WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

ოლექსანდრივკის მიმართულებით შეტევისას - დნეპროპეტროვსკის, დონეცკისა და ზაპოროჟიეს ოლქების შესაყარზე - უკრაინის ჯარებმა იანვრიდან აგვისტომდე უკან დაიბრუნეს 26 დასახლებული პუნქტი, რომლებიც ადრე რუსეთს ჰქონდა დაკავებული. როგორც უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაწერა სოცქსელებში, ამის შესახებ მას სამხედრო სარდლობამ აცნობა.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ამ ოპერაციის დროს 745 კვადრატული კილომეტრის ფართობი გათავისუფლდა და სავარაუდოდ, რუსეთის მინიმუმ 9500 ჯარისკაცი დაიღუპა, ასევე აიყვანეს ტყვეები. „ჩვენი ეს შეტევითი ოპერაცია ზუსტად ისე განხორციელდა, როგორც დაგეგმილი იყო“, დაწერა ზელენსკიმ. მას არ დაუკონკრეტებია, გრძელდება თუ არა ოპერაცია. ანგარიში წარადგინეს უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა მიხაილო დრაპატიმ, გენერალური შტაბის უფროსმა იჰორ სკიბიუკმა და სადესანტო-საიერიშო ჯარების მეთაურმა ოლეჰ აპოსტოლმა.

პოკროვსკის სამხრეთ-დასავლეთით, სამი რეგიონის შესაყარზე, უკრაინის ჯარების იერიშის შესახებ უკანასკნელი თვეების განმავლობაში ვრცელდებოდა ინფორმაცია. იქ უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმატებებს რუსული ომის მომხრე არხებიც აღიარებდნენ, თუმცა მის ტაქტიკურ ხასიათზე აკეთებდნენ აქცენტს. ფრონტის სხვა მონაკვეთებზე მხარეთა პოზიციები ან უცვლელი რჩებოდა, ან საქმე ეხებოდა რუსეთის ჯარების წინსვლას, რომლებმაც ბოლო თვეებში კონტროლი დააწესეს კოსტიანტინოვკის ნაწილზე, გარკვეულ წინსვლას მიაღწიეს სლავიანსკისკენ და დაიკავეს რამდენიმე დასახლებული პუნქტი სუმისა და ხარკოვის ოლქების სასაზღვრო ზონაში.

დასავლელი ანალიტიკოსები აღნიშნავენ რუსეთის ჯარების წინსვლის ტემპის შენელებას 2026 წლის განმავლობაში.

უკრაინულმა ანალიტიკურმა პროექტმა DeepState-მა, რომელსაც დიდი ხანია, არ აუსახავს უკრაინის შეიარაღებული ძალების წინსვლა თავის რუკებზე, 12 აგვისტოს საღამოს, ზელენსკის განცხადების შემდეგ, შეცვალა ისინი და იუწყებოდა 19, ძირითადად მცირე ზომის, დასახლებული პუნქტის უკრაინის კონტროლის ქვეშ გადასვლის შესახებ.

ამრიგად, ამ სექტორში მყოფი რუსეთის ჯარებმა კვლავ დაიხიეს დონეცკის ოლქის საზღვრებს მიღმა.

რუსეთის სამხედროებს ჯერ არ გაუკეთებიათ კომენტარი უკრაინული მხარის მტკიცებებზე. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა არაერთხელ განაცხადა, რომ რუსეთის ჯარები „ყველა ფრონტზე“ მიიწევენ წინ. ფრონტის ხაზის ზუსტი ადგილმდებარეობის დამოუკიდებლად დადგენა შეუძლებელია.