უკრაინის პრეზიდენტი 18 დეკემბერს ნატოს გენერალურ მდივან მარკ რუტეს ხვდება. ბრიუსელში ვიზიტისას ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპელ ლიდერებსაც შეხვდება.
რუსეთის მზარდი აგრესიის ფონზე, კიევი ქვეყნის თავდაცვის გაძლიერებას ცდილობს. ბრიუსელში ვიზიტის წინ ზელენსკიმ კიდევ ერთხელ ისაუბრა უკრაინის სამხედრო დახმარების აუცილებლობაზე, ყველაზე მეტად კი ხაზი საჰაერო თავდაცვის სისტემების საჭიროებას გაუსვა.
"ყველაფერი უნდა ვიღონოთ, რათა რაც შეიძლება შორ მანძილზე გავანადგუროთ რუსეთის მიერ ომის წარმოების შესაძლებლობები, - განაცხადა ზელენსკიმ. მისი თქმით, „ამისთვის უკრაინას ესაჭიროება "მეტი დრონი, უფრო თანამედროვე არტილერია და შორი რადიუსის რაკეტები".
ევროპაში დღეს მიმდინარე მოლაპარაკებებიდან თითქმის ერთ თვეში, შეერთებულ შტატებს ახალი პრეზიდენტი ეყოლება. დონალდ ტრამპი თეთრ სახლს 20 იანვარს დაიკავებს, რაც ზოგიერთი შეფასებით, ბუნდოვანს ხდის ვაშინგტონის მხრიდან უკრაინის ფართო და ხანგრძლივი მხარდაჭერის ბედს. მას შემდეგ, რაც 2022 წლის თებერვალში რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და იქ სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო, პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინას ყველაზე დიდ სამხედრო დახმარებას უწევდა.
ევროპის სხვა ლიდერებთან ერთად, ზელენსკი ხვდება გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს; პოლონეთის პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკს; იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონის; დანიის პრემიერ-მინისტრ მატე ფრედრიკსენს; ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ანტონიო კოსტასა და ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლეიენს.
ვითარება ფრონტის ხაზის გასწვრივ
მოლაპარაკებების დაწყების წინ, ღამით რუსეთმა უკრაინაზე საჰაერო თავდასხმების მორიგი სერია განახორციელა.
ჩერკასის ოლქის გუბერნატორმა, იჰორ ტაბურეცმა დღეს "ტელეგრამზე" განაცხადა, რომ უკრაინის თავდაცვამ რუსეთის მიერ გაშვებული 13 დრონი ჩამოაგდო. ტაბურეცის თქმით, მის ოლქში ინფრასტრუქტურა არ დაზიანებულა.
ხმელნიცკის ოლქის გუბერნატორმა სერჰი ტიურინმაც მსგავსი განცხადება გააკეთა. მისი თქმით, უკრაინის საჰაერო თავდაცვამ ოლქში რუსეთის ორი დრონი ჩამოაგდო.
რუსეთის ტერიტორიაზე უკრაინული დრონების ჩამოგდებაზე იტყობინება რუსეთის თავდაცვის სამინისტროც. ოფიციალური განცხადების მიხედვით, რუსეთმა ორი დრონი ბელგოროდის ოლქში გაანეიტრალა და კიდევ ორი ბრიანსკისა და კურსკის ოლქებში.
რუსი გენერლის მკვლელობის კვალზე
რუსულ მედიაში 18 დეკემბერს გავრცელებული ცნობების მიხედვით, რუსეთმა დააკავა გენერალ-ლეიტენანტ იგორ კირილოვის მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირი.
კირილოვი რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ბირთვული, ბიოლოგიური და ქიმიური თავდაცვის ძალების უფროსი იყო.
ხელისუფლება იუწყება, რომ ეჭვმიტანილი უზბეკეთის მოქალაქეა. გამოძიების ვარაუდით, ის მოსკოვში გენერალზე თავდასხმის მოწყობის მიზნით, უკრაინის სადაზვერვო სამსახურებმა დაიქირავეს.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ოფიციალურმა პირმა 17 დეკემბერს განაცხადა, რომ თავდასხმის უკან მათი სამსახური დგას, კირილოვს კი მან "ომის დამნაშავე და სრულიად ლეგიტიმური სამიზნე" უწოდა.
54 წლის კირილოვს დასავლეთის ბევრ ქვეყანაში, მათ შორის ბრიტანეთსა და კანადაში სანქციები ჰქონდა დაწესებული. სანქციები უკავშირდებოდა გენერალ-ლეიტენანტის როლს მოსკოვის მიერ უკრაინაში წარმოებულ თითქმის სამწლიან ომში.