ზელენსკი: რუსეთის გაზის ტრანზიტის შეწყვეტა მარცხია მოსკოვისთვის

2 days ago 3

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 1 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინაზე გამავალი, მნიშვნელოვანი გაზსადენით რუსეთის ბუნებრივი აირის ევროპისთვის მიწოდების შეწყვეტა დიდი მარცხია რუსეთის პრეზიდენტისთვის, ვლადიმირ პუტინისთვის.

როცა პუტინი 25 წელზე მეტი დროის წინ რუსეთის პრეზიდენტი გახდა, უკრაინის გავლით ევროპისთვის მიწოდებული ბუნებრივი აირის მოცულობა ყოველწლიურად შეადგენდა 130 მილიარდ კუბურ მეტრზე მეტს - წერს ზელენსკი პლატფორმაზე X. ახლა ეს მონაცემი ნულია.

"ეს არის მოსკოვის ერთ-ერთი უდიდესი მარცხი. რუსეთის მხრიდან ენერგიის იარაღად გამოყენებისა და პარტნიორების ცინიკური შანტაჟის შედეგად, მოსკოვმა დაკარგა ერთ-ერთი ყველაზე შემოსავლიანი და გეოგრაფიულად ხელმისაწვდომი ბაზარი" - წერს უკრაინის პრეზიდენტი.

ზელენსკის სიტყვების ფონია რუსეთის სახელმწიფო კომპანიის, "გაზპრომის" მიერ გაკეთებული განცხადება, რომ მან შეწყვიტა ევროპისთვის გაზის მიწოდება ამ გაზსადენით - მას შემდეგ, რაც კიევმა უარი განაცხადა განეახლებინა სატრანზიტო კონტრაქტი, რომელიც გაფორმდა 2022 წელს, მოსკოვის მხრიდან უკრაინაში სრულმასშტაბიან სამხედრო შეჭრამდე.

გაზის ტრანზიტის შეწყვეტა უკრაინისთვის ნიშნავს ტრანზიტის საფასურის - წელიწადში 800 მილიონი დოლარის - დაკარგვას. "გაზპრომი" კი გაზის გაყიდვებში 5 მილიარდამდე დოლარს დაკარგავს.

ზელენსკის თქმით, ევროპის ქვეყნების უმრავლესობა ცვლილებებს მოერგო, თუმცა უკრაინამ და მისმა მოკავშირეებმა "მოლდოვას მხარი უნდა დაუჭირონ ენერგიის ტრანსფორმაციის პერიოდში". მოლდოვა ჯერ კიდევ ნაწილობრივ დამოკიდებულია რუსეთის გაზზე.

ზელენსკიმ ასევე გამოთქვა იმედი, რომ აშშ გააძლიერებს გაზის მიწოდებას ევროპისთვის და დასძინა, რომ არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, უკვე ახსენა ეს შესაძლებლობა.

"რაც უფრო მეტი გაზი იქნება ბაზრებზე ხელმისაწვდომი ევროპის ჭეშმარიტი პარტნიორებისგან, მით უფრო მალე აღმოიფხვრება ევროპის რუსეთზე დამოკიდებულების უკანასკნელი შედეგები" - ამბობს ზელენსკი.

გაზის ტრანზიტის დასრულება "გაზპრომმა" 1 იანვარს ტელეგრამით გამოაცხადა - რაც მოსალოდნელი იყო მას მერე, რაც უკრაინამ რამდენჯერმე განაცხადა, რომ არ აპირებდა კონტრაქტის გახანგრძლივებას. ვარაუდობენ, რომ ევროპელი მომხმარებლების უმეტესობისთვის ეს არ გამოიწვევს მნიშვნელოვან და მყისიერ პრობლემებს, რადგან ბევრი ქვეყანა უკვე წლებია მიმართავს ძალისხმევას რუსეთის გაზზე დამოკიდებულების შესამცირებლად.

სლოვაკეთი, უნგრეთი, ავსტრია და ბალკანეთის რამდენიმე სახელმწიფო კვლავაც იყენებდნენ რუსეთის გაზს, რომელიც იქ უკრაინის გავლით ჩადიოდა - თუმცა უფრო მცირე მოცულობით.

სრულად წაკითხვა