უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ მშვიდობის მისაღწევად საჭიროა უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებების უმაღლეს დონეზე გამართვა და რომ ის მზად არის ამისთვის.
თავისი ყოველდღიური ვიდეომიმართვა კი მან სუმისა და დნეპრის ოლქებში დაბომბვის შემდეგ მიმდინარე სამაშველო სამუშაოებზე საუბრით დაიწყო:
"ახლა, სუმის ოლქში, შოსტკაში, რუსეთის მიერ დაბმობვის შემდეგ მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები. დიდი სამუშაო შესრულდა დღეს პავლოჰრადში, დნეპრის ოლქში და სხვა ქალაქებსა და თემებში, რომლებიც დაიბომბა.
დნეპრის ოლქში, მაშველები ეხმარებიან დაჭრილებს "ისკანდერის" რაკეტით დარტყმის შედეგად, ველიკოოლეკსანდრივკაში. სამწუხაროდ, დარტყმამ იმსხვერპლა სიცოცხლეებიც".
ზელენსკიმ ხაზი გაუსვა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სინქრონიზაციისა და ევროკავშირის მიერ დაწესებულ ახალ სასანქციო პაკეტთან ევროპის სხვა ქვეყნების მიერთების მნიშვნელობას.
უკრაინის პრეზიდენტმა ახსენა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან მიღწეული შეთანხმებები, "რომლებიც რაც შეიძლება მალე უნდა შესრულდეს":
"უკრაინა მზად არის მაქსიმალური პროდუქტიულობისთვის. ეს მოიცავს აშშ-სთან ჩვენს შეთანხმებებს საჰაერო თავდაცვაზე და შეიარაღებაზე ახალ შეთანხმებას".
ზელენსკი ელოდება ახალი კონტრაქტების ხელმოწერას შემდეგ კვირაში.
შაბათის ვიდეომიმართვაში მან აღნიშნა, რომ ესაუბრა ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივან რუსტემ უმეროვს - "საბჭოს შემადგენლობა განახლდა. უკვე ვამზადებთ პირველ გადაწყვეტილებებს ახალი შემადგენლობით, სანქციების ჩათვლით. ეს გადაწყვეტილებები მალე იქნება".
რაც შეეხება რუსეთთან მოლაპარაკებებსა და კომუნიკაციას:
"ტყვეების გაცვლაზე რუსეთის მხარესთან დიალოგი გრძელდება - ვაგრძელებთ სტამბოლში გამართულ შეხვედრაზე მიღწეული შეთანხმებების შესრულებას. ჩვენი გუნდი ახლა მორიგ გაცვლაზე მუშაობს".
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, რუსტემ უმეროვმა მას მოახსენა, რომ "რუსეთის მხარეს შესთავაზა მორიგი შეხვედრის გამართვა შემდეგ კვირაში. მოლაპარაკებების ტემპი უნდა გაიზარდოს. ყველაფერი უნდა გაკეთდეს ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად. რუსეთის მხარემ უნდა შეწყვიტოს გადაწყვეტილებების მიღებისგან თავის არიდება. ტყვეების გაცვლა. ბავშვების დაბრუნება. მკვლელობების დასრულება. მშვიდობის რეალურად მისაღწევად საჭიროა შეხვედრა ლიდერების დონეზე. უკრაინა მზად არის ასეთი შეხვედრისთვის" - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ვიდეომიმართვის დასასრულ მან დღევანდელ დაჯილდოებებზე თქვა, მათ შორის რუსეთის მიერ მოკლული ორი ბერდიანსკელი ბიჭის დაჯილდოებაზე:
"მოვაწერე ხელი განკარგულებას ორი ბერდიანსკელი ბიჭის უკრაინის უმაღლესი ჯილდოთი -“თავისუფლების ორდენით” დაჯილდოების შესახებ - ჩვენი ბერდიანსკიდან, რომელიც ახლა დროებით ოკუპირებულია რუსეთის მიერ. ტიჰრან ოჰანისიანი და მიკიტა ხანჰანოვი. ისინი მხოლოდ 16 წლისანი იყვნენ. მათ არასდროს უღალატეს უკრაინას და თავისუფლებას ისე აფასებდნენ, რომ ბევრისთვის იქცნენ თავისუფლების სიმბოლოებად. ისინი მოკლეს და რუსებმა მათი გვამებიც კი არასდროს დაუბრუნეს ოჯახებს. მარადიული ხსოვნა იყოს! უკრაინა ნამდვილად დაიცავს თავის დამოუკიდებლობას”.