის მექანიზმი რუსეთის მხრიდან შემდგომი აგრესიის თავიდან ასაცილებლად.
28 აგვისტოს ზელენსკიმ განაცხადა, რომ „ვრცლად“ განიხილა ეს თემა თავის თურქ კოლეგასთან, რეჯეპ ტაიპ ერდოანთან, სატელეფონო საუბრისას, რომელიც შედგა კიევში ღამით განხორციელებული მასშტაბური რუსული დარტყმის შემდეგ, რასაც, სულ მცირე, 19 ადამიანი ემსხვერპლა.
„ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლები ამჟამად ყველა კონკრეტულ კომპონენტზე მუშაობენ და მთელი ჩარჩო მომავალ კვირას ქაღალდზე იქნება ჩამოყალიბებული“, - განაცხადა მან სატელეფონო საუბრის შემდეგ.
მან დასძინა, რომ ღამით მომხდარი თავდასხმის შედეგად დაზიანდა თურქული საწარმოც.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ თურქეთის თავდაცვის მინისტრი ჩაერთვება განხილვაში, რათა „გამოიკვლიოს" თურქეთის პოტენციური მონაწილეობა უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, განსაკუთრებით შავ ზღვაში.
უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს ხელმძღვანელი რუსტემ უმეროვი ამავე დღეს, 28 აგვისტოს, თურქეთს სტუმრობდა ამ თემისა და ორმხრივი თავდაცვის თანამშრომლობის განსახილველად, გამოაცხადა უმეროვმა Facebook-ზე.
თურქეთი მიესალმა უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებულ დისკუსიებს და განაცხადა, რომ ხელს შეუწყობს ნებისმიერ ინიციატივას, რომელიც უკრაინაში მდგრადი მშვიდობის უზრუნველყოფას ისახავს მიზნად.
თურქეთმა ადრე განაცხადა, რომ შეუძლია განიხილოს ადგილზე სამშვიდობო ინიციატივებში ჩართვა, თუ კონკრეტული პირობები და ჩარჩო დადგინდება, თუმცა ღიად არაფერზე აუღია ვალდებულება.